ბს-1269-1213(კს-09) 18 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინება
დავის საგანი – დამატებითი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 26 ნოემბერს ი/მ ,,ზ. გ-შვილმა» სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹ს/დ-665-ფ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, მის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული 15000 ლარის გაუქმებასა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისათვის დარიცხული საურავების მოხსნას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო ამავე სასამართლოს 2008 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით - შპს ,,...».
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ,,ზ. გ-შვილის» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹ს/დ-665-ფ საგადასახადო მოთხოვნა და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
2008 წლის 1 ოქტომბერს ი/მ ,,ზ. გ-შვილის» წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა» და ,,გ» ქვეპუნქტების საფუძველზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, იმ მოტივით, რომ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება საადვოკატო ხარჯების - 800 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ი/მ ,,ზ. გ-შვილის» ინტერეების დამცველი ადვოკატის დ. ე-ძის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნების გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარმოადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისი, რის გამოც სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებაზე.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ,,ზ. გ-შვილმა».
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და მოწინააღმდგე მხარისათვის საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით ი/მ «ზ. გ-შვილის» ადვოკატის დ. ე-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება და დ. ე-ძის განცხადება განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით ი/მ «ზ. გ-შვილის» ადვოკატის დ. ე-ძის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ი/მ ,,ზ. გ-შვილის» სასარგებლოდ დაეკისრა 650 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნების გამო, რომლის შესახებაც მხარეეებმა წარმოადგენს მტკიცებულებანი და მისცეს ახნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ამ მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლოს ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ მიღებული ხარჯების გადახადა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2000 ლარამდე ოდენობით.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოთხოვნა საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაუყენებია და ბუნებრივია აღნიშნულ მოთხოვნაზე საქალაქო სასამართლო ვერ იმსჯელებდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტლებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 384-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპიდან გამომდინარე დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ი/მ ,,ზ. გ-შვილის» ადვოკატ - დ. ე-ძისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ შეიცავს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შესაბამის ნორმებს, ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა)იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტება, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ)სასამართლომ, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითა გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს მხარის უფლებას, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, სასამართლოსაგან მოითხოვოს პასუხი ისეთ მოთხოვნებზე, რომელიც წარმოადგენდა მსჯელობისა და განხილვის საგანს, მაგრამ სასამართლოს აღნიშნული დარჩა მხედველობის მიღმა და გადაწყვეტილება ამ კონკრეტული საკითხის თაობაზე არ მიუღია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნომრების დარღვევის თაობაზე და თვლის, რომ დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლო მოქმედებდა მხარის მოთხოვნის ფარგლებში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოში ი/მ ,,ზ. გ-შვილის» მიერ წარდგენილ შესაგებელს, რომლის საფუძველზეც მხარე ითხოვდა, მისი მხრიდან საადვოკატო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების აპელანტების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონლაური ცენტრისათვის დაკისრებას.
საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო ხარჯები არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ხარჯით, რომელიც მხარემ გასწია პირველი ინსტანციის სასამრთლოში. უფრო მეტიც, შესაძლოა ასეთი ხარჯი პირველი ინსტანციის სასამართლოში საერთოდ არ იყოს გაწეული, რაც ამ ინსტანციაში მხარეს ართმევს ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას. ხოლო პროცესის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, ზემდგომ ინსტანციებში გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ერთადერთ მექანიზმად რჩება შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, მოხდეს გაწეული ხარჯების პროცესუალური მოწინააღმდეგისათვის დაკისრება.
გამომდინარე იქიდან, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ უარყოფს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებით მოხდა სწორედ ამ სასამართლოში გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოთხვნას და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 261-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.