Facebook Twitter

ბს-1439-1397(2კს-08) 10 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხის უფლებამონაცვლეები) _ ი. და ნ. ხ-ები

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. გ-ე

მოპასუხეები: 1. გ. ქ-ე; 2. ქ. ბათუმის მერია; 3. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური

დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლებაზე უარის, სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანისა და საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინებები _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 6 ივლისს თ. გ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ვ. ხ-ის, გ. ქ-ის, ქ. ბათუმის მერიის, ასევე არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ბათუმის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების – გ. ქ-ისა და ვ. ხ-ის სახელზე გაცემული მიშენების პროექტის დამტკიცების შესახებ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხეების დავალდებულება განხორციელებული მიშენების მოშლის შესახებ (იხ. ს.ფ. 3-6; ტ.I).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, როგორც არასათანადო მოსარჩელეს (იხ. ს.ფ. 203-206).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, მისი სათანადო მოსარჩელედ ცნობა, შპს “ა-ის” მიერ 2002 წელს გაცემული პროექტის, შპს “კ-ი 21-ის” მიერ შედგენილი პროექტის, ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის, ბათუმის არქმშენინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმება, მოპასუხეების მიერ აშენებული ლოჯიების მოშლა, ასევე მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 18000 ლარის 4%-ის ანაზღაურების დაკისრება, ასევე აპელანტმა იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ჩართვა (იხ. ს.ფ. 208-217; ტ.I).

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 იანვრის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 257-262; ტ.I).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმება ნაწილობრივ, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაწილში (იხ. ს.ფ. 268-282; ტ.I).

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 19 მაისის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს (იხ. ს.ფ. 300-305; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა სსსკ-ის 279-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, მოპასუხის _ ვ. ხ-ის გარდაცვალების გამო ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენამდე (იხ. ს.ფ. 327-328; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინებით მოპასუხის _ ვ. ხ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ნ. და ი. ხ-ები (იხ. ს.ფ. 342-343; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის წარმოების ¹59/04 ნებართვა, ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს ¹59/04 ნებართვა და დადგინდა უკანონო მშენებლობის მოშლა (იხ. ს.ფ. 264-371; ტ.I).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ქ-ემ, ასევე ი. და ნ. ხ-ებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 384-392; 397-400 ტ.I).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებით გ. ქ-ის, ასევე ი. და ნ. ხ-ების საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 485-499; ტ.I).

2007 წლის 6 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ი. და ნ. ხ-ებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლებმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოტივად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ ისე ცნო ბათილად ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, რომ საქმეში მხარედ არ მოუწვევია ქ. ბათუმის არქმშენინსპექცია. დავის საგანს წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერება, რაზეც სასამართლომ იმსჯელა ქ. ბათუმის არქმშენინსპექცის მოწვევისა და მისი პოზიციის მოსმენის გარეშე. ამ უკანასკნელის საქმეში მოწვევის აუცილებლობა განპირობებული იყო ასევე “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 4.8 მუხლის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისადაც.

ამდენად, განმცხადებელთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სსსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” პუნქტის დარღვევით, რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითეს სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიშენებული ფართი რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში, რაც ადასტურებს მშენებლობის კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელების ფაქტს (იხ. ს.ფ. 1-2; ტ.II).

2007 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ი. და ნ. ხ-ებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გაადწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოწერილ სააღსრულებო ფურცლის გაუქმება იმ მოტივით, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25.1 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება მსვლელობა მიეცეს სააღსრულებო ფურცელს, რადგან იგი გაცემულია კრედიტორის – თ. გ-ის სახელზე, სადავო ქონება კი საჯარო რეესტრში აღრიცხულია ი. და ნ. ხ-ების საკუთრებაში, რომლებიც არ არიან მოხსენიებულნი სააღსრულებო ფურცელში. ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გაადწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოხდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა (იხ. ს.ფ. 21-22; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ი. და ნ. ხ-ების განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ საქმის წარმოება შეჩერდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვამდე; ამავე განჩინებით ი. და ნ. ხ-ების განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გაადწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო (იხ. ს.ფ. 28-32; ტ.II).

