ბს-1297-1257(კს-08) 22 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. გ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. გ-შვილმა 15.09.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ, რომლითაც 1997 წელს მოპასუხის მიერ ს. ჩ-შვილის სახელზე გაცემული მიწის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა და აღნიშნული მიწის ნაკვეთის მისთვის დაბრუნება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1992 წელს სოფელ იყალთოში განაწილდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. მას შეხვდა 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარებობს ე.წ. «...» და სოფლიდან საკმაოდ შორსაა, რის გამოც მოსარჩელე სისტემატიურად ითხოვდა საკრებულოსგან მისთვის სოფელთან ახლოს, სხვა ადგილის გამოყოფას, ხოლო მის სახელზე აღრიცხული 0,75 ჰა მიწის ნაკვეთის გადასახადს იხდიდა დროულად, რაც დასტურდება საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გაცემული ქვითრებით. 2003 წელს მოსარჩელემ მიმართა მიწათმოწყობის სამსახურს, სადაც აცნობეს, რომ მისი კუთვნილი მიწის ფართი 1997 წელს გადაეცა ს. ჩ-შვილს და მასზე გაიცა საკუთრების მოწმობა. მოსარჩელის მითითებით, მას კუთვნილ მიწაზე საკუთრების უფლება არ მიუტოვებია, როგორც ამას აღნიშნავს მიწის მართვის სამსახური თავის 21.08.03წ. პასუხში. მიწის მართვის სამსახურმა შელახა მისი უფლება, რადგან მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი გადასცა ს. ჩ-შვილს, რისი უფლებაც არ ჰქონდა, რადგან მიწა იყო მის სახელზე აღრიცხული და იგი იხდიდა გადასახადებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული რაიონული და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თელავის რაიონული სასამართლოს 07.12.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა თელავის რაიონის სოფელ იყალთოს საკრებულოს მიერ ს. ჩ-შვილის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღდგენა. მოსარჩელის მიერ რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა და გაცემული ჰქონდა კანონიერი საფუძვლით, საქმეში არ არის წარმოდგენილი (მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის განაწილების სია). საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ს. ჩ-შვილის სახელზე გადაცემის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ვ. გ-შვილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ს.ფ. 5-ზე წარმოდგენილი თელავის რაიონის სოფ. იყალთოს საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით და ს.ფ. 6-9-ზე წარმოდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დასტურდება სადავო ფართის მის საკუთრებაში ყოფნა. საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. ¹327 ბრძანებულების თანახმად, მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მიწის ნაკვეთზე გაიცემოდა შემდეგი პირობების არსებობისას, კერძოდ, პირს უნდა ჰქონოდა: მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის ყრილობაზე (კრებაზე) დამტკიცებული მიწის განაწილების სია, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა დართული მიწის გამოყოფის გეგმა, საგადასახადო სია. აღნიშნული ბრძანების თანახმად, საკუთრების უფლების გადაცემა მიწის ნაკვეთზე უნდა მომხდარიყო არა ავტომატურად, არამედ მსურველის ინიციატივით, რაც ვ. გ-შვილს 1999 წლამდე არ გამოუვლენია. საქმეში არსებული თელავის რაიონის სოფ. იყალთოს საკრებულოს თავმჯდომარის _ ზ. დ-შვილის 02.09.03წ. ¹266 ცნობა და საქმის განხილვის დროს სოფ. იყალთოს საკრებულოს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო სია არ შეიცავს მითითებას მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ და აღნიშნულით არ დასტურდება სადავო ნაკვეთის ვ. გ-შვილის საკუთრებაში გადაცემა. სადავო მიწის ფართის საკუთრებაში ყოფნას არ ადასტურებს აგრეთვე მიწის გადასახადის დამადასტურებელი ქვითრები, რითაც არ დასტურდება, სახელდობრ, სადავო ნაკვეთზე გადასახადის გადახდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ვ. გ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
თელავის რაიონული სასამართლოს 07.12.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. გ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.08წ. განჩინებით გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 07.12.06წ. გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა სამართალწარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ს. ჩ-შვილის სახელზე გაცემული მიწის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის დაბრუნება. მოსარჩელის მიერ, სადავო მიწის საკუთრების მოწმობა წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმე განხილულ იქნა სააპელაციო და რაიონული სასამართლოების მიერ. საქმის განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში, სასამართლოების მიერ არაერთხელ იქნა გამოთხოვილი სადავო დოკუმენტი სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან, მაგრამ უშედეგოდ. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა – ს. ჩ-შვილმა ვერ დაადასტურა, თუ რა წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველს, ანუ გადაეცა იგი მას საკუთრების მოწმობის, გარიგების თუ რაიმე სხვა სამართლებრივი საფუძვლით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტის არარსებობის გამო, სახეზეა სსკ-ის 272-ე მუხლის «ა1» ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევა, რის გამოც სამართალწარმოება საქმეზე შეწყდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. გ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს თელავის რაიონის სოფ. იყალთოში, ე.