Facebook Twitter

ბს-1397-1333(კს-09) 16 დეკემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ა-ოვა

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

მესამე პირები – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 9 დეკემბერს ე. ა-ოვამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 29 აგვისტოს საბაჟო შეტყობინების ¹601/1577/08 ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ა-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ა-ოვამ და მისმა წარმომადგენელმა – დ. ს-ავამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ე. ა-ოვას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული ხარვეზი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ე. ა-ოვამ და მისმა წარმომადგენელმა – დ. ს-ავამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ მოტივით, რომ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟი ვადაში იქნა გადახდილი, მაგრამ ხარვეზის გამოსწორების თაობაზე საბუთების წარდგენა სასამართლოში ვადაში ვერ მოხერხდა ე. ა-ოვას ავადმყოფობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა-ოვას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული ე. ა-ოვას სააპელაციო საჩივარი და მხარეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და რწმუნებულების წარმოსადგენად მიეცა 7 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

საქმეში არსებული მტკიცებულებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ხარვეზის განჩინება ე. ა-ოვას ჩაბარდა 2009 წლის 4 სექტემბერს (ს.ფ. 238), მაგრამ ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი უნდა გამოესწორებინა და წარედგინა სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 11 სექტემბრის 24 საათამდე, რაც მას არ განუხორციელებია. მან ხარვეზი გამოასწორა 2009 წლის 16 სექტემბერს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საფუძველსმოკლებულად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა და ხარვეზი შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ხარვეზის დადგენის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც შეიცავს ცალსახა მითითებას მოთხოვნილი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენის სავალდებულობის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველი. აქვე საგულისხმოა, რომ მხარეს და/ან მის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-65-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის საპროცესო ვადის აღდგენის ან გაგრძელების მოთხოვნით, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე. მითითებული მუხლის დებულებები და განჩინების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2009 წლის 11 სექტემბერს, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას დააკმაყოფილოს კერძო საჩივარი და სააპელაციო საჩივარი მიიჩნიოს დასაშვებად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ა-ოვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.