ბს-1149-1096(კს-09) 3 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ც. მ-შვილი
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი _ ა. გ-ია
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 4 მარტს ც. მ-შვილის წარმომადგენელმა _ ა. გ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით ც. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნაზე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2007 წლის 18 ივნისის დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ¹14 ბრძანება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 24 აგვისტოს ბრძანება, 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹01/11-6318 ინდივიდუალური ამინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აღსასრულებლად მიქცევის 2007 წლის 25 მაისის ¹01/11-3279/1001/მ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ც. მ-შვილის წარმომადგენელმა _ ა. გ-იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2009 წლის 24 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს, ც. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ც. მ-შვილს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.’’
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა საქმეში მონაწილე არც ერთი მხარის მიერ.
2009 წლის 30 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებულ იქნა განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში, მათ შორის სარეზოლუციო ნაწილში, დაშვებული იყო უსწორობანი. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაცვლად მიეთითა ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება’’, რაც წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას _ კომპიუტერზე ტექსტის აკრეფის შედეგად დაშვებულ მექანიკურ უსწორობას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული შეცდომა მექანიკური ხასიათის იყო და დაადგინა, გასწორებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაში, მათ შორის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უზუსტობა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში, მათ შორის სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება’’ შეიცვალა სიტყვებით _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განჩინება გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკულ შეცდომათა გასწორების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. მ-შვილის წარმომადგენელმა _ ა. გ-იამ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა არაუფლებამოსილმა სასამართლო შემადგენლობამ. აღნიშნული სასამართლო შემადგენლობის არც ერთ წევრს საკითხის განხილვისას არ ეწერა საქმის მასალები. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტს.
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში არასწორად იქნა მითითებული დავის საგანი, მაშინ როცა მხარის მიერ დაყენებული დავის საგანი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ¹14 ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 24 აგვისტოს ¹397 ბრძანების, ამავე სააგენტოს 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹01/11-6318 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 25 მაისის ¹01/11-3279/1001/მ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა.
ც. მ-შვილის წარმომადგენელმა _ ა. გ-იამ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს საქმის განხილვის თაობაზე აცნობოს მხარეებს. სასამართლომ არ შეასრულა კანონით აღნიშნული მოთხოვნა და ისე განიხილა საქმე, რომ მხარეებისთვის არ შეუტყობინებია აღნიშნულის შესახებ, რაც კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე მიუთითებს.
მხარემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის მომენტი, რომ გადაწყვეტილებაში უსწორობათა გასწორება შეუძლია სასამართლოს მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების დამთავრებამდე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. გ-იამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ც. მ-შვილის კერძო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის წესს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით, ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში უსწორობის შეტანის საკითხის განხილვისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორებათა შეტანის საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმის სასამართლო სხდომაზე, ზეპირი მოსმენით განხილვას.
გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანისათვის რაიმე ვადები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილებაში უსწორობათა გასწორება შეუძლია სასამართლოს მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების დამთავრებამდე. ამგვარ დათქმას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი არ შეიცავს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილებაში უზუსტობისა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ განჩინება მიღებულია არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო. განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოა. უსწორობათა გასწორების შესახებ განჩინება მიღებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ერთ-ერთი შემადგენლობის მიერ, ვინაიდან აღნიშნული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს იგივე შემადგენლობა აღარ იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ სააპელაციო სასამართლო განიხილავდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების მოთხოვნებს ც. მ-შვილის სარჩელთან დაკავშირებით. საქმის განხილვისას სასამართლო სხდომებზე მონაწილეობას იღებდა აპელანტი, ც. მ-შვილის წარმომადგენელი, ა. გ-ია, რომელიც ასევე თავად ესწრებოდა 2009 წლის 24 აპრილის გადაწყევეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლო არ შეხებია ც. მ-შვილის სარჩელთან დაკავშირებით აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეს და სასამართლომ გააუქმა არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, არამედ სხვა გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2009 წლის 24 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე ც. მ-შვილის სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც დასტურდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების შინაარსით.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსწორობა გაასწორა არა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, არამედ მთელ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და უდავოდ დადგენილად თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელიც წარმოადგენს კომპიუტერზე ტექსტის აკრეფის შედეგად დაშვებულ მექანიკურ შეცდომას.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ც. მ-შვილის წარმომადგენლის _ ა. გ-იას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება მიღებულია საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. მ-შვილის წარმომადგენლის _ ა. გ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.