Facebook Twitter

ბს-1381-1339(კს-08) 9 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “ ... “ (დირექტორი _ თ. გ-ე)

მოწინააღმდეგე მხარე: 1. ქ. ქუთაისის მერია (მოპასუხე შპს “ .. “ და ა. წ-ის ნდობით აღჭურვილი პირის _ ქ. კ-ის სარჩელებზე); 2. ა. წ-ის ნდობით აღჭურვილი პირი ქ. კ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხეები ა. წ-ის ნდობით აღჭურვილი პირის _ ქ. კ-ის სარჩელზე: 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური; 2. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველო; 3. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამმართველო (ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე)

მესამე პირები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია); 2. ი/მ “დ. კ-ე”; 3. ი/მ “ი. დ-ი”

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ სასამართლო გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება, ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000 წლის 4 ივლისს ა. წ-ის წარმომამადგენელმა ქ. კ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების _ ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს, ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსა და ქუთაისის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1968 წლის 17 აპრილის ¹244 გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, ... ¹50-ში ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული გენერალური გეგმისა და ქ. ქუთაისში, ... ¹9-ში 1959 წლის 15 ოქტომბრის ინვენტარიზაციის შედეგად შეთანხმებული გეგმა-ანაზომით გამოყოფილ ფართზე მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა.

2002 წლის 5 მარტს შპს ,, ... ” სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹48-ში მდებარე, მისი კუთვნილი შენობის მისასვლელი გზების სერვიტუტით დატვირთვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ქ. ქუთაისში, ... ¹50-ში არსებული 4000 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ... გამზ. ¹9-ში 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 11 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ქუთაისის მიწის მართვის სამმართველომ და ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 22 ივლისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელის გამო ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს, ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსა და ქუთაისის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიმართ, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის შესახებ და შპს “ ... “ სარჩელი ქ. ქუთაისის მერიის მიმართ, შენობის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა იმავე სასამართლოს 2002 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელის გამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ და შპს “ ... “ სარჩელის გამო შენობის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ საქმის წარმოება შეჩერდა სამოქალაქო საქმის _ მ. ბ-ას სარჩელის გამო ა. წ-ის მიმართ, 1998 წლის 9 დეკემბრის და 1999 წლის 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების, ამ ხელშეკრულებებით გაცემული ქონების უკან დაბრუნებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმის გადაწყვეტამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 აპრილის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ქ. ქუთაისში, ... ¹50-ში არსებული 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ქ. ქუთაისში, .... ¹9-ში 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ ... “ და ქ. ქუთაისის მთავრობამ.

შპს “ ... “ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ ... “ საკუთრების უფლების ცნობა მიწაზე, რომელზეც განლაგებული იყო შპს “ ... “ კუთვნილი მაღაზია და შენობამდე მისასვლელი აუცილებელი გზის განსაზღვრა.

ქ. ქუთაისის მთავრობამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო და ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად _ ი/მ “დ. კ-ე” და ი/მ “ი. დ-ი”.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შპს “ ... “ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელი ქ. ქუთაისში, ... ¹50-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის და .... ქ. ¹9-ში მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. წ-ის წარმომადგენელმა ქ. კ-ემ და შპს “ ... “.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. წ-ისა და შპს “ ... “ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მთავრობისა და შპს “ ... “ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება; ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, ა. წ-ის სახელზე გაეტარებინა რეგისტრაციაში ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე მუნიციპალურ საწარმო “წ. ხ-ზე” დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ფართით 1146,10 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ... ¹50-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი _ 1752,90 კვ.მ, ხოლო დანარჩენი ფართის რეგისტრაციაზე მას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; შპს “ ... “ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, ... ¹48-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება, ხოლო მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვაზე შპს “ ... “ უარი ეთქვა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹50-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ფართში შედიოდა შპს “ ... “ კუთვნილი შენობის მიერ დაკავებული მიწის ფართი, რომლის საკუთრების უფლებით რეგისტრაციასაც ითხოვდა შპს “ ... “. შპს “ ... “ მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული შენობის ქვეშ მდებარე 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ საფუძვლიანი იყო, რადგან ... ქ. ¹48-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ის” გვერდით, ქუთაისის პრეფექტის 1991 წლის 13 ნოემბრის ¹532 განკარგულების საფუძველზე, სათანადო პროექტით აშენდა შენობა, რომელიც 1997 წლის 1 აპრილიდან შპს “ ... “ საკუთრება იყო და იგი განთავსებული იყო 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. 2000 წელს მოხდა ამ შენობის გადაპროექტება და მისასვლელი გზა მოეწყო .... გამზირის მხრიდან არსებული სკვერის გავლით. ეს შენობა მიღებული იყო ექსპლუატაციაში 1995 წლის 25 იანვარს და მისი საერთო ფართი შეადგენდა 104,92 კვ.მ-ს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს “ ... “ სახელზე რეგისტრაციის საფუძველი, რადგან 1998 წლის 28 ოქტომბრამდე, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, მას მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდა გამოყოფილი აღნიშნული მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. წ-ის წარმომადგენელმა ქ. კ-ემ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ყოფილ მუნიციპალურ საწარმო “წ. ხ-ზე” 3003 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ..... ¹50-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ზე” 4000 კვ.მ მიწის ფართის დამაგრების ფაქტის დადასტურებულად ცნობა ობიექტთა პრივატიზაციის მომენტისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ა. წ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე, ... ¹50-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ზე” დამაგრებულ 4000 კვ.მ და .... ქ. ¹9-ში მდებარე მუნიციპალურ საწარმო “წ. ხ-ზე” 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.

