Facebook Twitter

ბს-1222-1184(კს-08) 8 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ვ. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისია

მესამე პირები _ ჯ. ბ-ე, გ. ბ-ე, ხელვაჩაურის ნოტარიუსი თ. შ-ა

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 21 აპრილს ვ. შ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიმართ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის საკუთრების უფლების ¹4183 მოწმობის გ. ბ-ს ნაწილში ბათილად ცნობა, ხელვაჩაურის მუნიციპალალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების ვ. შ-ს ნაწილში ბათილად ცნობა, 2008 წლის 24 მარტის ჩუქების ხელშეკრულების (რეგისტრაციის ¹1-3216) ბათილად ცნობა, ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება მოითხოვა ვ. შ-ს 1955 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. შ-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის საკუთრების უფლების ¹4183 მოწმობა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის საკუთრების უფლების გადაწყვეტილება გ. ბ-ის ნაწილში; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება ვ. შ-ს ნაწილში; 2008 წლის 24 მარტის ჩუქების ხელშეკრულება (რეგისტრაციის ¹1-3216); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება, მიეღო გადაწყვეტილება ვ. შ-ს 1955 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ბ-მ, ჯ. ბ-მ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ვ. შ-მ და აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომლითაც 1955 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ვ. შ-ის საკუთრების უფლება იქნებოდა აღიარებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრები არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრები არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, ხოლო გ. ბ-ს, ჯ. ბ-ა და ვ. შ-ს არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და მხარეებს ხარვეზის გამოსასწორებლად 10 დღის ვადა დაუწესა. ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2008 წლის 18 აგვისტოს ვ. შ-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის ქვითარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გ. და ჯ. ბ-ს სააპელაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ვ. შ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ განჩინება ვ. შ-სა და მის წარმომადგენლებს _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ეს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ვ. შ-ის განკუთვნილი გზავნილი მის წარმომადგენელს _ თ. ჭ-ეს ჩაჰბარდა 2008 წლის 4 აგვისტოს. ხარვეზი შევსებული უნდა ყოფილიყო 2008 წლის 15 აგვისტომდე, მხარემ კი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება თანდართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით ფოსტას ჩააბარა დაგვიანებით 2008 წლის 18 აგვისტოს, რაც, სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზი არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდა კანონით დადგენილი, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც გამოტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩებოდა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, აღნიშნული წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. შ-ემ.

კერძო საჩივრში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივლისის განჩინება, სასამართლოს განმარტებით, ვ. შ-ის წარმომადგენელს _ თ. ჭ-ეს ჩაჰბარდა 2008 წლის 4 აგვისტოს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა ამოეწურათ 15 აგვისტოს. თუმცა, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენლებს ჩაჰბარდათ 2008 წლის 13 აგვისტოს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა იწურებოდა 2008 წლის 23 აგვისტოს. 2008 წლის 18 აგვისტოს აპელანტის წარმომადგენლებმა სასამართლოს წარმოუდგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და განცხადებით მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. აღნიშნული განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი საფოსტო განყოფილებას ჩააბარეს 2008 წლის 18 აგვისტოს, შესაბამისად, ხარვეზი შევსებულ იქნა 5 დღით ადრე.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იმ პერიოდისათვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებულ იქნა საომარი მდგომარეობა და ითხოვს, საპატიოდ ჩაეთვალოს, თუკი მის მიერ გაშვებულ იქნა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ვ. შ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 8 იანვარს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ვ. შ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 25 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ ვ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში და სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი. აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და აპელანტს ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა _ 10 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივლისის განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენლებს _ თ. ჭ-სა და რ. ბ-ეს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ვ. შ-ის განკუთვნილი გზავნილი მის წარმომადგენელს _ თ. ჭ-ეს ჩაჰბარდა 2008 წლის 4 აგვისტოს. ხარვეზი შევსებული უნდა ყოფილიყო 2008 წლის 15 აგვისტომდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითართან ერთად ფოსტას ჩაჰბარდა დაგვიანებით 2008 წლის 18 აგვისტოს (ს.ფ. 29).

აპელანტი კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესავსებად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივლისის განჩინების ასლი მას ჩაჰბარდა 13 აგვისტოს, თუმცა, საქმის მასალებით, კერძოდ, საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გზავნილი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინების ასლი) აპელანტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2008 წლის 4 აგვისტოს (ს.ფ. 15).

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას ხარვეზის შევსებისთვის დანიშნული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა იმ ტერიტორიაზე, სადაც საპროცესო მოქმედება უნდა შესრულებულიყო და მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რა დამაბრკოლებელი გარემოება შეექმნა უშუალოდ მას. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. შ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.