ბს-1448-1406(კს-08) 25 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. კ.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ.-მ 29.08.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 04.08.06წ. ¹01-02/410 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 19.05.06წ. ¹86 ბრძანებით დამტკიცდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის წესი, რომლითაც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე რამდენიმე მიმართულების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადდა ღია კონკურსი. მათ შორის კონკურსი გამოცხადდა მარკეტინგის მიმართულების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. ნ. კ.-მ 22.06.06წ. განცხადებით მიმართა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური თანამდებობების მოსაპოვებლად ფაკულტეტზე არსებულ საკონკურსო კომისიას, რაზედაც შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი ¹256. 2006 წლის აგვისტოს დასაწყისში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობებზე დაინიშნეს პირები, ხოლო მისი თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების საკითხი გადაწყდა უარყოფითად. ეს ინფორმაცია დადასტურდა მაშინ, როდესაც 15.08.06წ. გაეცნო ივ. ჯავახიშვილის სახელობის Yთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. სადავო ბრძანებას. მოსარჩელის მოსაზრებით, გაურკვეველია თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიენიჭათ უპირატესობა იმ პირებს, ვინც დაინიშნენ აკადემიურ თანამდებობებზე სადავო ბრძანების გასაჩივრებული ნაწილით. დანიშვნა განხორციელდა კანონით განუსაზღვრელი კრიტერიუმებით უპირატესობის მინიჭების საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. წინასწარ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსში მონაწილე პირთა მონაცემების გათვალისწინებით, ნ. კ.-ს გააჩნდა შესაძლებლობა, დანიშნულიყო აკადემიურ თანამდებობაზე. ამ უფლების განხორციელება არ მოხდა იმის გამო, რომ გარკვეულ პირებს მიენიჭათ ისეთი უპირატესობა, რომელსაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.11.06წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად მოწვეულ იქნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე დანიშნული პირები: ე. ბ.-ე, მ. წ.-ე, ვ. ს.-ე, მ. კ.-ა, ი. ხ..ა, მ. ვ.-ი, ლ. კ.-ი, ე. უ.-ე, ფ. წ.-ი, ჩ. ჟ.-ი, მ. ს.-ი, ა. გ.-ე, კ. ჩ.-ი, ბ. ლ.-ა, ე. ხ.-ი და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე დანიშნული პირები: ე. მ.-ე, ა. ქ.-ე, თ. დ.-ე, რადგან ისინი არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი, საქმეზე შესაძლებელია მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც შეეხება მათ ინტერესს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის თაობაზე” მოპასუხის – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. ¹01-02/410 ბრძანება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მარკეტინგის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის ნაწილში. “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის თაობაზე” მოპასუხის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. ¹01-02/410 ბრძანების ბათილად ცნობილი ნაწილის მოქმედების შეწყვეტა დადგინდა მომავალში, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მესამე პირების _ ე. ბ.-ის, მ. წ.-ისა და სხვების (სულ 18 პირის) მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.07.08წ. განჩინებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მესამე პირების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.01.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება (განჩინება), რომლითაც ნ. კ.-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. ¹01-02/410 ბრძანება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მარკეტინგის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის შესახებ, პირდაპირი და უშუალო ზიანი არ ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და არც მისი უფლება ირღვევა. ხსენებულ ბრძანებაში საერთოდ არაფერია ნათქვამი ნ. კ.-ზე. აღნიშნულ ბრძანებაში მოხსენიებულნი არიან მხოლოდ ის პირები (მესამე პირები), რომლებიც კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ. აღნიშნულ პირებთან მიმართებაში გასაჩივრებული ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. ¹01-02/410 გასაჩივრებული ბრძანებით სათანადო აკადემიურ თანამდებობებზე დანიშნულ პირებთან, მოცემულ შემთხვევაში აპელანტებთან (მესამე პირებთან), დაიდო ხელშეკრულებები და შესაბამისად, ისინი წარმართავენ სასწავლო პროცესს (ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას). ამრიგად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ნ. კ.-ე არ დაინიშნებოდა აკადემიურ თანამდებობაზე, ასეთ შემთხვევაში ჩატარდებოდა ახალი კონკურსი და მას მიეცემოდა კონკურსში მონაწილეობის საშუალება. ამასთანავე, ჩატარებული კონკურსის გაუქმების შემთხვევაში, აშკარად შეილახება მესამე პირების უფლებები, რადგან გასაჩივრებული ბრძანება მათთვის აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი უნდა ჩატარდეს ყოველ 3 წელში ერთხელ, ხოლო ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად _ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ამრიგად, გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მარკეტინგის მიმართულებით ჩაიშლება და საკმაოდ დიდი ხნით. სარჩელი, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის მიხედვით გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. ¹01-02/410 ბრძანებაში ნ. კ.