¹ბს-1176-1138 (კს-08) 25 თებერვალი, 2009წ
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ნ. ლ-ე», ქალაქ თბილისის მერია
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2000 წლის აპრილში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის, მესამე პირი შპს «ნ. ლ-ის» მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 1992 წლის 11 მაისის .¹693 განკარგულების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 4 აგვისტოს ¹16.30.353 დადგენილების ბათილად ცნობა, შპს ,,ნ. ლ-ეზე” გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაუქმება და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა.
მესამე პირის – შპს ,,ნ. ლ-ის” გენერალურმა დირექტორმა ნ. ლ-ემ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, ქ. თბილისის სატყეო მეურნეობის და შპს ,,თ-ას” მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისაგან სოლიდარულად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი ზიანისათვის 256334 ლარის ოდენობით.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე თბილისის მერიის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო; დაკმაყოფილდა მესამე პირის – შპს ,,ნ. ლ-ის” დამოუკიდებელი სარჩელი და პირველ მოპასუხეს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს გადახდა მის სასარგებლოდ 256334 ლარი და მის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ხარჯები – 1200 ლარი; საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯების გადახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სასარგებლოდ 2003 წლის 7 მარტის ¹12 ანგარიშ-მოთხოვნის შესაბამისად 550 ლარი და 2003 წლის 30 სექტემბრის ¹975/15 ანგარიშ-მოთხოვნის შესაბამისად 350 ლარი; მასვე გადახდა ადვოკატ ხ. გ-ის სასარგებლოდ 2002 წლის 2 ოქტომბერს ¹103 ორდერის საფუძველზე შპს ,,ნ. ლ-ის” ინტერესების დასაცავად განხორციელებული მომსახურების ასანაზღაურებლად 2563 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,ნ. ლ-ემ” და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით შპს ,,ნ. ლ-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის (საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის მიმართ), ქ. თბილისის მერიის 1992 წლის 11 მაისის ¹693 განკარგულების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის ¹16.30.353 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, საქმის წარმოება შეწდა დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ.თბილისის მერიის 1992 წლის 11 მაისის ¹693 განკარგულების და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის ¹16.30.353 დადგენილების არსებობის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 1999 წლის აპრილში, მან კი აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2000 წლის 11 აპრილს, ანუ 11 თვის შემდეგ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამოქმედდა 2000 წლის 1 იანვარს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2000 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მოსარჩელეს უკვე გაშვებული ჰქონდა ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი 6 თვიანი ვადა იმავე კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად (იმ დროს მოქმედი რედაქციით). სააპელაციო სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიღებამდე მოქმედებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIV თავი, რომლის 361-ე მუხლის მიხედვითაც ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი იყო 1 თვიანი ვადა. ამ ვადის დენა იწყებოდა იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრის უფლება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სატყეო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივარში მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის სხდომის შესახებ სატყეო დეპარტამენტს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით სასამართლო სხდომის დაწყებამდე ორი საათით ადრე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-76-ე მუხლებით დადგენილ წესს. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არაუფლებამოსილ პირს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით სხდომის თაობაზე.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სატყეო დეპარტამენტმა ვერ განახორციელა თავისი ინტერების დაცვა სასამართლო პროცესზე, რის შედეგადაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება სატყეო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინება სადავოდ გახადა ერთის მხრივ იმ საფუძვლით, რომ იგი სასამართლო სხდომაზე არ იყო მიწვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-76-ე მუხლით დადგენილ წესით და მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიუღებლობის გამო ვერ დაიცვა თავისი ინტერესები, რის შედეგადაც სააპელაციო პალატამ გამოიტანა განჩინება მისი მოთხოვნის დაუშვებლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევით, ვინაიდან ს.ფ. 274-ზე წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2008 წლის 11 თებერვალს გაცემული ¹... რწმუნება, რომლითაც იურისტ მ. ხ-ს მიენიჭა უფლებამოსილება შპს ,,ნ. ლ-ის” საქმეზე მონაწილეობა მიეღო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის სახელით; ამ რწმუნების მოქმდების ვადა განისაზღვრა 6 თვით. ს.ფ. 324-ზე წარმოდგენილი 2008 წლის 26 ივნისის ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ აქტით ირკვევა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელს, იურისტს მ. ხ-ს ტელეფონით აცნობეს სააპელაციო პალატის 2008 წლის 2 ივლისს 15 საათსა და 30 წუთზე სააპელაციო სასამართლოს სხდომის ჩატარების შესახებ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშებით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნტის თანახმად ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში _ ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის 2008 წლის 2 ივლისის სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს 2000 წლის 1 იანვარს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების 6 თვიანი ვადა.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტმა სარჩელით მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 1992 წლის 11 მაისის ¹693 განკარგულების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 4 აგვისტოს ¹16.30.353 დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მერიის 1992 წლის 11 მაისის ¹693 განკარგულებით დაკმაყოფილდა გაერთიანება ,,ს-ის” მექანიზაციის სპეციალიზირებული ტრესტის და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქფონდთან არსებული ნ. ლ-ის შემოქმედებითი საწარმოო სახელოსნოს თხოვნა და გამოეყო მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად შემდეგში აუქციონის წესით გაყიდვის უფლებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფხვნილოვანი მეტალურგიის ინსტიტუტს შორის (ტ.1, ს.ფ. 10); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 4 აგვისტოს ¹16.30.353 დადგენილებით კი შპს ,,ნ. ლ-ეს”, როგორც სამართალმემკვიდრეს, გადაუფორმდა ქ. თბილისის მერიის 1992 წლის 11 ივნისის ¹698 განკარგულებით გაერთიანება «ს-ის» მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქფონდთან არსებული ნ. ლ-ის შემოქმედებითი საწარმოო სახელოსნოსათვის დამაგრებული მიწის ნაკვეთი (ტ.1, ს.ფ. 11).
შპს «ნ. ლ-ის» საკუთრების უფლება ქ. თბილისში, .... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 1999 წლის 10 თებერვალს ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშუნლების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ამ უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტს ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 4 აგვისტოს ¹16.30.353 დადგენილება და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 1993 წლის 7 სექტემბრის ¹452 ბრძანებით დამტკიცებული გენგეგმა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შეადგენს სამ წელს.
მოსარჩელე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტისათვის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის 1992 ლის 11 მაისის ¹693 განკარგულებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 4 აგვისტოს ¹16.30.353 დადგენილების შესახებ ცნობილი გახდა 1999 წლის აპრილში; ამ აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით კი მან სარჩელი აღძრა 2000 წლის 11 აპრილს, ანუ 11 თვის შემდეგ.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის სარჩელის დასაშვებობის საკითხის მსჯელობისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშუნლების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი და არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რადგან მოცემული დავის საგნის არსიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა შეემოწმებინა მოსარჩელემ დაიცვა თუ არა სარჩელის სასამართლოში აღძვრის ხანდაზმულობის არა 6 თვიანი, არამედ სამ წლიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს, რის გამოც მოცემული საქმე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის კერძო საჩივარი;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.