Facebook Twitter
ბს-1280-1224(კს-უს-09) 2 ნოემბერი, 2009 წელი

ბს-1280-1224(კს-უს-09) 2 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. გ-ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 8 ივლისს გ. გ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლის მითითებით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე 2005 წლის 22 აგვისტოს საჯარო რეესტრში თ. მ-ძის სახელზე დარეგისტრირდა ბინა. სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის განხორციელებისას მიჩნეულ იქნა ბინაზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინა კანონიერ ძალაში შესული 2002 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომლის აღსრულებაც არ მოხდა 7 წლის მანძილზე.

განმცხადებლის მითითებით, მას დაცული აქვს სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, რადგან არქივში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებების და სხვა მასალების ასლები მიიღო 2009 წლის 26 ივნისს, შესაბამისად, არ გაუშვია განცხადების შეტანის ვადა.

განმცხადებლის მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან აუქციონი თ. მ-ძის მიერ გასაჩივრდა გასაჩივრების 6-თვიანი ვადის დარღვევით, 2003 წლის 19 ივნისს. გადაწყვეტილებით აუქციონის ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ აუქციონი ჩატარდა იმ დროს, როდესაც სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შეჩერებული იყო აუქციონი.

განმცხადებლის მითითებით, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა 2002 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით და 2002 წლის 15 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესახებ.

ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების ორი საფუძველი – აუქციონის შედეგების გასაჩივრების ვადის დარღვევა და ის გარემოება, რომ აუქციონი არ ჩატარებულა კანონით დადგენილი წესის დარღვევით (იხ. ს.ფ. 2-4; ტ.I).

2009 წლის 28 ივლისს გ. გ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 198.3 მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ბინის გ. გ-ძის სახელზე გადაფორმება შემდეგი მოტივით:

განმცხადებლის მოსაზრებით, უზრუნველყოფის ღონისძინების გამოყენების წინაპირობას ქმნის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2002 წლის 26 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების, თ. მ-ძის სახელზე ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ბინის რეგისტრაციის შესახებ 2005 წლის 22 აგვისტოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და ბინის გ. გ-ძის სახელზე დარეგისტრირების შესახებ. საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-10 მუხლი, რომელიც ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულობას. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იძლეოდა საფუძველს ბინის გ. გ-ძის სახელზე რეგისტრაციის გაუქმებისა და თ. მ-ძის სახელზე დარეგისტრირების შესახებ. სასამართლოში საქმის განხილვისას, 2004 წლის 21 ივლისს თ. მ-ძემ განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და გ. გ-ძის სახელზე დარეგისტრირებულ ბინაზე ყადაღის დადება, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს განჩინებით.

განმცხადებლის მითითებით, კონრეტულ შემთხვევაში არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რადგან საქმის განხილვის დასრულებამდე ბინა არ გასხვისდეს, რადგან ბინაზე ყადაღის არსებობა არ აბრკოლებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება (იხ. ს.ფ. 32; 45-72; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით გ. გ-ძის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე და განმცხადებელს დაევალა დაეზუსტებინა მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 111; ტ.I).

2009 წლის 6 აგვისტოს გ. გ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ამავე სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების მიზნით.

განმცხადებლის მითითებით, 2009 წლის 28 ივლისს მის მიერ წარდგენილი იყო განცხადება სსსკ-ის 46.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადავადების შესახებ. განცხადებას ერთვოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ოქტომბრის და უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის განჩინებები, სადაც დეტალურად არის აღწერილი, რომ თ. მ-ძე არ დაემორჩილა 2004 წლის 4 მარტს ბინიდან გამოსახლებას და ორჯერ თვითნებურად შევიდა ბინაში, რის გამოც თ. მ-ძის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

განმცხადებლის მითითებით, იგი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ითხოვს საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანას და ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ბინის გ. გ-ძის სახელზე დარეგისტრირებას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ მას დანაშაულით მიადგა ზიანი, რის გამოც სსსკ-ის 46.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას.

განმცხადებლის მითითებით, ხარვეზის დადგენისას სასამართლოს არ უმსჯელია სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების შესახებ (იხ. ს.ფ. 120-123; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ძეს გაუგრძელდა 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა (იხ. ს.ფ. 124-125; ტ.I).

ხარვეზის შევსების მიზნით გ. გ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ს.ფ. 127-135; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191-ე მუხლით და მიუთითა, რომ გ. გ-ძე ითხოვდა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავი ქონების მის სახელზე დარეგისტრირებას, რაც თავისი შინაარსით სცდება სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის ფუნქციას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი (იხ. ს.ფ. 137-138; ტ.I).

2009 წლის 17 აგვისტოს გ. გ-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლის მითითებით, მისი მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ არსებობდა ბინის გასხვისების საშიშროება, რითაც საფრთხე შეექმნებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას (იხ. ს.ფ. 143-144; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ძის საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო (იხ. ს.ფ. 146-147; ტ.I).

2009 წლის 4 და 7 სექტემბერს გ. გ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 46.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება, სსსკ-ის 198.3 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძინების გამოყენება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სსსკ-ის 198.3 მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განმცხადებელმა მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-33-ე მუხლებით ხელმძღვანელობა (იხ. ს.ფ. 169-170; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 368-ე, 74.1, 59.2, 60.2, 61.2, 61.3 მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 აგვისტოს განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2009 წლის 4 სექტემბერი, შესაბამისად, საჩივრის ავტორს ხარვეზი შეეძლო შეევსო ამ ვადის ოცდაოთხ საათამდე, რაც არ განხორციელდა. ასევე, გ. გ-ძის მიერ არ იქნა წარდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იხ. ს.ფ. 180-183; ტ.I).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოსა და 17 სექტემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ძის საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

განმცხადებელი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას სსსკ-ის 46.1 მუხლის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. სსსკ-ის 46.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტი ადგენს ამგვარი ვალდებულებისაგან მოსარჩელის გათავისუფლებას დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 46.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების პროცესუალური წინაპირობა, რადგან მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება ადმინისტრაციულ საქმეზე – თ. მ-ძის სარჩელის გამო თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირის – გ. გ-ძის მონაწილეობით, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო ის გარემოება, რომ განმცხადებლის მოსაზრებით, მის მიერ მითითებული გარემოებების შედეგად დაირღვა მისი უფლებები, არ ქმნის სსსკ-ის 46.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცესუალურ წინაპირობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გ. გ-ძემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი _ არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც სსსკ-ის 1971.1 და 368.5 მუხლების თანახმად, საჩივარი მართებულად ცნო დაუშვებლად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ გ. გ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოსა და 17 სექტემბრის განჩინებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოსა და 17 სექტემბრის განჩინებები; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.