ბს-1230-1174(კს-09) 29 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ი. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
დავის საგანი _ განჩინებაში უსწორობის გასწორება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 3 ივლისს ი. გ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა აჭარის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო პუნქტში სიტყვის «მიეცეს» დამატება და სარეფორმო კომისიის დავალდებულება ი. გ-ძისათვის ნორმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ (იხ. ს.ფ. 2; ტ.IV).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინებით ი. გ-ძის განცხადება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 260-ე მუხლით, დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ მისი განხილვა შედიოდა სხვა უწყების კომპეტენციაში. შესაბამისად, სასამართლოს დავა არსებითად არ განუხილავს და ვერც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალებდა ი. გ-ძისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიცემას. სასამართლომ სსსკ-ის 273.1 მუხლის შესაბამისად, მიუთითა რომელი ორგანოსათვის უნდა მიემართა განმცხადებელს.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა განჩინებაში შესწორების შეტანის შესახებ და მიუთითა, რომ სსსკ-ის 260.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილებაში შეასწოროს აშკარა არითმეტიკული ან ტექნიკური უსწორობანი, ხოლო ი. გ-ძის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა გადაწყვეტილებაში დაშვებულ ტექნიკურ უსწორობას (იხ. ს.ფ. 17-19; ტ.IV).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. გ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მთავრობის ხელმძღვანელების წერილობითი პასუხებით განემარტა, რომ მიწის რეფორმის განხორციელების შედეგად მიიღებდა ნორმით გათვალისწინებულ მიწის სამოსახლო ნაკვეთს, მაგრამ რეფორმის ჩატარების მიუხედავად, დღემდე ვერ მიიღო ნორმით გათვალისწინებული მიწა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მიერ განემარტა, რომ მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ არ იყო აღნიშნული არც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინებასა და არც სააღსრულებო ფურცელში (იხ. ს.ფ. 26; ტ.IV).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 260-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებას. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, შესწორებას ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილების შესრულებისას დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობა და არა გადაწყვეტილებაში არსებითი ხასიათის ცვლილების შეტანა. ი. გ-ძის მოთხოვნა კი, ფაქტობრივად, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას გულისხმობს, რადგან სასამართლოს 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინებით განიხილა ი. გ-ძის სააპელაციო საჩივარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ და სასამართლოს განჩინებით ი. გ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმეზე სამართალწარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედიოდა. ამავე გადაწყვეტილებით, აპელანტს განემარტა, რომ სადავო საკითხზე მიემართა ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიისათვის, ხოლო კახაბრის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა კანონით დადგენილი წესით განეხილა ი. გ-ძის განცხადება საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. ამდენად, სასამართლოს არ დაუდგენია ი. გ-ძისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საკითხის განხილვა კანონით დადგენილი წესით, რასაც შესაძლოა, მოჰყოლოდა საკითხის როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად გადაწყვეტა. ანუ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემოქმედა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლოს განჩინებაში შესწორების შეტანა იმ სახით, რომ კახაბრის თემის საკრებულოს დაევალოს ი. გ-ძისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, ფაქტობრივად, ახალი გადაწყვეტილების გამოტანას გულისხმობს, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის ფარგლებს სცილდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კახაბრის თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ დადგინდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ამდენად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ნოემბრის განჩინების შესრულების ვალდებულება სსსკ-ის 92.2 მუხლის შესაბამისად, ეკისრება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელმაც მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უნდა განიხილოს ი. გ-ძის განცხადება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ და კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეაფასოს მოთხოვნის საფუძვლიანობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინება.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს სსსკ-ის 38-ე მუხლის «თ» პუნქტისა და 39.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინება; კერძო საჩივრის ავტორს _ ი. გ-ძეს დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.