2008 წლის 29 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. გ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გაადწყვეტილებაზე გამოწერილ სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანა და მოვალედ ვ. ხ-ის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლეების _ ი. და ნ. ხ-ების მითითება (იხ. ს.ფ. 42; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 სექტემბრის განჩინებით სასამართლოს ინიციატივით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გაადწყვეტილების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და მოწინააღმდეგე მხარედ ნაცვლად ნო. ხ-ისა, მიეთითა ნი. ხ-ე (იხ. ს.ფ. 56-60; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას განმცხადებლებმა აღძრეს შუამდგომლობა და მოითხოვეს სსსკ-ის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ ი. და ნ. ხ-ებს შეტანილი აქვთ განცხადება ლეგალიზაციის მოთხოვნით და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით ი. და ნ. ხ-ების შუამდგომლობა სსსკ-ის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მითითებული ნორმის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება, თუ მისი განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს არა ადმინისტრაციული წარმოების, არამედ სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (იხ. ს.ფ. 96-97; ტ.II), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ი. და ნ. ხ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება, რომ სადავო ფართი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად და მიუთითა, რომ აღნიშნულის შესახებ განცხადებული რომ ყოფილიყო სასამართლოში, არ გამოიწვევდა ი. და ნ. ხ-თვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დავის საგანს წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვის გაუქმება და დასახელებული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განხორციელებული მინაშენის მონგრევა. შესაბამისად, ის ფაქტი, იყო თუ არა რეგისტრირებული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განხორციელებული მიშენებული ფართი საჯარო რეესტრში, გავლენას ვერ მოახდენდა აღნიშნული ნებართვის კანონიერებაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიაზიარა განმცხადებელთა მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ და მიუთითა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 20.2 მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამდენად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, არ არსებობს მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველიც (იხ. ს.ფ. 119-124; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გასწორდა დაშვებული უსწორობა და მოვალედ ნაცვლად ვ. ხ-ისა, მიეთითა ი. და ნ. ხ-ები, რაც საპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-7, 260-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ივნისის განჩინებით ვ. ხ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ი. და ნ. ხ-ები, ამავე სასამართლოს 2008 წლის 1 სექტემბრის განჩინებით სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გაასწორა 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და მოწინააღმდეგე მხარეებად მითითებულ იქნა ნი. ხ-ე, ნაცვლად ნო. ხ-ისა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე მოწინააღმდეგე მხარეებად მითითებულია ი. და ნ. ხ-ები.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება (იხ. ს.ფ. 129-133; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებები _ საქმის წარმოების შეჩერებაზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანის შესახებ კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს ი. და ნ. ხ-ებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებების გაუქმება და სსსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრების ავტორებმა უკანონოდ მიიჩნიეს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი საკითხი ეხება განხორციელებული მინაშენის კანონიერების დადგენას და მისი მოშლის ან მოშლაზე უარის შესახებ საკითხის განხილვას. ამდენად, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი.

კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ჯერ განხილულ უნდა იქნეს ლეგალიზაციის შესახებ განცხადება, რადგან მინაშენის ლეგალიზაციის შემთხვევაში გამოირიცხება მინაშენის მოშლა, შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას დიდი მნიშვნელობა ექნება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. ლეგალიზაციის შესახებ განცხადების განხილვის შემდეგ სასამართლოსათვის უკვე ცნობილი გახდება მინაშენის კანონიერების თაობაზე და შესაძლებელი იქნება საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე უკანონოდ მიიჩნიეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანის შესახებ, რადგან მიმდინარეობს რა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა, მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ უნდა იქნეს განხილული სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანის საკითხი, რადგან თ. გ-ე სააღსრულებო ფურცლით ითხოვს მინაშენის მოშლას, რაც შეუძლებელია საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე (იხ. ს.ფ. 152; 157; 174-175; 192-193; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს კერძო საჩივრის ავტორებმა და მოითხოვეს სსსკ-ის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ მათ მიერ სასამართლოში იქნა გასაჩივრებული მინაშენის ლეგალიზაციის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რის გამოც სასამართლო წესით მის გადაწყვეტამდე საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს (იხ. ს.ფ. 230; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. და ნ. ხ-ების კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, ანუ ფაქტობრივად საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას, თუ მხარისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ცნობილი გახდება საქმის განხილვისას მისთვის უცნობი რაიმე გარემოება, ან მტკიცებულება, რომლებიც საქმის განხილვის სტადიაზე ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვაგვარი, მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს, კერძოდ, განმცხადებლები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებდნენ იმ გარემოებაზე, რომ არქმშენინსპექციის მიერ კანონიერად მოხდა მშენებლობის ნებართვის გაცემა, რასაც ადასტურებს განხორციელებული მინაშენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელთათვის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ არ გამხდარა ცნობილი ისეთი გარემოების არსებობის შესახებ, რაც სსსკ-ის 423-ე მუხლის შესაბამისად, შექმნიდა საქმის წარმოების განახლების პროცესუალურ წინაპირობას, რადგან საჯარო რეეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა მათი დედის – მოპასუხე ვ. ხ-ის სამკვიდრო მოწმობისა და ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 18 მაისის ¹01-09/63 ბრძანების საფუძველზე. მითითებული ბრძანება მშენებლობა-დამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე გამოცემულ იქნა 2003 წლის 25 სექტემბრის ¹01-12/651 პროექტისა და ¹59/04 მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, რომლებიც ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერ იქნება გაზიარებული განმცხადებლების არგუმენტი ახლად აღმოჩენილ გარემოებად რეგისტრაციის განხორციელების მიჩნევის შესახებ, რადგან იგი არ წარმოადგენს სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რეგისტრაციის განხორციელება ვერც მიშენების განხორციელების კანონიერებას ადასტურებს, რადგან რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა უკანონობაც დადგინდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მით უფრო, რომ ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 18 მაისის ¹01-09/63 ბრძანება, მისი ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹01-22/799 ბრძანებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად ეთქვა უარი განმცხადებლებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არსებითად სწორად ეთქვათ უარი განმცხადებლებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების პროცესუალური წინაპირობა, რადგან მითითებული ნორმა ადგენს საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულებას, საქმის წარმოება კი მოიცავს საქმის განხილვის, ამ მიზნით ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების პროცესს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დადგენამდე, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, შევა კანონიერ ძალაში და შეიძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას. კონკრეტულ შემთხვევაში კი, განმცხადებლები ითხოვენ საქმის წარმოების შეჩერებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებაზე, იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობდა საქმის წარმოება მათ განცხადებაზე, განხორციელებული მინაშენის ლეგალიზაციის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტა – განხორციელებული მშენებლობის ლეგალიზაციის შესახებ, გავლენას ვერ მოახდენს ი. და ნ. ხ-ების განცხადების განხილვაზე, რადგან მოცემულ საქმეზე სასამართლოთა განხილვის საგანს წარმოადგენს არა განხორციელებული მშენებლობის კანონიერების შემოწმება, რაზეც საქმის წარმოება დასრულდა სსსკ-ის 264.2 მუხლის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით, არამედ იმ არგუმენტებისა და მოტივების საფუძვლიანობის შემოწმება, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას. ის გარემოება, განხორციელებული მშენებლობა დაექვემდებარება თუ არა ლეგალიზაციას, გავლენას ვერ მოახდენს განსახილველ საქმეზე, რადგან იგი წარმოადგენს სრულიად ახალ სამართლებრივ ურთიერთობას.

“პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹660 ბრძანებულებაში გამოიხატა პოლიტიკური ნება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით, უკანონოდ აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონების შესახებ ბრძანებულებით დადგენილი პირობების დაცვით. შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტით _ დაექვემდებარება თუ არა განხორციელებული მინაშენი ლეგალიზაციას, განმცხადებლები შეიძენენ მასზე უფლებას, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს განხორციელებული მშენებლობის კანონიერების შემოწმებას, არამედ სახელმწიფო ნების შესაბამისად, ხდება უკანონოდ განხორციელებული მშენებლობაზე უფლების დადგენა. სასამართლოს კი ამგვარი უფლებამოსილება მინიჭებული არა აქვს და იგი ამოწმებს მხოლოდ ქმედების კანონიერებას და მის შესაბამისობას მოქმედ სამართლებრივ აქტებთან.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებმა მომართეს შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოს და მოითხოვეს სსსკ-ის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ სასამართლოში იხილება საქმე მათი სარჩელის გამო ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 22 დეკემბრის ¹01-22/1343 ბრძანებულების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარი ეთქვათ ლეგალიზაციის განხორციელებაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღძრული შუამდგომლობა უსაფუძვლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული, რადგან როგორც აღინიშნა, მითითებული საკითხის გადაწყვეტა გავლენას ვერ მოახდენს საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული კერძო საჩივრის განხილვაზე და წარმოადგენს სხვა სამართლებრივ ურთიერთობას, რის გამოც არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა.

სსსკ-ის 279-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა არსებობს, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის განხილვამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, რადგან მითითებული ნორმა ავალდებულებს სასამართლოს შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ მისი განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომლის განხილვა და გადაწყვეტა გავლენას მოახდენს სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმის გადაწყვეტაზე. ამ შემთხვევაში კანონმდებელი აწესებს შეზღუდვას და მითითებულ დათქმას არ ავრცელებს მხოლოდ სამართალწარმოების წესით საქმის განხილვაზე, ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს არც ნორმის შინაარსიდან და არც მისი ლოგიკური განმარტებიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის ნორმის არასწორი განმარტება დაუდო საფუძვლად საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობაზე უარს, მაგრამ სსსკ-ის 393.3 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველს, რადგან სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად უთხრა უარი განმცხადებლებს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რადგან არ არსებობდა მისი გაზიარების პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვათ განმცხადებლებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის სააღსრულებო ფურცელში გასწორდა დაშვებული უსწორობა და მოვალეებად ვ. ხ-ის ნაცვლად მითითებულ იქნენ ი. და ნ. ხ-ები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად შიეტანა შესწორება სააღსრულებო ფურცელში, რადგან საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის არქშენინსპექციის მიერ გაცემული ¹59/04 მშენებლობის ნებართვა, ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემული ¹59/04 მშენებლობის ნებართვა და დადგინდა ვ. ხ-ისა და გ. ქ-ის მიერ უკანონოდ აშენებული ლოჯიების მოშლა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და მასში მოვალედ აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიეთითა ვ. ხ-ე. საქმის მასალებით დგინდება, რომ აწ გარდაცვლილი ვ. ხ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ი. და ნ. ხ-ები. შესაბამისად, მართებულად იქნა სააღსრულებო ფურცელში შეტანილი შესწორება და მოვალეებად მართებულად იქნენ მითითებულნი ვ. ხ-ის უფლებამონაცვლეები _ ი. და ნ. ხ-ები, რომლებსაც საკუთრებაში გადაეცათ ვ. ხ-ის დანაშთი ქონება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოტივები დაუსაბუთებელია, არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინებების კანონშეუსაბამობის თაობაზე და არ არსებობის მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 215-ე, 279-ე, 404.2, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. და ნ. ხ-ების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს; ი. და ნ. ხ-ების კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებები; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.