ბს-1251-1195(კს-09) 5 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ შპს ,,...»
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 19 ივნისს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა მასსა და შპს ,,...» შორის დადებული ადმინისტრაციული გარიგების დამტკიცება.
გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა, დამტკიცდა ინსპექციასა და შპს ,,...» შორის 2002 წლის 30 მაისს დადებული ადმინისტრაციული გარიგება, რომლის თანახმად, შპს ,,...» ბიუჯეტიდან დავალიანების დაქვითვის მიზნით ინსპექციას დაუთმო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნები სხვადასხვა მოვალეების მიმართ, საერთო თანხით _ 31 790 ლარი.
2009 წლის 21 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების მოთხოვნით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის განცხადება გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 ივნისის განჩინებაზე, განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,...» და გორის საგადასახადო ინსპექციას შორის დადებული ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 ივნისის განჩინება და მოცემულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...» დირექტორმა დ. გ-შვილმა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2009 წლის 1 ივლისის სასამართლო სხდომის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებიდან, ტელეფონის მეშვეობით. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მისამართზე: ქ. გორი, ... ქ. ¹13, რომელზეც სასამართლოს მიერ გაგზავნილი იქნა უწყება, შპს ,,...» არასოდეს არ გააჩნდა ოფისი და აღნიშნული მისამართი მხოლოდ შპს-ს დაფუძნების დროს იქნა მითითებული. 2002 წლიდან კი შპს ,,...» მიერ შეჩერებულ იქნა ეკონომიკური საქმიანობა.
მხარემ განმარტა, რომ იმ მისამართზე, რომელზეც სასამართლოს მიერ იქნა გაგზავნილი უწყება, დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ მ. ქ-ძე და მისი ქალიშვილი _ ნ. შ-შვილი, რომლებსაც არანაირი კავშირი არა აქვთ განსახილველ საქმესთან. შესაბამისად, მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, მხარე კანონით დადგენილი წესით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლო სხდომის დღის შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შპს ,,...» დირექტორმა, დ. გ-შვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...» კერძო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ შპს ,,...» იურიდიულ მისამართად დასახელებულია ქ. გორი, ... ქ. ¹13. სააპელაციო პალატის სახელზე ელექტრონული ფოსტის შესული მოქალაქე ნ. შ-შვილის გზავნილით (სფ. 57-58) ირკვევა, რომ დასახელებულ მისამართზე შპს ,,...» არ იმყოფება და იქ ცხოვრობს მოქალაქე, რომელსაც არავითარი შემხებლობა არა აქვს აღნიშნულ შპს-სთან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარე ვალდებულია აცნობოს სასამართლოს მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საქმის მასალებში არსებული მტკიცებულების მიხედვით, შპს ,,...» სახელზე გაგზავნილი უწყება მხარის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა ხ. ა-შვილს (სფ. 56), რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა უწყების მიღება და მას უწყების მიღებაზე პრეტენზია არ განუცხადებია, ასევე არ განუმარტავს, რომ შემხებლობა არა აქვს შპს ,,...».
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის 2009 წლის 1 ივლისის სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,...» კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, სააპელაციო პალატის განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,...» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.