Facebook Twitter

ბს-1430-1366(კს-09) 21 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს ,,...»

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია

მესამე პირები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 23 სექტემბერს სს ,,...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის, მესამე პირების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს მიმართ, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 25 მარტის ¹636 ბრძანების, 2008 წლის 28 მარტის ¹16-16/2466 და ¹16-16/2467 საგადასახადო მოთხოვნების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 12 სექტემბრის ¹05-04/8564 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ასევე მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნებით ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული თანხებიდან შეუმცირებელი _ 2 795 999 გაუქმება/შემცირება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,...».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და 368-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სააპელაციო საჩივრის ავტორს განესაზღვრა 7 დღის ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად. 2009 წლის 30 ივლისს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ან შემცირებას, ვინაიდან ორგანიზაცია იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. აღნიშნულის დასადასტურებლად წარადგინა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალიანების არსებობის დამადასტურებელი ცნობა საბანკო ორგანიზაციიდან. ამასთან, თუ სასამართლო არ გადაუვადებდა ან არ შეუმცირებდა სახელმწიფო ბაჟს, განმცხადებელმა მოითხოვა გონივრული ვადა თანხების მოსაძიებლად და ბაჟის გადასახდელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ასევე სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობის საფუძველზე სს ,,...» გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა კიდევ 15 დღით.

2009 წლის 25 სექტემბერს სააპელაციო პალატას ასევე განცხადებით მიმართა სს ,,...», რომელმაც კვლავ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ორგანიზაციის ქონება სრულად არის დატვირთული საგადასახადო იპოთეკით და ყადაღით, ასევე საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია ინკასოები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სს ,,...» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს არაერთჯერ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა უშედეგოდ. ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2009 წლის 25 სექტემბერი, რაც მას არ გამოუყენებია. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიზანშეუწონლად მიიჩნია ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის შემდგომი გაგრძელება, ვინაიდან სასამართლოს აზრით, აპელანტს საკმარისი დრო მიეცა ხარვეზის შესავსებად, რაც უშედეგოდ იქნა გასული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,...», რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში მათ მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სააქციო საზოგადოება იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, კერძოდ, საბანკო ანგარიშებზე დადებულია საგადასახადო ინკასო, ხოლო უძრავ-მოძრავი ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ იგი ყველა შუამდგომლობაში ითხოვდა გონივრული ვადის განსაზღვრას. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სამჯერ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი აღნიშნული საპროცესო მოქმედების განსახორციელებლად. სს ,,...» თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით პრაქტიკულად უარი ეთქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე და შეეზღუდა კონსტიტუციური უფლება.

სს ,,...» კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ,,...» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელებაზე უარის თქმით, უარი ეთქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეების წარმოების წესს განსაზღვრავს საპროცესო კანონმდებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

სსსკ-ის 38-ე მუხლის «ვ» პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე მხარეს ევალება სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს, მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით და ამა თუ იმ გარემოებების არსებობისას, რათა სახელმწიფო ბაჟის რიგ შემთხვევაში წინასწარ, რიგ შემთხვევაში საერთოდ გადაუხდელობამ არ დააბრკოლოს მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და მას არ წაერთვას უფლების პროცესუალური საშუალებით დაცვის შესაძლებლობა.

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით განესაზღვრა 7 დღის ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად. სააპელაციო პალატის 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის საფუძველზე სს ,,...» გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა კიდევ 15 დღით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა სააქციო საზოგადოების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად შესაბამისი თანხის სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში მოძიების შეუძლებლობას. სააპელაციო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის წარდგენისას შუამდგომლობდა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, ვინაიდან ორგანიზაცია იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. სააპელაციო პალატამ 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ წარდგენილი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ 2009 წლის 30 ივლისს წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა სს ,,...» ¹2136/102-01 ცნობა, საიდანაც დგინდებოდა, რომ სს ,,...» არის ანგარიშსწორებისა და სავალუტო ანგარიშების მფლობელი ამავე ბანკში. ამასთან, კომპანიას 2009 წლის 28 ივლისის მდგომარეობით ანგარიშებზე ერიცხება ვადაში გაუნაღდებელი საგადასახადო საბუთების კარტოთეკა (ტ VI, ს.ფ. 8). სააპელაციო პალატამ 2009 წლის 27 აგვისტოს განჩინებით მიიჩნია, რომ წარდგენილი არ იყო უტყუარი და სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ სააქციო საზოგადოების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ასევე 2009 წლის 25 სექტემბრის განცხადებაში სააპელაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ორგანიზაცია პრაქტიკულად იმყოფებოდა გაკოტრების ზღვარზე. არსებობდა მძიმე ფინანსური ვალდებულებები ბიუჯეტის წინაშე, ორგანიზაციის ქონება სრულად იყო დატვირთული საგადასახადო იპოთეკა/ყადაღით, ხოლო საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი ინკასოები.

საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თვლის, მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს აღძრული შუამდგომლობა, უნდა მიუთითოს არგუმენტაცია დასმულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს არ განუხორციელებია, მან მხოლოდ ზოგადად აღნიშნა მძიმე ფინანსური მდგომარეობის არსებობის შესახებ და არ მიუთითებია გადახდისუუნარობის დამადასტურებელ გარემოებებზე. საქმეში წარმოდგენილია სს ,,...» ცნობა, რომელიც დადასტურებულია ორგანიზაციის დირექტორისა და მთავარი ბუღალტრის მიერ და დგინდება, რომ სააქციო საზოგადოებას სხვადასხვა საბანკო დაწესებულებაში გააჩნია საბანკო ანგარიშები. ამათგან, საბანკო ანგარიშებზე ინკასოების არსებობა სათანადოდ დადასტურებულია მხოლოდ სს ,,...» არსებულ ანგარიშებზე. მხარის მიერ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილია სს ,,...» ცნობები, რომლებიც ადასტურებს სხვადასხვა პერიოდში სააქციო საზოგადოების კუთვნილ რიგ საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის განუხორციელებლობას. სააპელაციო საჩივრის ავტორს სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია, რომ მართლაც, სააქციო საზოგადოების უძრავ-მოძრავი ქონება სრულად იყო დაყადაღებული. ამასთან, არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელების მომენტისათვის სააქციო საზოგადოებას არ გააჩნდა შემოსავლის რაიმე წყარო.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (გადაწყვეტილებაში _ საქმეზე ს/კ ,,...» საქართველოს წინააღმდეგ), დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა, რაც გამოიხატა სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე დაუსაბუთებელი უარის თქმით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განავითარა მსჯელობა, რომ ბაჟის გადახდის აუცილებლობა საქმის განხილვის დასაწყებად, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა, რაც არ შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს. მიუხედავად ამისა, ამგვარი ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადამხდელუნარიანობას, ასევე განხილვების სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა. უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის.

ამდენად, ევროპულ სასამართლოს არ დაუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უპირობო გათავისუფლების ან გადავადების აუცილებლობა, იგი აღნიშნავს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების პირობებში ამგვარი შეზღუდვის დაწესებაზე უარის თქმას.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,...» ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისუუნარობის დამადასტურებული სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, ვერ დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და კიდევ ერთხელ დამატებითი საპროცესო ვადის განსაზღვრით მიეცა მხარისათვის შესაძლებლობა აღმოეფხვრა ხარვეზი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც, კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელების დროისათვის სააპელაციო სასამართლოს მისცემდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოს ართმევს კერძო საჩივრის მოტივის გაზიარების პროცესუალურ შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,...» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.