ბს-1241-1185(2კს-09) 5 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები: 1. ა. ხ-იანი,
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ უფლებამონაცვლის დადგენა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 3 ივნისს ა. ხ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1971-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში ,,ან-2”, ,,იაკ-40”, ,,ტუ-154” ტიპის თვითმფრინავებზე ხომალდის მეთაურად. ა. ხ-იანს ჰქონდა 31 წლის მუშაობის საერთო სტაჟი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აწარმოებდა საჰაერო გადაზიდვებს, რისთვისაც დაჯილდოებული იყო მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის”. 1996-2000 წლებში მუშაობდა ა/კ ,,...”. 2000 წელს სმენის გაუარესების გამო ცნობილ იქნა სპეციალობით სამუშაოს შესრულების უვარგისად. თბილისის ისანი-სამგორის სარაიონთაშორისო საექსპერტო კომისიის 2002 წლის 11 თებერვლის ¹25 დასკვნით დაუდგინდა შრომის უნარიანობის დაკარგვა 60%-ით და ცნობილ იქნა შრომის III ჯგუფის ინვალიდად. 2002 წლის 19 თებერვალს ა. ხ-იანმა განცხადებით მიმართა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას პროფესიულ დაავადებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო.
მოსარჩელის განმარტებით, მუშაობის ბოლო სამი თვის პერიოდში მისი სპეციალობის ,,ბოინგ-737” ტიპის თვითმფრინავის მეთაურის საშუალო გამომუშავების თანხა შეადგენდა 1668 ლარს. ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების II თავის მე-11 მუხლის საფუძველზე მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, სამედიცინო დასკვნით დადგენილი ვადით _ მუდმივად. მოსარჩელის განმარტებით, მას უნდა ანაზღაურებოდა ბოლო 3 თვის ფაქტობრივად ნამუშევარი და მიღებული ხელფასის 60%, რაც 1008 ლარს შეადგენდა. ამასთან, ზემოხსენებული ბრძანებულების 52-ე მუხლის შესაბამისად, მას ასევე უნდა ანაზღაურებოდა ზიანი მიმართვის დღისათვის ორგანიზაციაში არსებული შესაბამისი ხელფასიდან ან გაანგარიშების დღისათვის საბაზრო ფასებზე დაყრდნობით.
2002 წლის 5 აგვისტოს ა. ხ-იანმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოპასუხეებად _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაცების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია და ,,...» დაასახელა. ხსენებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა ბოლო 3 თვის ფაქტობრივად ნამუშევარი და მიღებული ხელფასის 60%-ის ოდენობით თანხის გადახდა, რაც 1008 ლარს შეადგენდა. ამასთან, სარჩელის შეტანიდან საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე ზიანის ანაზღაურება _ 11676 ლარის ოდენობით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ხ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიას და ,,...” ა. ხ-იანის სასარგებლოდ სოლიდარულად ყოველთვიური სარჩოს სახით _ 420 ლარისა და ზიანის სახით _ 5040 ლარის გადახდა დაეკისრათ; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია” მიჩნეულ იქნენ არასათანადო მოპასუხეებად და მათ მიმართ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ხ-იანმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს ,,...” გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ხ-იანმა უარი თქვა მოთხოვნაზე შპს ,,...” მიმართ, ხოლო ამ უკანასკნელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,...” განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და შეწყდა საქმის წარმოება შპს ,,...” სააპელაციო საჩივრის ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ხ-იანის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ხ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიას დაეკისრა ა. ხ-იანის სასარგებლოდ 2002 წლის თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს სახით _ 688 ლარის გადახდა და მასვე დაეკისრა დამატებითი ხარჯის _ შრომისუუნარობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების _ 8256 ლარის გაცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 10 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
2008 წლის 3 ივნისს ა. ხ-იანმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 10 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ნაცვლად, მისი უფლებამონაცვლე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მითითება და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
განცხადების ავტორის განმარტებით, «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 2002 წლის 1 იანვარს ლიკვიდაცია განიცადა საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ, ხოლო «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, შეიქმნა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. ხსენებულ კანონში 2004 წლის 24 ივნისს განხორციელებული ცვლილების გამო, მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის შემდეგ მისი უფლებამონაცვლეობა გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ განცხადებას და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ დასახელებულ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიის უფლებამონაცვლეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ა. ხ-იანის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 10 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ნაცვლად უფლებამონაცვლის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მითითებისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსასრულებელი იყო. ამასთან არ იყო ნათელი, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიის უფლებამონაცვლეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ ნაწილში წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ასევე არ დასტურდებოდა, რომ უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი იყო სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე ა. ხ-იანმა კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით ა. ხ-იანის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულებული იყო, კერძოდ, ა. ხ-იანს აუნაზღაურდა შრომისუუნარობის ნაწილობრივ დაკარგვის გამო, ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების თანხა _ 8256 ლარი და ყოველთვიური თანხა _ 688 ლარი, 2002 წლის თებერვლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებულ დანარჩენ ასანაზღაურებელ თანხაზე უფლებამოსილ სუბიექტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესების შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია. აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. აღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. აღნიშნულ კანონში 2004 წლის 24 ივნისის ¹195-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების თანახმად კი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, მისი უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია საბოლოოდ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით, შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დასრულებამდე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. ხ-იანისათვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. რაც შეეხება შემდეგი პერიოდის ასანაზღაურებელ თანხაზე უფლებამოსილ სუბიექტს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოეკვლია, ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ, ა. ხ-იანისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დანიშნული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს გაცემის ფარგლებში, «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაღაურების წესის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის გათვალისწინებით, ვინ წარმოადგენდა ხსენებული ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
