ბს-1364-1303(კს-09) 16 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე შპს ,,...» მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 5 ივლისს შპს ,,...» სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ე. ე-ძის, ნ. ბ-იას, ც. ს-შვილის, ნ. ი-ურის, ც. ა-შვილისა და საქართველოს ხარისხის დაცვისა და მართვის ეროვნული ასოციაციის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად 13185 ლარის დაკისრება.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქსტანდარტი.
2004 წლის 21 ივლისს საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – შპს ,,...» და შპს ,,...» მიმართ და მოითხოვა შპს ,,...» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შპს ,,...» მიერ სერთიფიკატის ¹172659 ბათილად ცნობა, შპს ,,...»” და შპს ,,...» სოლიდარულად 200000 ლარის დაკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა თავდაპირველი მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხეთა რიგებიდან ამოირიცხა ე. ე-ძე, ნ. ბ-ია, ც. ს-შვილი, ნ. ი-ური და ც. ა-შვილი.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,...» სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს – საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს და საქართველოს ხარისხის დაცვისა და მართვის ეროვნულ ასოციაციას სოლიდარულად დაეკისრათ 13185 ლარის გადახდა. მოპასუხეს - საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ხარისხის დაცვისა და მართვის უზრუნველყოფის ეროვნულმა ასოციაციამ და საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.
აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქმიდან მისი, როგორც მესამე პირის ამორიცხვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა 2009 წლის 27 ოქტომბერს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაიბარა 2009 წლის 29 ოქტომბერს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან ხარვეზი გამოასწორა 2009 წლის 12 ნოემბერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 29 ოქტომბერს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2009 წლის 9 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა 2009 წლის 12 ნოემბერს, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222; გადამხდელის ბანკი – სს ,,საქართველოს ბანკი”, ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი 220101502;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.