Facebook Twitter

¹ბს-1362-1320(კს-08) 8 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების კომისია

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 11 თებერვალს გ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების ქ. ბათუმის მერიასა და ქ. ბათუმის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 3 იანვრის დადგენილების (¹10 ოქმი) და მის საფუძველზე მიღებული ქ. ბათუმში, ...., ყოფილი .... ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოსარჩელეზე საკუთრების უფლების გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. Bბათუმში, .... დასახლებაში, ყოფილი ....... ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,84 ჰექტარ მიწის ფართობზე საკუთრების უფლების ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ და გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მხარის მიერ წარმოდგენილი იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, მაგრამ არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი შემწეობის მიღების შესახებ, რასაც ითვალისწინებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და მხარეს ხარვეზის გამოსასწორებლად 10 დღის ვადა დაუწესა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის ან სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2008 წლის 19 სექტემბერს გ. გ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, სადაზღვევო კომპანიის სერტიფიკატი და ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ გ. გ-ე იკვებებოდა ბათუმის ¹3 მუნიციპალურ სასადილოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. გ-ის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ ცნობებს ვერ მიიჩნევდა ხარვეზის გამოსწორებად, რადგან, მართალია საქმეში იყო გ. გ-ის სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მითითებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ცნობა საარსებო შემწეობის მიღების თაობაზეც. ასეთი ცნობა აპელანტს წარმოდგენილი არ ჰქონდა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო კომპანიის სერტიფიკატი და ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ გ. გ-ე იკვებებოდა ბათუმის ¹3 მუნიციპალურ სასადილოში, არ ადასტურებდა მის მიერ საარსებო შემწეობის მიღებას. ამასთან, სასაპელაციო საამართლოს განმარტებით, “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა იყო 57 001. იმავე დადგენილების მე-8 მუხლის I ნაწილის თანახმად, საარსებო შემწეობა გაიცემოდა საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

საქმეში არსებული გ. გ-ის სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 98 710, რაც “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, გამორიცხავდა საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობას. ასევე, არ იყო წარმოდგენილი საბანკო დაწესებულების მეშვეობით საარსებო შემწეობის გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მან არ შეავსო ხარვეზი და ვერ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, კერძოდ, “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების შესახებ ცნობა. მისი განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო კომპანიის სერტიფიკატით, რომლის მიხედვითაც, გ. გ-ის, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირის მიმართ, ჯანმრთელობის დაზღვევა ხორციელდებოდა უფასოდ, ასევე, ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ გ. გ-ე იკვებებოდა ბათუმის ¹3 მუნიციპალურ სასადილოში, სააპელაციომ აღნიშნული არ მიიღო მხედველობაში და ამის შემდეგაც მიიჩნია, რომ ხარვეზი არ იყო შევსებული და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. გ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 5 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი. მხარის მიერ წამოდგენილი იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, მაგრამ არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი შემწეობის მიღების შესახებ, რასაც ითვალისწინებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და მხარეს ხარვეზის გამოსასწორებლად 10 დღის ვადა დაუწესა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის ან სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იმ მხარეების გათავისუფლებას, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გ. გ-ის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო კომპანიის სერტიფიკატით, რომლის მიხედვითაც, გ. გ-ის, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირის მიმართ, ჯანმრთელობის დაზღვევა ხორციელდებოდა უფასოდ და ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ გ. გ-ე იკვებებოდა ბათუმის ¹3 მუნიციპალურ სასადილოში, წარმოადგენს მისი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძველს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მხარის სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძველია იმ ორი პირობის სავალდებულო არსებობა, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, კერძოდ, მხარე დადგენილი წესით უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და უნდა იღებდეს საარსებო შემწეობას. “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა იყო 57 001. საქმეში არსებული გ. გ-ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით კი, ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 98 710, რაც “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, გამორიცხავდა საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მხარის მიერ არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და სააპელაციო სასამართლომ კანონის შესაბამისად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.