ბს-1199-1145(კს-09) 3 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. დ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 6 აპრილს მოსარჩელე მ. დ-შვილმა, სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 2008 წლის 10 დეკემბერს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიიღო დადგენილება ¹00000507, რომლითაც მ. დ-შვილი დააჯარიმა უნებართვო მშენებლობისათვის 10000 ლარით, აგრეთვე მიწერილობის შეუსრულებლობისათვის 3000 ლარით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დადგენილების მიღების სამართლებრივი საფუძველი იყო 2008 წლის 6 აგვისტოს მიწერილობა ¹00000507 და 2008 წლის 18 სექტემბრის შემოწმების აქტი ¹00000507. მოსარჩელის განმარტებით სამივე დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მიღებული იყო კანონდარღვევით, მათი მიღებისას არ იყო გათვალისწინებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ამიტომ მოხდა 2009 წლის 20 იანვარს მათი გასაჩივრება ქ. თბილისის მერთან. ქ. თბილისის მერიამ ზეპირი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი და მერის 2009 წლის 23 თებერვლის ¹155 განკარგულებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დატოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 10 დეკემბრის ¹00000507 დადგენილება, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თბილისის მერის 2009 წლის 23 თებერვლის ¹155 განკარგულების, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 6 აგვისტოს მიწერილობის, 2008 წლის 18 სექტემბრის შემოწმების აქტისა და 2008 წლის 10 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 6 აგვისტოს ¹00000507 მიწერილობისა და 2008 წლის 18 სექტემბრის ¹00000507 შემოწმების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მ. დ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით მ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.
თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. დ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2009 წლის 11 ივლისს და არა 2009 წლის 11 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 14 ივლისს, საფოსტო გზავნილში კი შეცდომით დაფიქსირებული იყო 2009 წლის 11 ივნისი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ არ იყო დარღვეული სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მ. დ-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. დ-შვილის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის დაწყებას ცალსახად უკავშირებს მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს.
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების ასლი პირადად ჩაბარდა მ. დ-შვილს 2009 წლის 11 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა 2009 წლის 14 ივლისს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიის ბეჭდით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ე.ი. მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 12 ივნისს და დამთავრდა 2009 წლის 26 ივნისს 24 საათზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. დ-შვილმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეიტანა 2009 წლის 14 ივლისს, ანუ 14-დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. დ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. დ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.