2008 წლის 26 აგვისტოს შპს ,, ... ” (დირექტორი _ თ. გ-ე) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,, ... ” სარჩელი დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გაეტარებინა ქ. ქუთაისში, .... ¹48-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ მტკიცებულებად მიუთითა საქმის პირველი ტომის 264-ე ფურცელზე არსებულ 2000 წლის ¹141 მიღება-ჩაბარების აქტზე. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით შენობა-ნაგებობის ფართი იყო არა 104,92 კვ.მ, არამედ _ 156,76 კვ.მ, ხოლო მიწის ფართი _ 189,0 კვ.მ. ამდენად, სასამართლომ მიწის ფართის ოდენობის ნაწილში დაუშვა აშკარა უსწორობა. საქმეში (ტ. 1, ს.ფ. 349) ასევე მითითებული იყო 189,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს ქონების რეგისტრაციისათვის, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ხსენებულ სამსახურში არსებული მტკიცებულებებით, განმცხადებლის მიწის ნაკვეთის ფართი იყო 189,0 კვ.მ, რის გამოც იმავე სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნა ქონების რეგისტრაციის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაში აშკარა უსწორობის გასწორება, კერძოდ, მასში მითითებული 104,92 კვ.მ მიწის ფართის ნაცვლად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა და ტექნიკური აღრიცხვის მასალებით დაფიქსირებული 189,0 კვ.მ მიწის ფართის მითითება, ასევე _ ამ საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შპს “ ... “ განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, შპს “ ... “ განცხადების საფუძველზე, 2008 წლის 20 აგვისტოს გასცა სააღსრულებო ფურცელი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაესწორებინა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უსწორობის გასწორების ვალდებულება სასამართლოს წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში, როცა მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული იყო ასეთი უსწორობა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის პრეფექტურის 1991 წლის 13 თებერვლის ¹532 განკარგულების პირველი პუნქტით იმერეთის ..... კულტურის ცენტრის _ ,,ო. ჩ-ის” ადმინისტრაციის თხოვნა დაკმაყოფილდა და განმცხადებელს ნება დაერთო, ..... გამზირზე განთავსებულ უნივერმაღ ,,ქ-ის” აღმოსავლეთით, მიმდებარე ტერიტორიაზე აეგო ერთსართულიანი შერეული ტიპის მაღაზიის შენობა. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ პროექტი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მთავარ არქიტექტორთან (ტ. 1, ს.ფ. 38). 1992 წლის 5 ივნისის ¹15 ბრძანებით დამტკიცდა პროექტი, რომლის თანახმად, შენობის სასარგებლო ფართი იყო 92,94 კვ.მ. საქმის მასალებში წარმოდგენილი, ქ. ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 2002 წლის მარტში გაცემული ცნობის მიხედვით, დადგენილი იყო, რომ შენობა-ნაგებობა, მდებარე ქ. ქუთაისში, .... ¹48-ში, ეკუთვნოდა შპს ,, ... ”, საერთო სასარგებლო ფართით _ 104,92 კვ.მ, აღნიშნულის საფუძვლად კი მითითებული იყო ქუთაისის სასამართლოს 2000 წლის 7 აგვისტოს ¹12/4-6/4 დადგენილებაზე (ტ. 1, ს.ფ. 150).

