Facebook Twitter

¹ბს-1213-1175(კს-08) 14 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ზ. თ-ე, ხ. თ-ე, ბ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბათუმის მერია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.09.08წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

17.03.08წ. გადაწყვეტილებით ზ. თ-ის, ხ. თ-ის და ბ. თ-ის სასარჩელო განცხადება ქ. ბათუმის მერიის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი, აპელანტებს მიეცათ 10 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.09.08წ. განჩინებით ზ. თ-ის, ხ. თ-ის და ბ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად. ზ. თ-ეს დაუბრუნდა 13.08.08წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 794.15 ლარი. სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოასწორეს საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, 13.08.08წ-ს, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. თ-ემ, ხ. თ-ემ და ბ. თ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ხარვეზის შესახებ სასამართლოს განჩინება 04.08.08წ. და არა 02.08.08წ. ჩაჰბარდათ. აღნიშნული დასტურდებოდა შპს ,,.....” ადმინისტრატორის 22.09.08წ. ცნობით. ხარვეზის გამოსწრების შესახებ მათი განცხადება ფოსტას 13.08.08წ., ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაეცა. შესაბამისად, არ არსებობდა მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორები თვლიან, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ტერიტორიაზე მითითებულ პერიოდში არსებული საომარი მდგომარეობა და საპატიოდ ჩაუთვალოს ვადის გაცდენა, თუკი მათ მიერ გაშვებული იქნა ხარვეზით დადგენილი ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. თ-ის, ხ. თ-ის და ბ. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.08წ. განჩინებით აპელანტებს ზ. თ-ეს, ხ. თ-ეს და ბ. თ-Eს განესაზღვრათ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან, ხოლო ამავე სასამართლოს 03.09.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზი აპელანტების მიერ გამოსწორებული იქნა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება დადგენილ ვადაში აპელანტების მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის ფაქტი. საქმის მასალებში დაცული «გზავნილების ჩაბარების შესახებ» შეტყობინების ბარათის თანახმად, ზ. თ-ეს განჩინება ჩაბარებული აქვს 02.08.08წ., ხოლო ამავე დასტურზე, ფოსტის ბეჭედზე მითითებულია 04.08.08წ. კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი ფოსტის 22.09.08წ. ცნობის თანახმად, შპს «....» საკურიერო სამსახურისაგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ზ. თ-ემ ჩაიბარა 04.08.08წ.-ს, ქ. ბათუმში, .... ქ. ¹40, ბ. ¹13-ში, ხოლო დასტურზე დაფიქსირებული თარიღი კურიერის მიერ ბინაზე დატოვებული შეტყობინების დროა, ვინაიდან პიროვნება არ იმყოფებოდა სახლში(ს.ფ. 109). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხარვეზი აპელანტებმა 13.08.08წ. გამოასწორეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად საქმეზე დადგენილი უნდა იქნეს ხარვეზის შესახებ სასამართლოს ზ. თ-ის გადაცემის თარიღი. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს «გზავნილების ჩაბარების შესახებ» შეტყობინების ბარათი, შპს «.....» 22.09.08წ. ცნობა, საფოსტო გაზავნილების ჩაბარების სარეგისტრაციო ჟურნალი და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად გადაწყვიტოს ზ. თ-ის, ხ. თ-ის და ბ. თ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. თ-ის, ხ. თ-ის და ბ. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 03.09.08წ. განჩინება და საქმე ზ. თ-ის, ხ. თ-ის და ბ. თ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.