Facebook Twitter
ბს-1327-1286(კს-08) 4 ივნისი, 2009 წელი

ბს-1327-1286(კს-08) 4 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,...”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.09.08წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ ,,...” 23.03.04წ. რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთის” წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ საწარმოს სახელზე საქართველოს საზღვრის გარედან შემოსული სპირტის საბანკო გარანტიის დატოვებით გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიღებული საქონელი ექვემდებარებოდა საბაჟო რეჟიმში მოქცევას საბანკო გარანტიის დატოვებით. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ ,,...” მიმართა რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს” გადასამუშავებლად შემოსული სპირტის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად. საბაჟო გადასახადი, აქციზი და დამატებითი ღირებულების გადასახადი უნდა დაფარულიყო საბანკო გარანტიის მეშვეობით, თუმცა რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” 15.03.04წ. ¹11-614 წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 13.04.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს” დაევალა მოსარჩელის სახელზე შემოსული სპირტის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევა საბანკო გარანტიის დატოვებით. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 14.04.04წ. განჩინებით ამავე სასამართლოს 13.04.04წ. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურმა საბაჟო ,,აღმოსავლეთმა”. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს 24.09.08წ. საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო საამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 13.04.04წ. გადაწყვეტილება და საპელაციო წარმოება შეწყდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგანი არ არსებობდა, აპელანტი მოითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ სააპელაციო საჩივარი შეეხებოდა აქციზის გადასახადისგან საწარმოს გათავისუფლების დაუშვებლობას. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი იყო მოსარჩელის სახელზე შემოსული სპირტის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევის თაობაზე.

თბილისის საპელაციო სასამართლოს 24.09.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და ითხოვდა მის გაუქმებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის არარსებობის გამო სააპელაციო წარმოების შეწყვეტა უსაფუძვლო იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება დავის საგნის არარსებობის თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,...” ითხოვდა რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს” დავალებოდა მის სახელზე შემოსული სპირტის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევას საბანკო გარანტიის დატოვებით, რაზეც უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ «აქციზის შესახებ» კანონის 128-ე მუხლი აქციზის გადახდევინებაში შეღავათს არ ითვალისწინებდა და საქონლის საბაჟო რეჟიმში ჩაყენებამდე აქციზის თანხა ბიუჯეტში გადახდას ექვემდებარებოდა(ს.ფ. 3-5, 18-19). ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 13.04.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს” დაევალა შპს ,,...”-ის სახელზე შემოსული სპირტის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცევა საბანკო გარანტიის დატოვებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სახელზე შემოტანილი სპირტი გადამუშავების საბაჟო რეჟიმში უნდა მოქცეულიყო ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ აპელანტი მხოლოდ მეწარმის აქციზის გადახდისაგან გათავისუფლების დაუშვებლობაზე უთითებდა და სადავოდ არ ხდიდა საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცევას, არ ადასტურებს დავის საგნის არარსებობას. დავის საგანს სწორედ აქციზის გადასახადის გადახდის გარეშე საქონლის გადამუშავების რეჟიმში ჩაყენება შეადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსკ-ის 272-ე მუხლის «ა1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყევტის საფუძველი და სააპელაციო სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» სააპელაციო საჩივარზე.

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 13.04.04წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო წარმოება შეწყდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ, ერთის მხრივ, დავის საგანის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა და მეორეს მხრივ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება არ ემყარება პროცესუალურ კანონმდებლობას. დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია იმავდროულად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების მიღება, ვინაიდან აღნიშნული ადასტურებს სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვას და გამორიცხავს დავის საგნის არარსებობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.08წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.08წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.