Facebook Twitter
ბს-1431-1367(კს-09)

ბს-1431-1367(კს-09) 11 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. მ-ოვის წარმომადგენელი თ. ტ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) _ ე. ც-აია, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა

მესამე პირი – ნოტარიუსი ლ. რ-ძე

დავის საგანი _ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

14.11.07წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ე. ც-აიასა და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა დ. მ-ოვის წარმომადგენელმა და ე. ც-აიასა და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის 27.05.98წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.08წ. გადაწყვეტილებით დ. მ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ე. ც-აიასა და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის 27.05.98წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ც-აიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.09წ. სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე დ. მ-ოვის წარმომადგენელმა თ. ტ-ძემ სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე. სარჩელის გამოხმობის შუამდგომლობას დაეთანხმნენ აპელანტი ე. ც-აიას წარმომადგენელი და თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.09წ. განჩინებით დ. მ-ოვის წარმომადგენლის თ. ტ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დ. მ-ოვის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული სარჩელის გამოხმობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-ოვის წარმომადგენელმა თ. ტ-ძემ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მხარეები მორიგდნენ, რაც მიუთითა შუამდგომლობაში და მორიგების გამო გამოხმობილი იქნა სარჩელი. მიუხედავად აღნიშნულისა ე. ც-აიამ მორიგების პირობა არ შეასრულა. კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.09წ. განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

დ. მ-ოვის წარმომადგენელმა თ. ტ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა კერძო საჩივარზე და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, მხარეები შეთანხმდენენ სადავო საკითხზე.

საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 98-ე მუხლის საფუძველზე შეამოწმა დ. მ-ოვის წარმომადგენლის თ. ტ-ძის უფლებამოსილება და დაადგინა, რომ დ. მ-ოვის მიერ გაცემული უფლებამოსილებით (იხ. ს.ფ 5) თ. ტ-ძეს მინიჭებული აქვს სარჩელზე უარის თქმის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა დ. მ-ოვის წარმომადგენლის თ. ტ-ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. განსახილველ შემთხვევაში ფიზიკური პირის _ დ. მ-ოვის წარმომადგენლმა თ. ტ-ძემ განაცხადა რა უარი კერძო საჩივარზე, გამოხატა ნება საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ვინაიდან სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ-ოვის წარმომადგენლის თ. ტ-ძის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. დ. მ-ოვის წარმომადგენლის თ. ტ-ძის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს;

3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.09წ. განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.