ბს-1316-1259(კს-09) 15 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ უ. ქ-ავა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ო თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 13 იანვარს უ. ქ-ავამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება ოჯახის წევრებთან თვეში არანაკლებ სამი პაემანის უფლების მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 2-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით უ. ქ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 69-73).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. ქ-ავამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 80-88).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით უ. ქ-ავას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1, 374.1, 59.1, 60.1, 61.3 მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ უ. ქ-ავას საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 4 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2009 წლის 21 ივლისს, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. ს.ფ. 91-93).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა უ. ქ-ავამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ აპელანტი იმყოფებოდა პატიმრობაში, იყო ავად, რის გამოც ვერ შესძლო სააპელაციო საჩივრის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის კანცელარიაში დროულად ჩაბარება, ამასთან, დაემთხვა შაბათი და კვირა.
Aამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საპროცესო ვადის გაშვება საპატიოდ უნდა ჩაითვალოს, ასევე კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ (იხ. ს.ფ. 99; 108).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით უ. ქ-ავას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძო საჩივრის ავტორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა კერძო საჩივარზე განჩინების გამოტანამდე და კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (იხ. ს.ფ. 110-112).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უ. ქ-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, კერძო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება უ. ქ-ავას პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 4 ივლისს (იხ. ს.ფ. 76). შესაბამისად, სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა სსსკ-ის 61.2 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2009 წლის 20 ივლისს, სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2009 წლის 21 ივლისს, აღნიშნული თარიღია თავად აპელანტის მიერ მითითებული სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღად (იხ. ს.ფ. 80-88).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების საპატიოდ ცნობის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, სსსკ-ის 59.4 მუხლი იმპერატიულად ადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩვირების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელებისა და აღდგენის დაუშვებლობას.
Aამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ანიჭებს სასამართლოს საპროცესო უფლებამოსილებას საპატიოდ ცნოს და აღადგინოს გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და არ ითვალისწინებს აღნიშნული დათქმიდან შეღავათს არანაირი გარემოებების არსებობის პირობებში, რის გამოც საკასაციო სასამართლო შეზღუდულია კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას დაემთხვა შაბათ-კვირა, რადგან საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა სსსკ-ის 60.2 შესაბამისად, დაიწყო გადაწყვეტილების ასლის აპელანტისათვის ჩაბარების მეორე დღიდან – 2009 წლის 5 ივლისიდან და საპროცესო მოქმედების შესრულების ბოლო ვადა იყო 2009 წლის 20 ივლისი, ორშაბათი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უ. ქ-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს სსსკ-ის 38-ე მუხლის «თ» პუნქტისა და 39.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უ. ქ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორს _ უ. ქ-ავას დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.