ბს-1291-1235(კს-09) 5 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა. ტ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ გორის უნივერსიტეტი
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 24 აგვისტოს ა. ტ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე _ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა ა. ტ-შვილის გათავისუფლების თაობაზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მოსარჩელის განმარტებით, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2007 წლის 23 ივლისის ¹23 დადგენილების გამოცემისას უფლებამოსილების ფარგლებში არ მოქმედებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 ივლისის ¹23 დადგენილების ბათილად ცნობა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დავალება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაება.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინებით ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ,,გორის უნივერსიტეტი”.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ტ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უფლებამონაცვლე სსიპ ,,გორის უნივერსიტეტი”) აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 ივლისის ¹23 დადგენილება მისგან გამომდინარე შედეგებით; ა. ტ-შვილის სარჩელს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დავალდებულების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,გორის უნივერსიტეტმა” იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ ,,გორის უნივერსიტეტის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ტ-შვილის სარჩელი ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უფლებამონაცვლე სსიპ ,,გორის უნივერსიტეტი”) აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 ივლისის ¹23 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რექტორი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილი იყო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დაედო გარიგებები და შეთანხმებები. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტს წარმოადგენდა რექტორი, რომელიც იმავდროულად აღჭურვილი იყო აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებითაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველად მითითებული გარემოება, კერძოდ ის, რომ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში განსაზღვრული არ იყო უნივერსიტეტის მუშაკის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების უფლების მქონე ორგანო, არ წარმოადგენდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან ამ უკანასკნელს ხელს აწერდა უნივერსიტეტის რექტორი და მხოლოდ ის ფაქტი, რომ აქტი გამოცემული იყო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სახელით, არ შეიძლებოდა ყოფილიყო აქტის გამომცემი სუბიექტის არაუფლებამოსილ ორგანოდ მიჩნევის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ა. ტ-შვილმა განცხადება-შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ა. ტ-შვილის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ტ-შვილმა, რომელმაც ამ განჩინების გაუქმება და 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. ტ-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ა. ტ-შვილის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, შესაბამისად განმარტებას არ საჭიროებს.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს, რომ 262-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თუ სარეზოლუციო ნაწილი განიმარტება ისე როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, ეს გამოიწვევს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც მითითებული მუხლით დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ტ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ტ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.