ბს-1152-1114(კს-08) 20 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “...” კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
21.08.06წ. შპს “…” დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ შპს “…” თანხის დაკისრების ნაწილში ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 10.01.03წ. კამერალური შემოწმების აქტის, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 24.11.05წ. ¹122 საგადასახადო მოთხოვნის, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ამავე ინსპექციის 14.12.05წ. ¹122 შეტყობინებისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 13.12.05წ. ¹122 შეტყობინების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 21.02.06წ. გადაეცა ფოთის საგადასახადო ინსპექციის 22.11.05წ. ¹122 საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 13.12.05წ. ¹122 და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 14.12.05წ. შეტყობინებები. კანონით დადგენილ ვადაში შესაგებელით მიმართა ფოთის საგადასახადო ინსპექციას. 13.06.06წ. გადაეცა ფოთის საგადასახადო ინსპექციის პასუხი შესაგებელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელის აზრით, უსაფუძვლოდ დაეკისრა 7564.95 ლარის ძირითადი თანხისა და 8320 ლარის საურავის გადახდა. დაუსაბუთებელია საგადასახადო მოთხოვნის საფუძვლად მიჩნეული 10.01.03წ. კამერალური შემოწმების აქტი. აქტში არ არის მითითებული შესამოწმებელი ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი. არ შექმნილა პურის საცხობის ფართის ამზომველი ჯგუფი, გადასახადის დარიცხვის შესახებ არ უცნობებიათ გადასახადის გადამხდელისათვის და აქტს ხელს არ აწერს საწარმოს წარმომადგენელი. მოსარჩელის განცხადებით, შპს “...” საცხობმა იმუშავა მხოლოდ 2002 წლის თებერვალში, რის შემდეგაც შეწყვიტა მუშაობა და ფუნქციონირება მხოლოდ 2003 წლის მარტში განაახლა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.01.07წ. განჩინებით შპს “...” სარჩელი მიჩნეული იქნა დასაშვებად.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.04.07წ. განჩინებით შპს “...” სარჩელი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და საქმის წარმოება შეწყდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ “შპს “...” შესაგებლის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 28.02.06წ. ¹142 ბრძანება შპს “...” 13.03.06წ. გადაეცა, ხოლო სარჩელი სასამართლოს ერთი თვის გასვლის შემდეგ წარედგინა.
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.04.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...”. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 28.02.06წ. ¹142 ბრძანებით სრულყოფილად არ განემარტა ბრძანების გასაჩივრების წესი. მასში მიეთითა, რომ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საგადასახადო კოდექსის VIII თავით დადგებილი წესით. გადასახადის გადამხდელს არ მიუთითეს ის ორგანო, რომელშიც შეიძლებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 28.02.06წ. ¹142 ბრძანების გასაჩივრება, ასევე არ განუმარტეს გასაჩივრების ვადა. კერძო საჩივრის ავტორმა ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.04.07წ. განჩინების გაუქმება და სასარჩელო განცხადების დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.07წ. განჩინებით შპს “...” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შპს “...” სარჩელის დასაშვებად ცნობის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.01.07წ. და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.04.07წ. განჩინებები და შპს “...” სარჩელი დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.04.07წ. განჩინებით შპს “...” სარჩელი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და საქმის წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ მხარეს გაცდენილი ჰქონდა “შპს “...” შესაგებლის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 28.02.06წ. ¹142 ბრძანების გასაჩივრების 1 თვიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობა შპს “...” სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა. მოსარჩელე ითხოვდა ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 10.01.03წ. კამერალური შემოწმების აქტის, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 24.11.05წ. ¹122 საგადასახადო მოთხოვნის, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ამავე ინსპექციის 14.12.05წ. ¹122 შეტყობინებისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 13.12.05წ. ¹122 შეტყობინების ბათილად ცნობას. აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის დასაშვებობაზე ფოთის საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “...” სარჩელის დასაშვებად ცნობის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 24.01.07წ. საოქმო განჩინებას ხელს არ აწერდა სხდომის მდივანი, რაც სსკ-ის 289.4 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 04.12.07წ. განჩინებით შპს “...” სარჩელი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.12.07წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 10.01.03წ. კამერალური შემოწმების აქტი შპს “...” თანხის დარიცხვის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 24.12.05წ. ¹122 და 13.12.05წ. შეტყობინებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 10.01.03წ. კამერალური შემოწმების აქტი შპს “...” თანხის დარიცხვის ნაწილში არ შეიცავდა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებს, აქტს ხელს არ აწერდა მეწარმე და საგადასახადო ინსპექციის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა სადავო კამერალური შემოწმების აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. განჩინებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავის საგანს შპს “...” თანხის დაკისრების ნაწილში ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 10.01.03წ. კამერალური შემოწმების აქტის, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 24.11.05წ. ¹122 საგადასახადო მოთხოვნის, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ამავე ინსპექციის 14.12.05წ. ¹122 შეტყობინებისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 13.12.05წ. ¹122 შეტყობინების ბათილად ცნობა შეადგენდა. მოსარჩელე აღიარებდა, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა სადავო აქტების ჩაბარებიდან გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...”.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საგადასახადო ინსპექციას არ წარუდგენია 2005 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეტყობინება და 2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო ინსპექცია ვალდებული იყო გადასახადის გადამხდელისათვის გაეგზავნა შეტყობინება, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად ასახული უნდა ყოფილიყო დარიცხვის საფუძველი და გასაჩივრების წესი. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 28.02.06წ. ¹142 ბრძანება არ არის დასაბუთებული და მასში მითითებული არ არის გასაჩივრების წესი. თუ ვალდებული პირისათვის ჯეროვნად და ოფიციალურად არ არის გაცნობილი საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების უფლება, ვადები და წესი, მაშინ გასაჩივრების ვადის გასვლა უნდა ჩაითვალოს ვადის გაშვებად ადმინისტრაციული(საგადასახადო) ორგანოს მიზეზით და აღდგეს გაშვებული ვადა ანუ არ იქნას დაწყებული გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლა. საგადასახადო ორგანოს მიერ თავისი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დაცული იქნებოდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძო საჩივრის ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.07.08წ. განჩინების გაუქმება და სასარჩელო განცხადების დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს “...” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 24.11.05წ. ¹122 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად დაეკისრა 7 564.95 ლარის ძირითადი გადასახადი, ხოლო 8217.07 ლარის საურავი. ამავე ინსპექციის 13.12.05წ. ¹122 საგადასახადო შეტყობინებით გადასახადის გადამხდელს ეცნობა 15 885.15 ლარის საგადასახადო ვალდებულების საფუძველზე საწარმოს ქონების მიმართ სახელმწიფოს სასარგებლოდ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის 14.12.05წ. ¹122 საგადასახადო შეტყობინებით შპს “...” ეცნობა, რომ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად საწარმოს ქონებას ყადაღა დაედებოდა ქონების შემდგომი რეალიზაციის მიზნით. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა დარიცხულ გადასახადს და ზემოაღნიშნული აქტები გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით ფოთის საგადასახადო ინსპექციაში. საგადასახადო კოდექსის 149.3 მუხლის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობას უთანაბრდება ისეთი შესაგებლის წარდგენა, რომელშიც მითითებული არ არის დავის გაგრძელების ფორმა. შპს “...” შესაგებელში აღნიშნული იქნა, რომ დავის გაგრძელების შემთხვევაში დავის ფორმად ირჩევს სასამართლოს (ს.ფ. 59). საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 28.02.06წ. ¹142 ბრძანებით შპს “...” შესაგებელი არ დაკმაყოფილდა. სასარჩელო განცხადების თანახმად, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 28.02.06წ. ¹142 ბრძანება შპს “...” გადაეცა 13.03.06წ., ხოლო სარჩელი სასამართლოს მხოლოდ 21.08.06წ. წარედგინა. საგადასახადო კოდექსის 155.1 მუხლის განსახილველი სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის/მისი მოადგილის ბრძანების გასაჩივრება დაიშვებოდა ამ ბრძანებისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილ ვადაში ბრძანების გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში საგადასახადო მოთხოვნა აღიარებულად ჩაითვლებოდა და მიექცეოდა აღსასრულებლად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ჩაითვლებოდა გაუქმებულად. განსახილველ შემთხვევასი შპს “...” სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რაც სასარჩელო განცხადების დაუშვებლად ცნობის საფუძველს ქმნის. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შპს “...” მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტით არ განემარტა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების წესი, რაც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის საფუძველია. საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის 28.02.06წ. ¹142 ბრძანებით შპს “...” მიეთითა ბრძანების გასაჩივრების შესახებ, კერძოდ, ბრძანებაში აღინიშნა, რომ მისი გასაჩივრება შეიძლებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით(ს.ფ. 20).
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის შესაბამისადაა მიღებული განჩინება შპს “...” სასარჩელო განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “...” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დაეჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.08წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.