ბს-1279-1241(კს-08) 14 იანვარი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-მა 22.02.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ¹05-04/1082 11.02.08წ. გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 27.12.07წ. ¹8036 ბრძანებისა და გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 01.10.07წ. ¹4139 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 08.05.08წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 01.10.07წ. ¹4139 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 27.12.07წ. ¹8036 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.02.08წ. ¹05-04/1082 გადაწყვეტილება; ა. მ-ს ამ აქტების სრულად ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას), კანონმდებლობის საფუძველზე, დაევალა ა. მ-ის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ სადავო პერიოდის დოკუმენტაციის გამოკვლევა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და ამ გარემოებათა შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (აქტების) გამოცემა.
გორის რაიონული სასამართლოს 08.05.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები განსახილველად იქნა მიღებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 08.05.08წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გასაჩივრებული, 08.05.08წ. გადაწყვეტილება 19.05.08წ. ჩაჰბარდა. გასაჩივრების თოთხმეტდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 20.05.08წ. და 02.06.08წ. დასრულდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 04.06.08წ. იქნა შეტანილი, ანუ განჩინების მიღებიდან მე-16 დღეს, რითაც დაირღვა დასახელებული ნორმის მოთხოვნა. ამასთან, ადგილი არ ჰქონია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლოს მსჯელობა არასწორია, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 19.05.08წ. ჩაჰბარდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 02.06.08წ. ჩაჰბარდა, რაც დასტურდება შპს «ს. ფ.»კორესპონდენციის გადაცემის რეესტრის ამონაწერით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ არ არის დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნა. იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ მიეცა საშუალება, წარედგინა აღნიშნული დოკუმენტი და ამდენად, სააპელაციო სასამართლოსთვის განჩინების მიღებისას არ იყო ცნობილი აღნიშნული ფაქტის (დოკუმენტის) შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გორის რაიონული სასამართლოს 08.05.08წ. გადაწყვეტილება 19.05.08წ. გადაეცა (ს.ფ. 118). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე გორის რაიონული სასამართლოს შტამპით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში 04.06.08წ. არის შეტანილი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შპს «ს. ფ.» მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ ¹99 რეესტრით დასტურდება, რომ გზავნილი ფოსტას 02.06.08წ., მხარისათვის გორის რაიონული სასამართლოს 08.05.08წ. გადაწყვეტილების გადაცემიდან მე-14 დღეს ჩაჰბარდა (ტ. 2, ს.ფ. 18).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.08წ. განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან დამატებით შეუძლია გამოითხოვოს 02.06.08წ. პერიოდში, სამინისტროდან გასული კორესპონდენციების ჟურნალი, რომლითაც დადასტურდება გორის რაიონული სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის 02.06.08წ. გაგზავნის ფაქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.08წ. განჩინება;
2. საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.