Facebook Twitter

ბს-1186-1133(კს-09) 23 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ლ-ოვა

მოწინააღმდეგე მხარე – მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირი _ მ. ქ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.07.09წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ლ-ოვამ 07.09.06წ. მცხეთის რაიონის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს. ნ. ლ-ოვამ მცხეთის რაიონის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 29.08.06წ. ოქმის, 29.08.06წ. მიწერილობისა და 13.09.06წ. ¹346 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 24.04.09წ. განჩინებით მ. ქ-შვილი საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 08.05.09წ. გადაწყვეტილებით ნ. ლ-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ოვამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.09წ. განჩინებით ნ. ლ-ოვას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე და 369-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით უნდა გაასაჩივრონ კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში, აღნიშნული ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. ლ-ოვას წარმომადგენელს ბ. ბ-შვილს 08.06.09წ. გაეგზავნა მცხეთის რაიონული სასამართლოს 08.05.09წ. გადაწყვეტილების ასლი, რომელიც ჩაბარდა ნ. ლ-ოვას წარმომადგენლის მეუღლეს – ნ. თ-იას. გადაწყვეტილების ასლის 10.06.09წ. ჩაბარება დადასტურებული იყო საფოსტო გზავნილზე ნ. ლ-ოვას წარმომადგენლის ბ. ბ-შვილის მეუღლის ხელმოწერით. ნ. ლ-ოვასთვის ვადის დენა დაიწყო 11.06.09წ.-დან და დამთავრდა 24.06.09წ. 24 საათზე. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი 29.06.09წ. შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ლ-ოვას მიერ დარღვეულ იქნა სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.07.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ლ-ოვამ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 08.05.09წ. გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა მისი წარმომადგენლის - ბ. ბ-შვილის მეუღლეს და არა თავად წარმომადგენელს. ნ. ლ-ოვას პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ მის წარმომადგენელთან ურთიერთობა არ ჰქონია და შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლი მას არ ჩაბარებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ოვას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამავე კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 08.05.09წ. გადაწყვეტილების ასლი 08.06.09წ. გაეგზავნა ნ. ლ-ოვას წარმომადგენელს - ბ. ბ-შვილს (I ტ. ს.ფ. 158) და 10.06.09წ. ჩაბარდა ნ. ლ-ოვას წარმომადგენლის მეუღლეს – ნ. თ-იას (I ტ. ს.ფ. 162). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის თანახმად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ლ-ოვას წარმომადგენლის მეუღლისთვის 10.06.09წ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 08.05.09წ. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებით, ნ. ლ-ოვას გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 11.06.09წ და დასრულდა 24.06.09წ. 24 საათზე. ნ. ლ-ოვას მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 29.06.09წ., რითაც დაირღვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ლ-ოვას მიერ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით არის შეტანილი სააპელაციო საჩივარი, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და არ დაიშვება მისი გაგრძელება (აღდგენა). ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 20.07.09წ. განჩინება კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ლ-ოვას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.09წ. განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ლ-ოვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.09წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.