ბს-1416-1352(კს-09) 23 დეკემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. გ-ანის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.09წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
15.07.08წ. ი/მ ,,თ. გ-ანმა” სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, ქუთაისის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 10.03.08წ. ¹021-570 შეტყობინების ბათილად ცნობისა და მისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანისათვის, ქუთაისის რეგიონალური ცენტრისათვის მის სასარგებლოდ 100 000 ლარის დაკისრების მოთხონით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.09.08წ. გადაწყვეტილებით ი/მ ,,თ. გ-ანის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ი/მ ,,თ. გ-ანის” მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.09წ. გადაწყვეტილებით თ. გ-ანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.09.08წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ ,,თ. გ-ანის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 10.03.08წ. ¹021-570 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ თ. გ-ანმა. კასატორმა სააპელაციო საჩივრის არდაკმაყოფილების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.09წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისათვის მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის სახით 300 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.05.09წ. განჩინებით ი/მ თ. გ-ანის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.09წ. გადაწყვეტილება.
14.09.09წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი/მ თ. გ-ანმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.09წ. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე. განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ 06.12.05წ. თ. გ-ანის ოჯახიდან გატაცებულ იქნა იურიდიული და პირადი დოკუმენტები, მათ შორის ისეთი მტკიცებულებები, რომელთა საქმის განხილვის დროს წარმოდგენის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება. განმცხადებელი ისეთ მტკიცებულებას, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, მიიჩნევს მ. ს-შვილის წერილს, ასევე მისი რედაქტორობით გავრცელებულ ცნობის ფურცლებს სათურით: ... ¹105 14.10.03წ. და ¹106 14.12.03წ. გამოცემებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.09წ. განჩინებით ი/მ თ. გ-ანის განცხადება დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დასაშვებად რომ მიჩნეულიყო, საჭირო იყო იმის შემოწმება, თუ როდის გახდა მხარისათვის ცნობილი საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. სააპელაციო პალატის მითითებით, ი/მ თ. გ-ანი, ვერ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სწორედ განცხადებაში მითითებული დოკუმენტები იქნა წაღებული მისი სახლიდან და სწორედ ამ გარემოების გამო ვერ წარადგინა მან ისინი ადრე. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. გელოვანმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ დასტურდება იმ დოკუმენტების მოპარვის ფაქტი, რომლებსაც განცხადების ავტორი წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს. შესაბამისად არ დასტურდება აგრეთვე, რომ სწორედ ამ გარემოების გამო არ იქნა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში.
სსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხს, განცხადების დაშვების ამა თუ იმ პირობის არ არსებობა წარმოადგენს განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.09წ. განჩინება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებანი მისი გაუქმების საფუძველს არ ქმნის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. გ-ანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ-ანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 24.09.09წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.