ბს-125-120(კს-09) 17 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. ჯ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 22 აპრილს ნ. ჯ.-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹6-ში მდებარე 147 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ჯ.-ის საკუთრებად აღიარების შესახებ (იხ. ს.ფ. 1-11).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე ქ. ბათუმის მერია შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიით (იხ. ს.ფ. 45-47).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით ნ. ჯ.-თვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 82-86).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ.-მა და საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ.
ნ. ჯ.-მა მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 89-99).
საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, კომისიის 2008 წლის 20 თებერვლის ოქმის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში (იხ. ს.ფ. 100-110).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ. ჯ.-ისა და ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 374-ე, 372-ე, 368.5, 71.1 მუხლებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის მითითების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ნ. ჯ.-ს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე _ ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹49-ში და ჩაჰბარდა პირადად 2008 წლის 18 ოქტომბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა იწურებოდა 2008 წლის 23 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული და არც შუამდგომლობით მიუმართავს აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტს ჩაჰბარდა 2008 წლის 8 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2008 წლის 23 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 122-127).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჯ.-მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის განსახივლელად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას ხარვეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ჩაჰბარებია და გზავნილზე არც მას და არც მის ოჯახის წევრებს ხელი არ მოუწერიათ. საქმეში ამგვარი გზავნილის არსებობის პირობებში, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იგი ყალბია და სასამართლოს მიერ ეჭვის შეტანის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს გრაფიკული ექსპერტიზა. აღნიშნული გარემოების დადასტურება შესაძლებელია ვიზუალური დათვალიერებითაც, საქმეში არსებულ სხვა ხელმოწერებთან შედარების შედეგად (იხ. ს.ფ. 133-134).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ჯ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მხარეს _ ნ. ჯ.-ს გაეგზავნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2008 წლის 16 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 120-121), რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომ სასამართლოში. ამდენად, აღნიშნული ნორმა ანიჭებს სასამართლოს უფლებამოსილებას გადაწყვეტილება (განჩინება) გაუგზავნოს მხარეს ან მის წარმომადგენელს და არ ავალდებულებს ორივესათვის განჩინების გაგზავნის ვალდებულებას. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაუგზავნა მხარეს _ ნ. ჯ.-ს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილი არ ჰქონია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დარღვევას, რადგან განჩინება გაიგზავნა მხარის მიერ მითითებულ და სასამართლოსათვის ცნობილ ერთადერთ მისამართზე (ქ. ბათუმი, ...ის ქ. ¹49), სხვა ალტერნატიული მისამართი საქმეში მითითებული არ არის. მით უფრო, კერძო საჩივრის ავტორი ნ. ჯ.-ი თავის საცხოვრებელ მისამართად უთითებს იმავე მისამართს და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ჩაჰბარდა ამავე მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ ნ. ჯ.-ის სახელზე გაგზავნილი, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაჰბარდა ადრესატს, რაც დადასტურებულია გზავნილზე არსებული ხელმოწერით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, მართებულად დატოვა განუხილველად ნ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს შეტყობინების სიყალბესთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მის სისწორებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, რადგან აღნიშნულ მისამართზე ჰბარდება საქმის წარმოების მასალები ადრესატს, ამგვარი ეჭვის შეტანის წინაპირობას არც ხელმოწერების ვიზუალური შედარება ქმნის და არც კასატორს წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.