ბს-1318-1261(კს-09) 14 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – გ. ე-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 20 იანვარს გ. ე-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხის _ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 8 დეკემბრის ¹71 ოქმის დღის წესრიგის 22-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების, კერძოდ: ქ. თბილისის საკრებულოს ¹696 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გ. ე-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 8 დეკემბრის ¹71 ოქმის დღის წესრიგის 22-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, ქ. თბილისის საკრებულოს ¹696 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე;
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, იმ Mმოტივით, რომ სისხლის სამართლის ¹... საქმეზე, სამკვიდრო მოწმობის გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული საქმის განხილვა შეუძლებელია ქ. თბილისის პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის ¹... საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქმის წარმოება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარზე ქ. თბილისის პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის ¹... საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ე-ძემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 30 მაისის ¹23 ოქმის დღის წესრიგის მე-11 საკითხის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით მისი, როგორც დაინტერესებული პირის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის, ბაგების, ... ¹15ა-ში, მამამისის _ მ. ე-ძის სახელზე აღრიცხულ სახლთმფლობელობაზე, უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე დარეგისტრირებული 4758 კვ.მ. ფართის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი აღიარებულ იქნა მფლობელის საკუთრებად, რის დასტურადაც მის სახელზე გაიცა ¹696 საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართიდან 1438 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, როგორც 1994 წლამდე, ჯერ კიდევ 1986 წელს მფლობელობაში აღრიცხული, მის საკუთრებაში უსასყიდლოდ იქნა გადაცემული, ხოლო დარჩენილი 3320 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მფლობელობაში ჰქონდა 2003 წლიდან, საკუთრებაში გადაეცა სასყიდლის გადახდის საფუძველზე. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 8 დეკემბრის ¹71 ოქმის 22-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა აღიარებული ამავე კომისიის 2008 წლის 30 მაისის ¹23 ოქმის მე-11 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და გაუქმდა მის სახელზე გაცემული ¹696 საკუთრების უფლების მოწმობა. ამ უკანასკნელი სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მისი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა საქართველოს პროკურატურის 2008 წლის 8 დეკემბრის წერილი. აღნიშნული წერილის თანახმად, სამკვიდრო მოწმობის გაყალბების ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, ამასთან, იკვეთებოდა ისეთი გარემოებები, რომლებიც ცნობილი რომ ყოფილიყო კომისიისათვის გ. ე-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდებოდა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ქ. თბილისის პროკურატურის 2008 წლის 8 დეკემბრის წერილი, როგორც მიმართვის ფორმა არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-59-ე მუხლებით დადგენილ პროკურატურის უფლებამოსილებებში. კანონი პროკურატურას არ აძლევს უფლებას ამგვარი მიწერილობის საფუძველზე კომისიის მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა მოითხოვოს, ხოლო კომისია უფლებამოსილი არ არის პროკურატურის ამგვარი წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნიოს მიწერილობაში მითითებული რაიმე გარემოება და მასზე დააფუძნოს თავისი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კომისიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწვეტილება მისი საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების თაობაზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ასევე არ არსებობს საქმისწარმოების შეჩერებისათვის არანაირი გარემოება. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ საქმეზე არც სამკვიდრო მოწმობის გაყალბების ფაქტი დადგენილა და არც მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელებულა. საქმე აღძრულია კომისიის იურისტისა და სხვა ფიზიკური პირების მიმართ. რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობის გაყალბების ფაქტს, აღნიშნულზე მიუთითებს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ქ. ე-ძის განცხადება, რომლის თანახმად, გ. ე-ძის მხრიდან სამკვიდრო მოწმობის გაყალბებით მოხდა ქ. თბილისის, ბაგების, ... ¹15ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მითვისება. ამდენად, გამოძიება დაწყებულია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვინაიდან სამკვიდრო მოწმობა არ არსებობდა არც მის მიერ კომისიისათვის მიმართვისას და არც დღეისათვის არსებობს. იგი სამკვიდრო მოწმობის აღებას აპირებს ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღაირების შემდეგ. კომისია გ. ე-ძის საკუთრების უფლების აღიარებისას დაეყრდნო ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურიდან მის მიერ წარდგენილ მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზს, სადაც 1994 წლამდე 1478 კვ.მ-ია. აღრიცხული მფლობელობაში, ხოლო 3320 კვ.მ. 2004 წელს. რაც შეეხება მისი, როგორც უფლებამოსილი პირის სტატუსი დადგენილ იქნა განცხადებაზე თანდართული მისი პირადობის მოწმობის, დაბადების მოწმობის, ასევე მამამისის მ. ე-ძის გარდაცვალების მოწმობით, საიდანაც დგინდებოდა მისი სავარაუდო მემკვიდრეობის ფაქტი. ამდენად, კომისიას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა სამკვიდრო მოწმობის გაყალბების და მის საფუძველზე მფლობელობის სავარაუდო არარსებობის მიზეზით გაეუქმებინა მისი უფლების აღაიარების გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქ. ე-ძეს სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, იგი დავობს მხოლოდ 1660 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მის უფლებაზე, რაც არ შეეხება 1478 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელიც 1986 წლიდან აღრიცხული იყო მიხეილ ელბაქიძის მფლობელობაში, ხოლო მასზე არსებულ სახლთმფლობელობაზე არსებობს საბინაო წიგნი, სადაც ქ. ე-ძე არ ფიგურირებს. ამდენად, სასამართლოს 1478 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში არ უნდა შეეჩრებია საქმისწარმოება და არსებითად უნდა გადაეწყვიტა დავა.