Facebook Twitter
ბს-1355-1294(კს-09) 24 ნოემბერი, 2009 წელი

ბს-1355-1294(კს-09) 24 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა_ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ლ-შვილი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

დავის საგანი- სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ლ-შვილმა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა თავდაცვის სამინისტროსაგან ცნობის გაცემა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ. ლ-შვილი 1992 წლის 1 იანვრიდან 1993 წლის 1 აგვისტომდე არ ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. (იხ. ს.ფ 1-14, ტ. I)

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გ. ლ-შვილის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო. თავდაცვის სამინისტრო ვალდებული არ იყო გაეცა ზემოაღნიშნული ცნობა, რადგანაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 126-ე მუხლის თანახმად «მოხელეზე იწარმოება შრომის წიგნაკი, რომელშიც იწერება მოხელის სახელი და გვარი, მოხელის დაბადების თარიღი, სამსახურში ყოფნის პერიოდი, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერება.» აქედან გამომდინარე ინფორმაცია, რომელსაც ითხოვდა გ. ლ-შვილი, დაფიქსირებული იყო მის მიერვე წარდგენილ შრომის წიგნაკში. შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას (იხ. ს.ფ 25-36 ტ. I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გ. ლ-შვილის სარჩელზე თავდაცვის სამინისტროს მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე საქმის წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა გამოყენებული ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის უფლება (იხ. ს.ფ 70-72 ტ. I).

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ლ-შვილმა და მიუთითა, რომ მას გამოყენებული ჰქონდა ერთჯერადად გასაჩივრების უფლება და სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინება იყო უკანონო და უნდა გაუქმებულიყო (იხ. ს.ფ 76-77 ტ. I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას გამოყენებული ჰქონდა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა და რომ არ არსებობდა სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ 90-94 ტ. I)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით გ. ლ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ 185-189 ტ. I).

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ 191-202 ტ. I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ აპელანტს არ ჰქონდა მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა (იხ. ს.ფ 2-3 ტ. II).

გ. ლ-შვილმა 2009 წლის 20 ივნისს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარუდგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ (იხ. ს. 6 ტ. II)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინებით გ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: გ. ლ-შვილს 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით დაევალა წარედგინა სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. გ. ლ-შვილმა სასამართლოს წარუდგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, თუმცა სასამართლომ ხარვეზი გამოსწორებულად არ მიიჩნია, ვინაიდან, გ. ლ-შვილი აპელაციის საფუძვლად უთითებდა მოპასუხის მიერ საქმის მასალების გაყალბებას და სასამართლოსათვის გაუგებარი იყო, თუ რა კავშირი ჰქონდა აღნიშნულ გარემოებას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან. სააპელაციო საჩივარში არაფერი იყო ნათქვამი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ უსწორობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი სსსკ-ის 368.1 მუხლის «ე» და «ვ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და დატოვა განუხილველი (იხ. ს.ფ 7-9 ტ. II).

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ლ-შვილმა და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილვალდ დაბრუნება საპელაციო სასამართლოსათვის. მან განმარტა, რომ გადაწყვეტილებაში მოსამართლის არგუმენტაცია წინააღმდეგობაშია მის მიერ წარდგენილ დასაბუთებასთან, რამაც განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება მიიღო და კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული არცერთი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი აპელანტს აკისრებს ვალდებულებას მიუთითოს, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა. მან ასევე უნდა მიუთითოს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით კანონიერად დაავალა გ. ლ-შვილს წარედგინა სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, თანაც იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი. მიუხედავად იმისა, რომ გ. ლ-შვილმა სასამართლოს წარუდგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად მიიჩნია, რომ ეს განცხადება არ წარმოადგენდა ხარვეზის გამოსწორებას. აპელანტი აპელაციის საფუძვლად უთითებდა მოპასუხის მიერ საქმის მასალების გაყალბებას, თუმცა მას კავშირი არ ჰქონდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 368.1 მუხლის «ე» და «ვ» ქვეპუნქტების მოთხოვნებს და ამდენად, მოკლებული იყო შესაძლებლობას სსსკ-ის 377-ე მუხლის მიხედვით ემსჯელა გადაწყვეტილების ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საფუძვლიანობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კეძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივარი სათანადოდ იყო დასაბუთებული, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარზე და რომ აღნიშნულის გამო სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გ. ლ-შვილის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.