¹ბს-1424-1382(კს-08) 14 იანვარი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
27.11.06წ. შპს «ო. ჯ.» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 11.09.06წ. ¹419 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.11.06წ. ¹05-04/12018 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მსხვილგადამხელთა საგადასახადო ინსპექციის 08.09.06წ. ¹233 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.08წ. გადაწყვეტილებით შპს «ო. ჯ.» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 11.09.06წ. ¹419 საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.11.06წ. ¹05-04/12018 გადაწყვეტილება და საგადასახადო დეპარტამენტის 27.10.06წ. ¹2649 ბრძანება დღგ-ს და მოგების გადასახადის ნაწილში, მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილვევად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.08წ. გადაწყვეტილების ასლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 09.07.08წ. ჩაჰბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი 25.07.08წ., მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან მე-16 დღეს, გასაჩივრების 14 Dდღიანი ვადის დარღვევით შეიტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.08წ. გადაწყვეტილების ასლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 09.07.08წ. ჩაჰბარდა, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი შპს «ს. ფ.» 23.07.08წ. გადაეცა, რასაც ადასტურებს სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ ¹137 რეესტრის ასლი, რომლითაც მტკიცდება, რომ ¹08-01/6974 სააპელაციო საჩივარი შპს «ს. ფ.» ჩაჰბარდა 23.07.08წ.-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დაცვით არის წარდგენილი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და არსებითად განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.08წ. გადაწყვეტილების ასლი 09.07.08წ. გადაეცა (ტ. I, ს.ფ. 349). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შტამპით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში 25.07.08წ.-ს არის დარეგისტრირებული. ფინანსთა სამინისტროს ბლანკზე მითითებული სააპელაციო საჩივრის ნომერია 08-01/6974. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შპს «ს. ფ.» მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ ¹137 რეესტრით დასტურდება, რომ გზავნილი, შეკვეთილის წერილი ¹08-01/6974, ფოსტის მიერ მინიჭებული ნომრით ¹734, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაგზავნად ფოსტას 23.07.08წ., მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან მე-14 დღეს ჩაჰბარდა (ტ. 3, ს.ფ. 25-26).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.08წ. განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან დამატებით შეუძლია გამოითხოვოს სადავო პერიოდში სამინისტროდან გასული კორესპონდენციების ჟურნალი(დედანი), რომლითაც უტყუარად დადასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 08-01/6974 სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.08წ. განჩინება;
2. საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.