Facebook Twitter
ბს-1153-1100(კს-09) 24 ნოემბერი, 2009 წელი

ბს-1153-1100(კს-09) 24 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ს. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თბილისის ისანი-სამგორის გამგეობა

მესამე პირი _ ქ. თბილისის მერია

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 2 თებერვალს ს. გ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თბილისის ისანი-სამგორის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33.2 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ... ¹3-ში მდებარე ¹19 ბინისა და მომიჯნავე ფართის მის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 1-10; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ. თბილისის მერია (იხ. ს.ფ. 68-69; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ს. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 200-204; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-ძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, ასევე აპელანტმა იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება (იხ. ს.ფ. 217-228; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით ს. გ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მოცემული დავა არ განეკუთვნებოდა სოციალური დაცვის საკითხს. ს. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. ს.ფ. 3-5; ტ.II).

2009 წლის 6 ივლისს ს. გ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ არის პენსიონერი, მისი შვილი არის II ჯგუფის ინვალიდი და ქონებრივი მდგომარეობის გამო ვერ შესძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. ს.ფ. 9-11; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით ს. გ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ არ იქნა გაზიარებული იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა სსსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველს და აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 19-21; ტ.II).

2009 წლის 17 ივლისს ს. გ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იმავე საფუძვლით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება (იხ. ს.ფ. 37-38; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებით ს. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 368.5 მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. ს.ფ. 28-30; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. გ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, არ გაიზიარა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და არ გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, რადგან არის მარტოხელა დედა, პენსიონერი, მისი ერთადერთი შვილი იმყოფება აღრიცხვაზე ფსიქიატრიულ კლინიკაში და სჭირდება მკურნალობა.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის მასალებზე დაყრდნობით უნდა გაეზიარებინა მისი შუამდგომლობა (იხ. ს.ფ. 61-63; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაიცო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზაირებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეების წარმოების წესს განსაზღვრავს საპროცესო კანონმდებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

სსსკ-ის 38-ე მუხლის «ვ» პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე მხარეს ევალება სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს, მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით და ამა თუ იმ გარემოებების არსებობისას, სახელმწიფო ბაჟის რიგ შემთხვევაში წინასწარ, რიგ შემთხვევაში საერთოდ გადაუხდელობამ არ დააბრკოლოს მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და მას არ წაერთვას უფლების პროცესუალური საშუალებით დაცვის შესაძლებლობა.

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 29 ივნისისა და 7 ივლისის განჩინებებით არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მოცემული დავა არ განეკუთვნებოდა სოციალური დაცვის საკითხს, ასევე სააპელაციო სასამართლომ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და მითითებული გარემოებები არ მიიჩნია სსსკ-ის 47.1 მუხლით იმპერატიულად განსაზღვრულ გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად, რადგან მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს საპროცესო უფლებამოსილებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის საპროცესო ვალდებულებისაგან გაათავისუფლოს მხარე მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც იგი სასამართლოს დაუსაბუთებს გადახდისუუნარობის ფაქტს და წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს აღნიშნულის დასადასტურებლად. სხვა პირობებში სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობით გაავრცელოს მხარის მიმართ სსსკ-ის 47.1 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა აპელანტის შუამდგომლობა, სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს განუსაზღვრა დამატებითი ვადა ხარვეზის შესავსებად. აპელანტმა ხარვეზი კვალვ არ შეავსო და იმავე მოტივით მოითხოვა ბაჟისაგან გათავისუფლება, რის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვა 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.