წ «...», რომელიც პრივატიზაციით გადაეცა მას. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის მესამე პირის _ ს. ჩ-შვილის არაკანონიერ მფლობელობასა და საკუთრებაში, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთის კანონიერი ფლობისა და საკუთრების საფუძველი გააჩნია მას, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – მიწის ნაკვეთის კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებითა და გადასახადის ქვითრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. გ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიერ სადავო მიწაზე საკუთრების მოწმობის წარმოუდგენლობის საფუძვლით, დავის საგნის არარსებობის გამო (სსკ-ის 272-ე მუხლის «ა1» ქვეპუნქტი), საქმეზე სამართალწარმოების შეწყვეტა დაუსაბუთებელია, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს თელავის რაიონის სოფელ იყალთოს საკრებულოს მიერ ს. ჩ-შვილის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და სოფელ იყალთოში, ე.წ. «...» მდებარე 0,75 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღდგენა. სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის გამოყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობა არ წარმოადგენს დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს იმ საბაბით, რომ აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის გამოყოფის არარსებობა გამორიცხავს ნაკვეთზე მოსარჩელის უფლებას და არა მის ინტერესს, რომელიც შესაძლოა მდგომარეობდეს პრივატიზაციის ფონდის ნაკვეთის არამართლზომიერი განკარგვის გაუქმებაში და მომავალში მოსარჩელეზე, როგორც სოფლის მაცხოვრებელზე, ნაკვეთის გამოყოფაში.
ვ. გ-შვლი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა 1992 წელს მიწის რეფორმის შედეგად მისთვის გამოყოფილი 0,75 ჰა მიწის ნაკვეთის დაბრუნებას. მოსარჩელის განმარტებით, 2003 წელს მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცა ს. ჩ-შვილს, მაგრამ სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემაც განხორციელდა ს. ჩ-შვილზე, მის მიერ ვერ იქნა მოძიებული და სასამართლოსათვის წარდგენილი. ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად სასამართლოს დასკვნას დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ წინ არ უძღოდა სასამართლოს მიერ სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების საფუძველზე დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების გამოთხოვა. მოსარჩელის ვ. გ-შვილის მიერ სასამართლოს წარედგინა სანოტარო წესით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტის ასლი (ს.ფ. 291-294), რომლის თანახმად ვ. გ-შვილს სოფ. იყალთოში გადაეცა სახლთან მიმდებარე 0,33 ჰა ნაკვეთი და მიწის ნაკვეთი (ვენახი) მდებარე ... – 0,42 ჰა, სულ 0,75 ჰა. მიწის ნაკვეთი. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით ს. ჩ-შვილის სახელზე, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების ¹884 აქტის საფუძველზე, 27.10.99წ. საკუთრებაში რეგისტრირებულია (¹5504/99) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ნაკვეთის ფართი 1553, 19 კვ.მ შეადგენს (ს.ფ. 315). დავის საგნის არარსებობის საფუძველზე სამართალწარმოების შეწყვეტას უნდა უსწრებდეს ს. ჩ-შვილის სახელზე რეგისტრირებული და ვ. გ-შვილის სახელზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის გარკვევა, სადავო ნაკვეთის მესაკუთრის დადგენა, რაც დავის საგნის დაზუსტების საფუძველს შექმნიდა. საქმეში ჩაბმული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლების მიერ დასტურდება სადავო ნაკვეთის ს. ჩ-შვილისათვის გამოყოფა. ს. ჩ-შვილის განმარტებით მისთვის საკუთრებაში გადაცემული სადავო ნაკვეთი გაყიდულია, საქმეზე არ არის დადგენილი ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრე, მის მიერ ნაკვეთის შეძენის საფუძველი, ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რაც მისცემდა სასამართლოს სადავო ნაკვეთის ს. ჩ-შვილის საკუთრებაში გადაცემის საფუძვლის და მაშასადამე დავის საგნის დადგენის შესაძლებლობას. ამდენად დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა დავის საგნის არარსებობის შესახებ. დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა (სსკ-ის 272-ე მუხლის «ა1» ქვეპუნქტი) მოითხოვდა სასამართლოსაგან სადავო მიწის ნაკვეთის ვინმეს საკუთრებაში გაუცემლობის დადგენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სასამართლოს არ დაუდგენია სადავო ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრე. სადავო ნაკვეთის უკანონო მფლობელობის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სასამართლომ უნდა გაარკვიოს სსკ-ის 281 მუხლის საფუძველზე მოთხოვნის ტრანსფორმირების საკითხის შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც, სასკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. გ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.06.08წ. განჩინება;
2. საქმე ვ. გ-შვილის სააპელაციო საჩივრის განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.