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 5 მარტს შპს ,, ... ” სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ..... ქ. ¹48-ში მდებარე, მისი კუთვნილი შენობის მისასვლელი გზების სერვიტუტით დატვირთვა (ტ. 1, ს.ფ. 144-145). სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი შპს ,, ... ” სარჩელის მიხედვით, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ _ შპს ,, ... ” გაზარდა თავისი სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და მოითხოვა მისი შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონება (ტ. 1, ს.ფ. 354). ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივნისის მთავარ სხდომაზე შპს ,, ... ” დააზუსტა თავისი მოთხოვნა და განმარტა, რომ თავდაპირველ სარჩელთან ერთად, იგი მოითხოვდა 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების რეგისტრაციას (ტ. 1, ს.ფ. 353). ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,, ... ” სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, ... ¹48-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება; მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვაზე შპს ,, ... ” სარჩელს უარი ეთქვა (ტ. 2, ს.ფ. 394-407). აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინების საფუძველზე, შევიდა კანონიერ ძალაში (ტ. 2, ს.ფ. 659-688).

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს ,, ... ” დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა ქ. ქუთაისში, .... ¹48-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარებას. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა მისი მოთხოვნის გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნა დაყენებული იყო 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის შესახებ, განამტკიცებდა თავად შპს ,, ... ” განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ იმ გარემოების თაობაზე, რომ შენობის ფართი წარმოადგენდა არა 104,92 კვ.მ-ს, არამედ _ 156,76 კვ.მ-ს, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველი წარმოიშობოდა მაშინ, როცა ასეთი უსწორობა დაშვებული იყო თავად სასამართლოს მიერ და აღნიშნული უტყუარად დადასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მასალებით. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საოლქო სასამართლომ შპს ,, ... ” სარჩელი განიხილა მისივე ფარგლებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, თავისი გადაწყვეტილებით მხარისთვის მიეკუთვნებინა ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. თუნდაც დადასტურებულიყო, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დროს დაშვებული იყო შეცდომა, აღნიშნული ვერ გახდებოდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასწორების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა დამდგარიყო ახალი სარჩელის წარდგენის საჭიროება.

