ბს-1273-1217(კს-09) 11 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი/მ «გ. ბ-ძის» კერძო საჩივარი თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.08.09წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი/მ «გ. ბ-ძის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ბ-ძეს 15.07.09წ. გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. ¹38ა) და 16.07.09წ. ჩაბარდა გ. ბ-ძის შვილს _ ა. ბ-ძეს.
თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.09წ. გადაწყვეტილება 31.07.09წ. სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ «გ. ბ-ძემ», რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.08.09წ. განჩინებით ი/მ «გ. ბ-ძის» სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.09წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ბ-ძეს გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 16.07.09წ. ჩაბარდა შვილს – ა. ბ-ძეს (ოჯახის წევრს), რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იქნა 31.07.09წ. ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.08.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მას არ დაურღვევია სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა, ვინაიდან ა. ბ-ძე არ არის მისი ოჯახის წევრი, მის შვილს თავისი ოჯახი ჰყავს და სხვა მისამართზე ცხოვრობს. გ. ბ-ძემ აღნიშნა, რომ ა. ბ-ძე მასთან იყო სტუმრად მისული იმ დროს, როდესაც იგი ქალაქიდან იყო გასული და ელოდებოდა მეზობელთან, სწორედ ამ დროს ფოსტის თანამშრომელს მიუტანია სასამართლოდან გზავნილი და ა. ბ-ძეს დაუტოვებია დედისთვის გადასაცემად, მაგრამ რადგან გ. ბ-ძე იმ დღეს სახლში არ დაბრუნდა მისმა შვილმა გზავნილი სახლში წაიღო და გ. ბ-ძის რაიონიდან დაბრუნების შემდეგ, 26.07.09წ. გადასცა საფოსტო გზავნილი მას. გ. ბ-ძემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს 31.07.09წ. წარუდგინა და დარწმუნებული იყო რომ სააპელაციო საჩივარი შემოიტანა კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დაცვით. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ა. ბ-ძე მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილია, არ არის მისი ოჯახის წევრი, რადგან იგი ცხოვრობს და რეგისტრირებულია სხვა მისამართზე, რის გამოც გადაწყვეტილების მისი შვილისათვის ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს მისთვის ჩაბარებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ გ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.09წ. გადაწყვეტილება ადრესატის – გ. ბ-ძის შვილს ა. ბ-ძეს 16.07.09წ. ჩაბარდა მხარის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე, რაც დასტურდება გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ადრესატის შვილის ა. ბ-ძის ხელმოწერით (ს.ფ. 295). აღნიშნულს ასევე ადასტურებს ა. ბ-ძის 23.08.09წ. ხელწერილი (ს.ფ. 317), რომლითაც დგინდება, რომ ა. ბ-ძემ ჩაიბარა მისი დედის გ. ბ-ძის სახელზე გაგზავნილი საფოსტო გზავნილი 2009 წლის ივლისში და ადრესატს გადასცა 26 ივლისს. კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს და ადასტურებს, რომ მისმა შვილმა ა. ბ-ძემ ჩაიბარა გ. ბ-ძისათვის განკუთვნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.09წ. გადაწყვეტილების შემცველი საფოსტო გზავნილი ისე, რომ სასამართლოს უწყების ჩამბარებლისათვის არ განუმარტავს, რომ არ იყო სსკ-ის 74-ე მუხლით გათვალიწინებული სუბიექტი და გზავნილის ჩაბარებაზე არაუფლებამოსილი პირი. გზავნილის მიღებით კი ა. ბ-ძეს დაეკისრა სსკ-ის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება სასამართლო უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის. საკასაცაიო პალატა გ. ბ-ძისა და მისი შვილი ა. ბ-ძის პირადობის მოწმობის ასლებში მითითებულ სხვადასხვა მისამართს ვერ მიიჩნევს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ისინი არ არიან ერთი ოჯახის წევრები, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. პირადობის მოწმობაში მითითებული მისამართი არ იძლევა პირის რეგისტრაციის ადგილის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილად მიჩნევის შესაძლებლობას, საცხოვრებელი ადგილი შეიძლება არსებობდეს რეგისტრაციის გარეშეც.
საკაციო პალატამ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თვლის, რომ გ. ბ-ძის კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები, ა. ბ-ძის ხელწერილი და გ. ბ-ძისა და მისი შვილი ა. ბ-ძის პირადობის მოწმობის ასლებში მითითებული სხვადასხვა მისამართი ვერ ადასტურებენ, რომ ა. ბ-ძე არ არის გ. ბ-ძის ოჯახის წევრი, რის გამოც ა. ბ-ძისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.09წ. გადაწყვეტილების ჩაბარება მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლით გათვალისწინებულ ადრესატისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.08.09წ. განჩინებით ი/მ «გ. ბ-ძის» სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი./მ «გ. ბ-ძის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.08.09წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.