კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1420-1378(კს-08) 25 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატი
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,ქ. მ-ის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ა. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ სს ,,ქ. მ-ის” სარჩელისა გამო მოპასუხე ხაშურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის მიმართ, მესამე პირი _ ლ. კ-ე, მიწის იჯარით გამცემი კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
სს «ქ. მ-ამ» 2005 წლის ივნისში სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიისა და ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა კომისიის 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც მიწის ნაკვეთი იჯარით გადაეცა მოქალაქე ლ. კ-ეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს «ქ. მ-ის» სარჩელი მოპასუხე სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი ხაშურის რაიონული კომისის მიმართ, მესამე პირები ქვიშხეთის თემის საკრებულოს გამგებელი და მოქალაქე ლ. კ-ე, ხაშურის რაიონული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «ქ. მ-ამ».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით საქმეში მოპასუხეები ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისია და ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო შეიცვალა მათი უფლებამონაცვლით ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტით (მუნიციპალიტეტის საკრებულოთი და მუნიციპალიტეტის გამგეობით).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სს ,,ქ. მ-ის” დირექტორის ა. გ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება სს ,,ქ. მ-ის” დირექტორის ა. გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მიწის იჯარით გამცემი კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს ,,ქ. მ-ის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ა. გ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება დავის საგანზე 4,08 ჰა თუთის ნარგავების ნაწილში.
საკასაციო პალატამ სს ,,ქ. მ-ის” კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით სს ,,ქ. მ-ას” დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი და კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 დეკემბრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება სს ,,ქ. მ-ას” საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2008 წლის 4 დეკემბერს და ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2008 წლის 9 დეკემბერს. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2008 წლის 10 დეკემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 16 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი; ხოლო, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ სს ,,ქ. მ-ის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ა. გ-ემ საქართველოს ფოსტის ხაშურის ფილიალს ჩააბარა 2008 წლის 30 დეკემბერს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს ,,ქ. მ-ის” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან სს «ქ. მ-ის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ა. გ-ეს 2008 წლის 29 დეკემბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი კერძო საჩივრისათვის _ 50 (ორმოცდაათი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად იქნეს დატოვებული სს ,,ქ. მ-ის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ა. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე;
2. სს «ქ. მ-ის» დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ა. გ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.