რაც შეეხებოდა განმცხადებლის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემოდა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარებოდა აღსრულებას. ამდენად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობდა მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველიც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ ... “, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი. შპს “ ... “ მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის მოთხოვნა იყო, დაკმაყოფილებულიყო შენობის ქვეშ არსებული 189,0 კვ.მ მიწის ფართის მის საკუთრებაში აღრიცხვა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და იგი დაეყრდნო ტექბიუროს მიერ გაცემულ შესაბამის ცნობას, რომელშიც შეცდომით იყო მითითებული მიწისა და შენობის ფართი _ 104,92 კვ.მ. შპს “ ... “ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, რომელმაც უარი უთხრა რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ საკუთრების შესახებ დოკუმენტსა და სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული იყო 104,92 კვ.მ, რაც შპს “ ... “ გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და იმავდროულად, მიმართა სასამართლოს, გაესწორებინა არსებითი უსწორობა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და არ ასახავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით ასევე დგინდება, რომ შენობის ფართი არის 189 კვ.მ. თუკი ამ შენობის ქვეშ არსებული მიწის ფართის სამართლებრივი რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო, უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება შენობის მთლიან ფართზე _ 189 კვ.მ-ზე და არა მის ნაწილზე _ 104,92 კვ.მ-ზე. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაუშვა არსებითი უზუსტობა, რის შედეგადაც შპს “ ... “ ვერ ახდენს მისი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და სასამართლო გადაწყვეტილება აღუსრულებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს “ ... “ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “ ... “ კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: 2002 წლის 5 მარტს შპს ,, ... ” სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹48-ში მდებარე, მისი კუთვნილი შენობის მისასვლელი გზების სერვიტუტით დატვირთვა (ტ. 1, ს.ფ. 144-145). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ქ. ქუთაისში, .... ¹50-ში არსებული 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ქ. ქუთაისში, .... ¹9-ში 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; შპს “ ... “ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო (ტ. 1, ს.ფ. 293-299). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ ... “ და ქ. ქუთაისის მთავრობამ. შპს “ ... “ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ ... “ საკუთრების უფლების ცნობა იმ მიწაზე, რომელზეც განლაგებული იყო შპს “ ... “ კუთვნილი მაღაზია და შენობამდე მისასვლელი აუცილებელი გზის განსაზღვრა (ტ. 1, ს.ფ. 305-308). ქ. ქუთაისის მთავრობამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტ. 1, ს.ფ. 309-311). ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას, კერძოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივნისის სხდომაზე მოსარჩელემ _ შპს ,, ... ” გაზარდა თავისი სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა და დამატებით მოითხოვა 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების რეგისტრაცია (ტ. 2, ს.ფ. 353). ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის სხდომაზე შპს “ ... “ წარმომადგენელმა საპაექრო სიტყვით საბოლოოდ მოითხოვა 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით მის სახელზე რეგისტრაციაში გატარება და სამი სიგრძივი მეტრი გზის სერვიტუტით დატვირთვა (ტ. 2, ს.ფ. 392). ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,, ... ” სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, .... ¹48-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილი წესით საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება; მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვაზე შპს ,, ... ” სარჩელს უარი ეთქვა (ტ. 2, ს.ფ. 394-407). ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. წ-ის წარმომადგენელმა ქ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ტ. 2, ს.ფ. 445-449). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა და შევიდა კანონიერ ძალაში (ტ. 2, ს.ფ. 659-688).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, შპს “ .. “ განცხადების საფუძველზე, 2008 წლის 20 აგვისტოს გასცა სააღსრულებო ფურცელი.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნა დაყენებული იყო 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის შესახებ, განამტკიცებდა თავად შპს ,, ... ” განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ, რადგან განმცხადებელი მიუთითებდა, რომ იმ გარემოების თაობაზე, რომ შენობის ფართი წარმოადგენდა არა 104,92 კვ.მ-ს, არამედ _ 156,76 კვ.მ-ს, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველი წარმოიშობა მაშინ, როცა ასეთი უსწორობა დაშვებულია თავად სასამართლოს მიერ და აღნიშნული უტყუარად დადასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საოლქო სასამართლომ შპს ,, ... ” სარჩელი განიხილა მისივე ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად კი, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, თავისი გადაწყვეტილებით მხარისთვის მიეკუთვნებინა ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა და თუნდაც დადასტურებულიყო, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დროს დაშვებული იყო შეცდომა, აღნიშნული ვერ გახდებოდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასწორების საფუძველი და ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა დამდგარიყო ახალი სარჩელის წარდგენის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების მიხედვით, უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში ამ საქმის განხილვისას, კერძოდ, 2005 წლის 21 ივლისის სხდომაზე შპს “ ... “ საპაექრო სიტყვით საბოლოოდ მოითხოვა 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით მის სახელზე რეგისტრაციაში გატარება. შესაბამისად, შპს “ ... “ სახელზე საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარებასთან მიმართებაში, შპს “ ... “ საბოლოო, საპაექრო სიტყვაში გამოხატულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ ქ. ქუთაისში, ..... ¹48-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით მის სახელზე რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ ... “ სარჩელის ფარგლებში _ მისი საბოლოო სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით. ამასთან, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება შპს “... “ არ გაუსაჩივრებია და საკასაციო წესით იგი გაასაჩივრა მხოლოდ ა. წ-ის წარმომადგენელმა _ ქ. კ-ემ, ანუ თუ შპს “ ... “ არ ეთანხმებოდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებას, იგი უნდა გაესაჩივრებინა საკასაციო წესით და რადგან არ გაუსაჩივრებია, შპს “ ...”, ფაქტობრივად, დაეთანხმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და არ ასახავს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ შპს “ ... “ მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის მოთხოვნა იყო, დაკმაყოფილებულიყო შენობის ქვეშ არსებული 189,0 კვ.მ მიწის ფართის მის საკუთრებაში აღრიცხვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო არ გასცდენია შპს “ ... “ სარჩელის ფარგლებს, ხოლო შპს “ ... “ განცხადებით დაყენებული საკითხი, კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება იყოს არა სასამართლო გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების, არამედ ახალი სარჩელის წარდგენის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს კი, გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაუშვია არსებითი უზუსტობა, რაც გახდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ შპს “ ... “ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, შპს “ ... “ განცხადების საფუძველზე, 2008 წლის 20 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაცვლად, ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დასახელებული მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე და მის აღსასრულებლად. ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არსებობს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაცვლად, ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “ ... “ კერძო საჩივარი არის უსაფუძვლო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ ... “ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.