Facebook Twitter

ბს-1422-1358(კს-09) 2 დეკემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ი-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 12 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა. ი-ძის მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე ა. ი-ძეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაკისრებოდა 8916,60 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 აგვისტოს განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხის ა. ი-ძის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი ა. ი-ძის მიმართ, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე ა. ი-ძის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს – ა. ი-ძეს დაეკისრა ძირითადი თანხის – 8400 ლარისა და აგრეთვე ძირითადი თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმის – 516,60 ლარის, სულ – 8916,60 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით ა. ი-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბუთებელი სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ა. ი-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი და არ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ი-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივირით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის არსებითად განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ი-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით ხარვეზიანად იქნა მიჩნეული ა. ი-ძის სააპელაციო საჩივარი და მხარეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოსადგენად მიეცა 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არც მას და არც მის წარმომადგენელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინება არ ჩაბარებიათ, ვინაიდან საქმეში მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ ა. ი-ძის წარმომადგენელს - ვ. მ-შვილს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2009 წლის 14 ივლისს (ს.ფ. 132).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის ჩაბარებული დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის ჩაბარებულად, ხოლო მხარისათვის ჩაბარებული – წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად. რაც ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ერთ-ერთ მათგანს ჩაჰარდა სასამართლო დოკუმენტი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 2009 წლის 24 ივლისის 24 საათამდე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის დებულებები და განჩინების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2009 წლის 24 ივლისს, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას დააკმაყოფილოს კერძო საჩივარი და სააპელაციო საჩივარი მიიჩნიოს დასაშვებად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ი-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.