Facebook Twitter

ბს-1389-1347(კს-08) 15 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. გ-ია, ლ. ლ-ვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 23 აგვისტოს დ. გ-მ და ლ. ლ-მ სარჩელით მიმართეს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – სს სასტუმრო ,,.....” და თბილისის მერიის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ: მოპასუხეებს დავალებოდათ მათთან, როგორც სს სასტუმრო ,,.....” მცხოვრებ სოხუმელ ლტოლვილებთან, ხელშეკრულების გაფორმება საკომპენსაციო თანხის სახით 14000 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე და მორალური და ფიზიკური ზიანის მიყენებისათვის – თითოეულისათვის 5000 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

2006 წლის 11 ივლისს დ. გ-ამ და ლ. ლ-ამ დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მოპასუხე სს სასტუმრო ,,.....” 2004 წლის აგვისტოში მისაღები საკომპენსაციო თანხის მიუღებლობით გამოწვეული ყიდვისუნარიანობის შემცირების გამო, მოპასუხეთათვის სოლიდარულად 14000 აშშ დოლარის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადახდის დაკისრება, 2004 წლის აგვისტოში მათ მიერ ბეს სახით (ნასესხები) გადახდილი 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის სახით 5000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება თბილისის მერიისათვის და ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეთაგან სოლიდარულად 10000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. გ-სა და ლ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ამ და ლ. ლ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას აპელანტებმა შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და სასამართლოს წინაშე ალტერნატიული სახით მოითხოვეს საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში, სარჩელის გაზრდის მოტივით ან აღნიშნული მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, თავდაპირველი სააპელაციო საჩივრის განხილვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინებით დ. გ-სა და ლ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი მოპასუხე სს სასტუმრო ,,.....” მიმართ საკომპენსაციო თანხისა და საკომპენსაციო თანხის გაუცემლობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას; დ. გ-სა და ლ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები მოპასუხე თბილისის მერიისაგან ითხოვდნენ საკომპენსაციო თანხის გაუცემლობის გამო ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, შეჩერდა სარჩელის სამოქალაქო წესით განხილვამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ასევე საქმეები იმ სამართალურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ კომპენსაციას სს სასტუმრო ,,....», სამართალურთიერთობის მონაწილეები არიან, ერთი მხრივ, ფიზიკური პირები: დ. გ-ა და ლ. ლ-ა და მეორე მხრივ, კერძო სამართლის იურიდიული პირი – სს სასტუმრო ,,....».

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა» პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული საქმეები, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო (კერძო-სამართლებრივი) ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავიდან მოქალაქეებსა და იურიდიულ პირს შორის.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული სადავო ურთიერთობა წესრიგდება არა ადმინისტრაციული კანონმდებლობით, არამედ სამოქალაქო კოდექსით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, ვინაიდან სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს წარმოადგენენ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო დავის საგანი – საკომპენსაციო თანხის გაუცემლობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება – გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობებიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი საქმე იმ ნაწილში რომლითაც აპელანტები ითხოვენ კომპენსაციას სს სასტუმრო ,,....», განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ» პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მითითებით, საქმე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები ქ. თბილისის მერიისგან ითხოვდნენ ზიანის ანაზღაურებას, უნდა შეჩერდეს სს სასტუმრო ,,......» მიმართ სარჩელის სამოქალაქო წესით განხილვისა და მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ვინაიდან სარჩელი ქ. თბილისის მერიისაგან საკომპენსაციო თანხის გაუცემლობის გამო დამდგარი ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, პირდაპირ არის დამოკიდებული სს სასტუმრო ,,....» მიერ საკომპენსაციო თანხის გაუცემლობის სამართლებრივ შეფასებაზე, აღნიშნული ქმედების ბრალეულეობის არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს დ. გ-მ და ლ. ლ-მ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ა და ლ. ლ-ს კერძო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის განსჯადობით უფლებამოსილ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის გადაცემის ნაწილში, დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ა და ლ. ლ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მათი კერძო საჩივარი სააპელაციო საჩივრის განსჯადობით უფლებამოსილ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის გადაცემის ნაწილში დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ განჩინება ამ ნაწილში არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.

მითითებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთებს იმ მოსაზრებაზე, რომ საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს კერძო საჩივარში წარმოდგენილ ძირითად არგუმენტაციაზე, რომელიც შეეხება საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფასა და განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაგზავნას. შესაბამისად, აღნიშნული ვერ იქცევა საკასაციო სასამართლოს შეფასების საგნად. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეზე საქმის წარმოების შეჩერებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს საპროცესო ნორმების დარღვევას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

მითითებული მუხლის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლომ განსაზღვროს, რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება და რაც მთავარია, ისინი უნდა გამომდინარეობდნენ ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზი უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ორივე წინამდებარე საქმე გამომდინარეობს ერთი და იმავე ურთიერთობიდან და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი არის საერთო. რაც შეეხება ადმინისტრაციული საქმის განხილვის შეუძლებლობას, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად უნდა გადაწყდეს, არსებობდა თუ არა კერძო საჩივრის ავტორებზე (მოსარჩელეებზე) საკომპენსაციო თანხის გაცემის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რომლის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც, სასამართლოს ექნება საშუალება იმსჯელოს ქ. თბილისის მერიის ქმედების მართლზომიერებასა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივარს მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. გ-სა და ლ. ლ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.