თბილისის სააპლაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებით ა. ხ-იანის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა. ხ-იანისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დანიშნული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს (688 ლარი) გაცემის ნაწილში ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის უფლებამონაცვლედ 2006 წლის 1 ნოემბრიდან 2007 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით დადგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და დადგინდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინების განმარტების საფუძველზე აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია საბოლოოდ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით, შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დასრულებამდე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. ხ-იანისათვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადსახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება 2002 წლის თებერვლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე აღსრულებული იყო, ამდენად, 2006 წლის ნოემბრის თვიდან 2007 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით ა. ხ-იანისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დანიშნული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს (688 ლარი) გაცემის ვალდებულება ეკისრებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებული საწარმოს მუშაკებზე ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე უფლებამოსილ სუბიექტს 2007 წლის 1 მარტამდე წარმოადგენდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ამჟამად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო), რომელსაც 2007 წლის 18 აგვისტოს შემდგომ პერიოდში ყოვეთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულება აღარ გააჩნდა, ამდენად მითითებულ პერიოდში ეს უკანასკნელი არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის უფლებამონაცვლედ.
თბილისის სააპლაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებაზე ა. ხ-იანმა კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სარჩო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დანიშნული ჰქონდა სამისდღეშიოდ და სასამართლოს არ ჰქონდა უფლება არსებითად ემსჯელა თუ რა პერიოდით უნდა ყოფილიყო გადახდილი ხსენებული სარჩო, რომლის გაცემაზე უფლებამოსილ სუბიექტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენდა.
თბილისის სააპლაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომაც წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა უკანონოდ მიიჩნია გასაჩივრებული განჩინება და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის ¹279 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულება. აღნიშნული დებულების თანახმად, სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის ¹1 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნა და «საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულების საფუძველზე შექმნილ იქნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის აადმინისტრაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაეფარა საქართველოს ტრასპორტისა და კომუნკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ, მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანებისა და ამ კატეგორიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხების გადახდა. ამასთან, აღნიშნული ზიანის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების თანახმად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თუ იარსებებდა ზემოაღნიშნული გარემოებები, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იქნებოდა ვალდებული უზრუნველეყო ამ სახის ზიანის ანაზღაურება.
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია, ამდენად, მას სამართალმემკვიდრე, უფლებამონაცვლე პირი არ დარჩენია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის სააღსრულებო ფურცელში მითითებული ყოფილიყო, როგორც საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის უფლებამონაცვლე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებებით ა. ხ-იანისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა ა. ხ-იანისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებაში მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესების შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია. აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. აღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. აღნიშნულ კანონში 2004 წლის 24 ივნისის ¹195-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების თანახმად კი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, მისი უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით 2007 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა «შრომითი მოვალების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება. ამასთან, საქართველოს მთავრობას დაევალა აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად ნორმატიული აქტის მიღების უზრუნველყოფა. აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი «შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდებოდა დანიშნული «ზიანის ანაზღაურების ყოვეთვიური სარჩოს» გაცემის ვალდებულება, ხოლო ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სსიპ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ძველი წესით დანიშნულ სარჩოზე არსებული დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე. «საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულება, რომლითაც შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა «საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ვინაიდან საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია საბოლოოდ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით, შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ფუნქციონირების დასრულებამდე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. ხ-იანისათვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზეც, რომ, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება 2002 წლის თებერვლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე აღსრულებული იყო, 2006 წლის ნოემბრის თვიდან 2007 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით ა. ხ-იანისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დანიშნული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს (688 ლარი) გაცემის ვალდებულება ეკისრებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებული საწარმოს მუშაკებზე ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე უფლებამოსილ სუბიექტს 2007 წლის 1 მარტამდე წარმოადგენდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ამჟამად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო), რომელსაც 2007 წლის 18 აგვისტოს შემდგომ პერიოდში ყოველთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულება აღარ გააჩნდა, მითითებულ პერიოდში ეს უკანასკნელი არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის უფლებამონაცვლედ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 18 აგვისტოს შემდგომ პერიოდში ა. ხ-იანისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დანიშნული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს (688 ლარის) გაცემაზე ვალდებული პირის დადგენის მიზნით კრედიტორს შეუძლია მიმართოს სარჩელით შესაბამის სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ხ-იანისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ-იანისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.