ბს-1187-1149(კს-08) 28 იანვარი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის შემომტანი პირი – მ. ნ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გენერალური პროკურატურა
დავის საგანი –საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ნ-ემ 2007 წლის აგვისტოში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. -ის განცხადება სარჩელზე ნაწილობრივ უარის თქმისა და სარჩელზე საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა. მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე არ დაკმაყფოილდა უსაფუძვლობის გამო.
მ. ნ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილბაზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა მ. ნ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წანამძღვრების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მ. ნ-ეს დაევალა კერძო საჩივრისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი სათანადო ასლების დართვით; მასვე დაევალა ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოედგინა კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორ მ. ნ-ეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
მ. ნ-ემ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი 2008 წლის 24 დეკემბრის განცხადებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მ. ნ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში.
მ. ნ-ემ 2009 წლის 20 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მას არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მ. ნ-ის მიერ წარმოდგენილია სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გორის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ¹2145 ცნობა მ. ნ-ის 2008 წლის 25 ივლისს დარეგისტრირების თაობაზე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში საიდენტიფიკაციო კოდით 100135310857. ამ ცნობით არ ირკვევა, იღებს თუ არა მ. ნ-ე საარსებო შემწეობას. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორ მ. ნ-ის მიერ მითითებული გარემოება, ვერ გახდება მისი სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინადან მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ვინაიდან მ. ნ-ემ კერძო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად იქნეს დატოვებული მ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.