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ აღნიშნულ საქმეში წარმოდგენილი წერილების მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის კავშირი განსახილველ საქმესთან არ იკვეთება და არ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ სს საქმეზე შესაძლებელი გახდება განაჩენისა თუ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირი დაზარალებულად და სამოქალაქო მოსარჩელედ გამოიკვეთება. ასევე ვერ დგინდება, გ. ე-ძის, ან მისი უფლების მიმართ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, ისეთი სამოქალაქო სამართლებრივი შედეგი დადგეს, რომლითაც ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «გ» ქვქეპუნქტის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულება პრეიუდიციული მტკიცებულების ძალას შეიძენს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭებინა იმ გარემოების გამორკვევისათვის, თუ რამდენად იძლეოდა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ობიექტური მდგომარეობა ადმინისტრაციული დავის შეჩერების საფუძველს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო შედეგის დადგომამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ე-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარზე ქ. თბილისის პროკურატურაში მიმდინარე ¹... სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თბილისის საკრებულოს მიერ გაცემული ¹696 საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმება, ქ. თბილისის, ბაგების ... ¹15ა-ში მდებარე 4758 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ქ. თბილისის პროკურატურაში აღძრული ¹... სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინაროებს აღნიშნულ მისამართზე 4758 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონების კანონიერების დადგენის მიზნით. პალატამ მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეუძლებლად მიიჩნია სარჩელის საგანთან დაკავშირებული დავის სისხლის სამართლის წესით საბოლოოდ განხილვამდე. აღნიშნული მოტივით, საფუძვლიანად მიიჩნია წინამდებარე დავაზე საქმის წარმოების შეჩერება.
როგორც საქმეზე თანდართული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა ქ. თბილისის პროკურატურაში 2008 წლის 1 ივლისს დაიწყო გამოძიება ¹... სისხლის სამართლის საქმეზე სამკვიდრო მოწმობის გაყალბების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის I ნაწილით. წინამდებარე საქმეში წარდგენილი ქ. თბილისის პროკურატურის ¹გ05.03.2009/99 წერილით დგინდება, რომ ¹... სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია როგორც ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის იურიდიული განყოფილების თანამშრომლის, ასევე ფიზიკური პირების მიმართ. რაც შეეხება გ. ე-ძეს, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის (ტ, I, ს.ფ. 113). ასევე ქ. თბილისის პროკურატურის გ24.08.2009/22 წერილით დგინდება, რომ 2008 წლის 4 ნოემბერს საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და საქმე 326-ე მუხლთან ერთად დაკვალიფიცირდა 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გამოსაძიებლად გადაიგზავნა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ქ. თბილისის, ბაგების, ... ¹15ა-ში მდებარე 4758 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონებასთან დაკავშირებით (ტ. III, ს.ფ. 35).
წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება ¹71 სხდომის ოქმის 22-ე საკითხზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 2008 წლის 30 მაისის ¹23 ოქმის მე-11 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება მ. ე-ძის საკუთრების უფლების აღაირებისა და ქ. თბილისის, ბაგების ... ¹15ა-ში მდებარე 4758 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ¹696 მოწმობის გაუქმების თაობაზე. კომისიის მხრიდან სადავო გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის პროკურატურის ¹გ.08.12.2008/14 წერილი და მის მიერ მიჩენულ იქნა, რომ კომისიისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო წერილში აღწერილი გარემოებები მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებით უნდა დადგინდეს როგორც აქტის ფორმალური, ასევე მისი მატერიალური კანონიერება, კერძოდ, კომისიის მიერ სადავო აქტით 2008 წლის 30 მაისის ¹23 ოქმის მე-11 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებისა და მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ¹696 მოწმობის გაუქმება მოხდა თუ არა კანონშესაბამისად. სისხლის სამართლის საქმის განხილვა გულისხმობს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაკანონების კანონიერება. ეს გარემოებები განსახილველი ადმინისტრაციული საქმის მიმართ შემდგომში შეიძენენ პრეიუდიციულ ხასიათს და აღნიშნული დავის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მათი შეფასებით.
კერძო საჩივრის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ე-ძე პრეტენზიას აცხადებს 4758 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ 1660 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 1478 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან მიმართებით არ უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება, უსაფუძვლოა და საკასაციო პალატა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და ქ. თბილისის პროკურატურის წერილებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სრულად შეეხება ადმინისტრაციული საქმის დავის საგნის _ 4758 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონების კანონიერებას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სისხლის სამართლის წესით საქმის განხილვამდე ადმინისტრაციული დავის რაიმე ნაწილში გადაწყვეტის, ან მათი ერთდროულად განხილვის შეუძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული პუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ საქმის წარმოების შეჩერებისას, სწორად იქნა განსაზღვრული კავშირი მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სისხლის სამართლის წესით განიხილება, კერძოდ, ისინი გამომდინარეობენ ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან და მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ყოველივე მითითებულის გათვალისწინებისა და ზემოაღნიშნული ორივე დავის სამართლებრივი საფუძვლების შეფასების შედეგად, საკსაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაჩერა საქმის წარმოება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ე-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.