Facebook Twitter

¹ბს-1331-1290(2კს-08) 26 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ზ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 8 ნოემბრის ¹..... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, მოსარჩელე ზ. ი-თვის სასამართლოს გადაწყვეტილების წარსადგენად ვადის დაწესების ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელე ზ. ი-ს უარი ეთქვა მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 8 ნოემბრის ¹.... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე მოსარჩელე ზ. ი-თვის სხვა დოკუმენტების _ ყოფილი ტექინვენტარიზაციის ბიუროდან ცნობისა და საინვენტარიზაციო გეგმის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარსადგენად ვადის დაწესების ნაწილში; მოსარჩელე ზ. ი-ს უარი ეთქვა მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებაზე, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2007 წლის 24 სექტემბერს გაცემული ¹3/965-07 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ქ. თბილისში, ..... დასახლებაში, I ქუჩაზე, ¹4-ში მდებარე უძრავი ნივთის _ 1551 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში მოსარჩელის _ ზ. ი-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ; ზ. ი-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა; ასევე დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ი-მა.

2008 წლის 21 აპრილს ზ. ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა 2007 წლის 15 ნოემბრის სასარჩელო განცხადებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნის თაობაზე, რომელზეც, განმცხადებლის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 მაისის განჩინებით ზ. ი-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ზ. ი-ს უარი ეთქვა მისი სარჩელის გამო, მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

2008 წლის 19 მაისს ზ. ი-მა შენიშვნები წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 მაისის სასამართლო სხდომის ოქმის მიმართ, რომელშიც მიუთითა, რომ ხსენებულ სხდომის ოქმში მისი შუამდგომლობა მოსამართლისა და სხდომის მდივნის აცილების შესახებ შეტანილი იყო არასწორად, რიგ შემთხვევაში კი _ არასრულად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 მაისის განჩინებით არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის _ ზ. ი-ის სარჩელის გამო, მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეზე 2008 წლის 5 მაისს ჩატარებული სხდომის ოქმის მიმართ მოსარჩელის ზ. ი-ის მიერ 2008 წლის 19 მაისს წარდგენილი შენიშვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 და 22 მაისის განჩინებებზე კერძო საჩივარი წარადგინა ზ. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ზ. ი-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო განუხილველი დარჩა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის მეორე განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ასევე განუხილველი დარჩა ზ. ი-ის კერძო საჩივარიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებაზე ზ. ი-მა კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინებით სასამართლოს ხარვეზად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა დაუდგინდა და ხსენებული განჩინება 2008 წლის 3 ივლისს ჩაჰბარდა დედამისს _ ლ. ს-ეს.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უწყება, შესაბამისად, განჩინებები და სასამართლოს სხვა დოკუმენტები უნდა ჩაჰბარდეს პირადად მხარეს, ხოლო, თუ უწყების გადამცემმა პირმა მხარე ვერ ნახა, ხსენებული უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან თანამცხოვრებ სრულწლოვან წევრს.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინების ჩაბარებაზე ხელმომწერად, მართალია, მითითებული იყო დედამისი _ ლ. ს-ე, მაგრამ, ვინაიდან იგი მასთან თანამცხოვრებ პირს არ წარმოადგენდა, რადგან რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ქ. დუშეთში, რასაც ადასტურებდა მისი პირადობის მოწმობა, ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება ვერ ჩაითვლებოდა ზ. ი-თვის ჩაბარებულად. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი და შესაბამისად, ვერ შეავსო იგი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებას ლ. ს-ე ვერ ჩაიბარებდა, ვინაიდან იმ დროს იგი იმყოფებოდა ქ. დუშეთში.

ზ. ი-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის (კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებაზეც წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც იმავე საფუძვლებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებებში მიუთითა, რომ ზ. ი-ის კერძო საჩივრებს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრები. ამასთან, ზ. ი-ი საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებისა და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მიხედვით, გათავისუფლებული არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზებად და ზ. ი-ს დაევალა ხარვეზის შესახებ 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, ყოველ კერძო საჩივარზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივრები არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2008 წლის 5 დეკემბერს ზ. ი-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ზ. ი-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებებით დადგენილი ხარვეზების შევსების ვადა 5 დღით.

2008 წლის 19 დეკემბერს ზ. ი-მა კვლავ მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან მისი ოდენობის შემცირება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ზ. ი-ს გადაევადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხსენებულ კერძო საჩივარზე საბოლოო განჩინების მიღებამდე; ზ. ი-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 26 თებერვალს, მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის იმავე თარიღის განჩინებით ზ. ი-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის (კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და ზ. ი-ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის ქვითარი; კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით ზ. ი-ის კერძო საჩივარი (კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) განუხილველი დარჩა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ზ. ი-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 23 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ზ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და ზ. ი-ს ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა _ 10 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინება 2008 წლის 3 ივლისს ჩაჰბარდა ზ. ი-ის დედას _ ლ. ს-ეს (ს.ფ. 240). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ. ი-ს არ გამოუსწორებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებაში მითითებული ხარვეზი, რის გამოც განუხილველად დატოვა ზ. ი-ის სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინების ჩაბარებაზე ხელმომწერ პირად, მართალია, მითითებული იყო დედამისი _ ლ. ს-ე, მაგრამ, ვინაიდან იგი ზ. ი-თან თანამცხოვრებ პირს არ წარმოადგენდა, რადგან რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ქ. დუშეთში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინების ჩაბარება ვერ ჩაითვლებოდა ზ. ი-თვის ჩაბარებად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული იყო გზავნილი, რომელსაც ხელს აწერდა კერძო საჩივრის ავტორის დედა – ლ. ს-ე. ამასთან, ხსენებული გზავნილით არ დასტურდება, რომ ლ. ს-ემ უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა საფუძველს მიეჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება ჩაჰბარდა ზ. ი-თან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ზ. ი-ს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საგულისხმოა, რომ ზ. ი-ის დედამ _ ლ. ს-ემ ჩაიბარა რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, გზავნილი გადაეცა ადრესატისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაგზავნილი განჩინების ჩაბარება ზ. ი-ის დედის _ ლ. ს-თვის ითვლება განჩინების ზ. ი-თვის ჩაბარებად.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინების ჩაბარების გზავნილზე ლ. ს-ის ხელმოწერის სიყალბის ფაქტს, ვინაიდან ხსენებული ფაქტი არ არის დადასტურებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ი-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინება (ზ. ი-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ);

3. ზ. ი-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.