ბს-13-13(2კს-09) 5 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ ქ. ნ-ე, ქ. ბ-ი, ვ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ს.ს “ ... “
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 4 მარტს ქ. ბ-მა, ვ. ბ-მა, თ. ჩ-ამ, რ. ჭ-ამ, კ. ჭ-ამ, ლ. ქ-ამ და სხვებმა (სულ 72) ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო შემნახველი ბანკის საქართველოს ფილიალებში მოსარჩელეთა მიერ ანაბრების სახით შეტანილი თანხის, ფასიანი ქაღალდებისა და ობლიგაციების შესყიდვით წარმოქმნილი დავალიანების _ 10008985 აშშ დოლარის, აგრეთვე დაკისრებული თანხის ყოველწლიური დაურიცხავი პროცენტის ანაზღაურება ანგარიშსწორების დღის გათვალისწინებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 22 აპრილის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური და სს “ ... “, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად _ საქართველოს პრეზიდენტი.
2002 წლის 10 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ..... მეანაბრეთა კრების 2001 წლის 27 სექტემბრის ¹1 კრების ოქმის საფუძველზე, საინიციატოვო კგუფის წარმომადგენლებმა ლ. კ-ემ და ე. გ-ამ, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მეანაბრეთა მიერ ანაბრებზე რიცხული თანხის _ 11 365 894 აშშ დოლარის ანაზღაურება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე თავიანთი სარჩელის წინამდებარე სარჩელთან გაერთიანება მოითხოვეს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 20 მაისის განჩინებით ჯ. ს-ას, ს. ს-ასა და ს. კ-ას სასარჩელო განცხადება, რომლითაც მათ 2001 წლის 8 აგვისტოს მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სს “ ... “, საპაიო კომერციული ბანკის _ “ ... “ მიმართ და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის ¹258 ბრძანებულების, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 2 ივნისის ¹181 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ბრძანებულების ბათილად ცნობა და ანაბრებზე რიცხული თანხების დაბრუნება მოითხოვეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საქმესთან ერთად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას ზემოაღნიშნულ მეანაბრეთა საქმეებთან გასაერთიანებლად.
2002 წლის 17 ივლისს მ. კ-ემ, ლ. რ-ემ, ვ. ლ-ამ, ლ. ლ-ამ, ხ. კ-ემ, ნ. დ-მა, ლ. ჯ-ემ და სხვებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო შემნახველი ბანკის საქართველოს ფილიალებში ანაბრებზე ნაშთის სახით რიცხული თანხისა და ფასიანი ქაღალდებით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 17 ივნისის განჩინებით აღნიშნული სასარჩელო განცხადება გაერთიანდა სასამართლოს წარმოებაში არსებულ მეანაბრეთა საქმესთან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 10 ივნისისა და 24 ივლისის განჩინებებით ადმინისტრაციული საქმე ჯ. ს-ას, ს. კ-ას, ს. ს-ას, ლ. კ-ის, ლ. კ-ისა და სხვათა სასარჩელო განცხადების თაობაზე გაერთიანდა ზემოაღნიშნულ საქმესთან.
მოცემულ საქმეზე რამდენჯერმე დაინიშნა საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზა, 2005 წლის 11 მარტის განჩინებით კი მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება დაიამავე წლის 14 ივლისის განჩინებით, აღნიშნული საქმე განსჯადობის შესაბამისად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარ სხდომაზე მოპასუხეების _ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ჯ. ს-ას, ს. კ-ასა და ს. ს-ას სარჩელზე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მიმართ დავის საგნის არარსებობოს გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ბ-ის, ვ. ბ-ის, თ. ჩ-ას, რ. ჭ-ას, ლ. ქ-ას და სხვების (სულ 49 ფიზიკური პირი) სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბ-მა, ვ. ბ-მა, მ. შ-ემ, თ. გ-ნმა, მ. მ-ემ, მ. ჩ-მა, მ. მ-მა, მ. თ-ემ, ზ. თ-ემ, თ. თ-ემ, ნ. რ-ემ, გ. კ-ამ, გ. კ-მა, ა. ა-ამ, ქ. ნ-ემ, თ. ბ-მა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ქ. ბ-ის, ვ. ბ-ის, ზ. თ-ის, თ. თ-ისა და ქ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბ-ის, ვ. ბ-ს, ზ. თ-ეს, თ. თ-ესა და ქ. ნ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება ჩაჰბარდათ 2008 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს 2008 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 14-დღიანი გასაჩივრების ვადის გაშვებით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. ბ-მა, ვ. ბ-მა და ქ. ნ-ემ და გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა და ვადის აღდგენა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით ქ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ქ. ნ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მათი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 5 თებერვალს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ქ. ნ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ქ. ნ-თვის გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება 2008 წლის 29 ოქტომბერს ჩაჰბარდათ მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს (მე-8ტ, ს.ფ. 365, 367, 370), ხოლო აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 2008 წლის 13 ნოემბერს (მე-8 ტ, ს.ფ. 487).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების _ ქ. ნ-ის, ქ. ბ-ისა და ვ. ბ-ის მოსაზრებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ასლები მათ პირადად არ ჩაბარებიათ და არ ითვლება მათ მიერ ჩაბარებულად, რადგან ჩაჰბარდათ სხვა პირებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ნ-ის, ქ. ბ-ისა და ვ. ბ-თვის გაგზავნილი დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლები ჩაჰბარდათ მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს (მე-8 ტომი, ს.ფ. 365, 367, 370).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას (შეტყობინებას) აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, უწყებას (შეტყობინებას) აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელსაც წარმოეშობა გარკვეული პროცესუალური ვალდებულებები. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პირის მიერ მითითებულ მისამართზე მისი არყოფნის შემთხვევაში ამავე მისამართზე სხვა პირის მიერ უწყების (შეტყობინების) ჩაბარება უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი არის გამოსაძახებელი პირის ოჯახის წევრი. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ამ პირის მიერ უწყების ჩაბარების მომენტიდან მას წარმოეშობა ამ უწყების (შეტყობინების) ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება. ოჯახის წევრისათვის უწყების (შეტყობინების) ჩაბარებაზე ვრცელდება პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარება ნიშნვს მის ჩაბარებას ადრესატისთვის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დასტურდება მიმღები პირის (ოჯახის წევრის) ხელმოწერით და ადრესატთან დამოკიდებულების მითითებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ, თუ დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე და თვლის, რომ ქ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ქ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბ-ის, ვ. ბ-ისა და ქ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.