Facebook Twitter

ბს-1426-1384(კს-08) 18 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ყ-ი (მოარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია (მოპასუხე)

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა_ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ყ-მა 2002 წლის თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მთვარობის 2001 წლის 14 სექტემბრის ¹... დადგენილების და მისი დანართი ¹1-ის ნაწილობრივ ბათილად ცნობა ქ. თბილისში, .... ქ. ¹4-ში მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ყ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საპელაციო პალატის 2003 წლის 10 ივნისის განჩინებით ლ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ყ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 16 აპრილის განჩინებით ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 10 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ლ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ყ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 2001 წლის 14 სექტემბრის ¹... დადგენილება და მისი ¹1 დანართი .... ქ. ¹4-ის მიმდებარედ არსებული 22 კვმ. მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაცემის დამტკიცების ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა ჯ. ჯ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით ჯ. ჯ-ის სააპლაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება (განჩინება) და შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ საქმის მასალებით არ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთს გააჩნდა მწვანე ზოლის სტატუსი. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სარჩელში გამოთქმული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო აქტით მოსარჩელეს ეზღუდება საცხოვრებელი სახლით სარგებლობის უფლება, არსებული მწვანე ნარგავებით წარმოქმნილი ჩრდილის შესაძლო მოსპობის გამო.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ არსებობს შენობის დემონტაჟის ან რეკონსტრუქციის თაობაზე რაიმე გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც ხელს უშლის სადავო აქტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი წინააღმდეგობრივი მტკიცებულებებით არ არის დასაბუთებული საბოლოოდ უნდა მოხდეს სახლის გამაგრება, თუ დემონტაჟი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი აქტებით გაურკვეველია, თუ როდის უნდა იქნეს ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები და იქნება თუ არა ისინი განხორციელებული სადავო იჯარის მოქმედების ვადაში. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის პავილიონის მოწყობის მიზნით იჯარით გადაცემა ხელს უშლის სახლის გამაგრებითი სამუშაოების ან დემონტაჟის განხორციელებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ყ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთს მწვანე ზოლის სტატუსი თუ გააჩნია, ვინაიდან საქმეში არსებული .... ქ. ¹4-ის გენ. გეგმით და ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული საინვენტარიზციო გეგმით, ასევე შ.პ.ს. ,, ...-ის ” 2002 წლის 26 თებერვლის ¹9 და 2003 წლის 11 აპრილის ¹ 13 წერილით დასტურდება, რომ სადავო ტერიტორია წარმოადგენდა გამწვანების ზოლს და ამ ტერიტორიაზე ტარდებოდა გამწვანებითი სამუშაოები. .... ქ. ¹4-ის მიმდებარედ აუქციონის და კონკურსის წესით გასაცემი მიწის ნაკვეთის საინფორმაციო პაკეტში ობიექტის ეკოლოგიური მდგომარეობის დახასიათებაში მითითებულია, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნას არსებული მწვანე საფარი, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ობიექტის აუქციონის წესით გასაყიდად მომზადებისას აღნიშნულ ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობდა მწვანე საფარი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ამჟამად ამ მიწის ნაკვეთზე არ მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები, არ ნიშნავს იმას, რომ სადავო მიწის ნაკვეთს შეეცვალა გამწვანების ზოლის სტატუსი.

კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ ყვავილების სარეალიზაციო ჯიხურის მოსაწყობად სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის 1998 წლის 17 ივლისის დადგენილებას ,,საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ”, რითაც მოსარჩელეს ელახება უფლება, იცხოვროს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ყ-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით _ ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 14 სექტემბრის ¹... დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე კონკურსის ან აუქციონის წესით გასაცემი მიწის ნაკვეთების ნუსხა და პირობები. ამ დადგენილების თანდართული ნუსხის 52-ე პუნქტში აღნიშნულია .... ქუჩა ¹4-ის მიმდებარედ 22 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაცემა აუქციონის გზით იჯარით 10 წლის ვადით, ყვავილების სარეალიზაციო პავილიონის მოწყობისათვის.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს ერთის მხრივ, წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთს მინიჭებული აქვს მწვანე ზოლის სტატუსი, ხეები ქმნიან ჩრდილს და მათი განადგურების შედეგად შეუძლებელი იქნება შემოდგომის შუა პერიოდში და ზაფხულში საცხოვრებელ ფართობებით სარგებლობა და მეორეს მხრივ, ვინაიდან ლ. ყ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ექვემდებარება დემონტაჟს, შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ისეა დაკავშირებული შენობასთან, რომ როგორც დემონტაჟის, ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოება შეუძლებელი იქნება, რის გამოც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უკანონოდ იზღუდება მოსარჩელის უფლება_ისარგებლოს თავისი კუთვნილი უძრავი ქონებით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წანამძღვრის თაობაზე მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილში; ამ ნორმის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის შესახებ სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის აუცილებელია რომ სარჩელი აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის ერთ-ერთ მოთხოვნას, კერძოდ, სასამართლოში სარჩელის შეტანის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნის უფლებამოსილება პირს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომლის უფლებასა და ინტერესს უშუალოდ და ინდივიდუალურად ადგება ზიანი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით. საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კერძო საჩივრის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი სადავო პერიოდისათვის მწვანე ზოლს წარმოადგენს, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით ჩათვალა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ინფორმაციით, თბილისში, .... ქ. ¹4-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები არ მიეკუთვნება ბაღს, პარკს, მწვანე ზოლს (ს.ფ.363, ტ.1). ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, ქალაქის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 17 აპრილის ¹7/319 ცნობის თანახმად, ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 5 თებერვლის ¹..... გადაწყვეტილებით, .... ქუჩა დაექვემდებარა რეკონსტრუქცია-რეგენერაციას, მისი ფეხმავალთა ქუჩად გადაქცევის მიზნით. ტროტუარის გაფართოების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში იქ არსებული ხე-ნარგავები მოჭრილი იქნა, რის შემდეგადაც მოუკირწყლავი ადგილი დარჩა ასათვისებელი. აღნიშნულ მისამართზე გადატანილი იქნა «მ-ეს» ჯიხური, რის შემდეგაც მიწაზე გამწვანების სამუშაოები არ ჩატარებულა. ეს გარემოება ასევე დადასტურებული იქნა შ.პ.ს «გ-ის» დირექტორის მიერ გაცემული ცნობით. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ არსებობს შენობის დემონტაჟის ან რეკონტრუქციის თაობაზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც ხელს უშლის სადავო აქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი იმ შემთხვევაში უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად, თუ მოსარჩელის ინტერესი კონკრეტული, ლეგიტიმური და რეალურია და არაა დამყარებული მომავალში შესაძლო გარკვეულ გარემოებებზე; მოსარჩელე კი მოცემულ შემთხვევაში ვერ უთითებს, თუ როდის უნდა იქნეს ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები და იქნება თუ არა ისინი განხორციელებილი სადავო იჯარის მოქმედების ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 –ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის თანახმად საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები, რის გამოც ლ. ყ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს ლ. ყ-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი;

2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.