-ე საერთოდ არ არის მოხსენიებული. ამრიგად, ფორმალური თვალსაზრისითაც კი (ეს უკანასკნელი კი ფრიად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ სამართალში), მის კანონიერ ინტერესებს პირდაპირი და უშალო ზიანი არ მისდგომია. მოსარჩელის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მას ხელახლა მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, რათა დაიკავოს ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ასოცირებული პროფესორები დანიშნულ იქნენ 3 წლის ვადით, 2006 წლის 1 სექტემბრიდან 2009 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო ასისტენტ პროფესორები _ 2 წლის ვადით, 2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე. ამრიგად, უკვე კარს ახლოვდება ახალი კონკურსის ჩატარების ვადა ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ხოლო 1 წელიწადში ასევე ჩატარდება ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუკი მოსარჩელე ვერ იდავებდა 04.08.06წ. ¹01-02/410 ბრძანების კანონიერებაზე და ვერ მიაღწევდა მის ბათილად ცნობას, იგი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, სხვა გზით დაეკმაყოფილებინა თავისი კანონიერი ინტერესი _ დაეკავებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მარკეტინგის მიმართულებით აკადემიური თანამდებობა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი კონკურსები უახლოეს პერიოდში ჩატარდება. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხემ ნ. კ.-ს მიწვეული სპეციალისტის რანგში შესთავაზა ლექციების წაკითხვა, რაზეც მან უარი განაცხადა. ასკ-ის 262.2 მუხლის მიხედვით, სასამართლო განჩინებით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 262.5 მუხლის მიხედვით კი, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, დაუშვებლობის მოტივით, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას. ამრიგად, ნ. კ.-ის სარჩელზე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, 04.08.06წ. ¹01-02/410 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, დაუშვებლობის გამო, საქმის წარმოება შეწყდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.07.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდნენ პირები, რომელთა შორის არ ყოფილა ნ. კ.-ე, რაც იყო მართლსაწინააღმდეგო. კონკურსში სხვა პირთა გამარჯვებულად გამოცხადებით კი ცხადი იყო, რომ ნ. კ.-ს უარი ეთქვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. მას, როგორც კონკურსში მონაწილე პირს გააჩნდა აბსოლუტურად მართლზომიერი უფლება და ინტერესი, რომ იგი დანიშნული ყოფილიყო თანამდებობაზე კონკურსის შედეგად, თუკი კონკურსი ჩატარდებოდა მართლზომიერად და არა იმ უხეში დარღვევების ფონზე, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება იმ დასკვნების გამოტანა, რომ ნ. კ.-ის კანონიერ უფლებას და ინტერესს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, ასევე მას უკანონოდ ეზღუდება უფლება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გვარისა და სახელის გაუთვალისწინებლობა არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია ამ აქტით იმ პირის უფლებების დარღვევა, რომელიც არ არის აქტში მოხსენიებული. სასამართლოს ამ არგუმენტის გაზიარების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება რომელიმე კონკურსის შედეგების გასაჩივრება, რადგან გამარჯვებული კანდიდატი მას არასდროს გაასაჩივრებს, ხოლო მის მეტი სხვა არავინ მოხსენიებული არ იქნება ასეთ აქტში. ამრიგად, არსებობს შემთხვევები, როდესაც სარჩელის საფუძველს სწორედ ის ქმნის, რომ სადავო აქტში პირის მოუხსენიებლობა არის მართლსაწინააღმდეგო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირის კუთვნილი უფლებით აღიჭურვება სხვა პირი, ხოლო ამ უფლების მიკუთვნებაზე პირი იღებს უარს იმის გამო, რომ ეს უფლება სხვას ენიჭება. ასეთ შემთხვევაში უფლების შეზღუდვა, უფლებისა და ინტერესისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება, უდავოდ სახეზეა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ნ. კ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 89 მუხლის 11-ე პუნქტის მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს 2006-07 სასწავლო წლის დაწყებამდე დაევალათ პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით. საქართველოს პრეზიდენტის 08.06.05წ ¹473 ბრძანებულების მე-2 მუხლის თანახმად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მიენიჭა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური თანამდებობის მოსაპოვებლად ნ. კ.-მ 22.06.06წ. განცხადებით მიმართა საკონკურსო კომისიას, განცხადებას თან ახლდა კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტაცია. საკონკურსო კომისიის 27.07.06წ. ¹3 ოქმის თანახმად კომისიამ დაადგინა ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, მათ შორის მარკეტინგის მიმართულებით, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად რეკომენდაციამიცემული პირები, რომელთა შორის ნ. კ.-ე არ არის მითითებული. აღნიშნულის საფუძველზე ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 28.07.06წ. მომზადდა შესაბამისი წარდგინება. “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის თაობაზე” თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. ¹01-08/410 ბრძანებით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კონკურსში გამარჯვებული პირები დაინიშნენ აკადემიურ თანამდებობებზე.
სასკ-ის 22-ე მუხლის თანახმად სარჩელის დასაშვებად ცნობისათვის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებებს. ნ. კ.-ს, როგორც კონკურსის მონაწილეს, ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო გამოცხადებულ კონკურსში და ინტერესი – დაეკავებინა ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა. თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მოსარჩელის ინტერესზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკურსანტს კონკურსის შედეგებისადმი გააჩნია უშუალო უფლებადამცავი ინტერესი. ის გარემოება, რომ ნ. კ.-ე არ არის მოხსენიებული თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. ¹01-02/410 ბრძანებაში, რომლის ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მარკეტინგის მიმართულებით აკადემიურ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის ნაწილში, თავისთავად არ ქმნიდა სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, ვინაიდან სწორედ, რომ დანიშნულ პირთა სიაში მოსარჩელის არ მითითება, მოსარჩელის აზრით, ლახავს მის კანონიერ ინტერესს, მოსარჩელე თვლის, რომ დანიშნულ პირთაგან ზოგიერთს კანონით განუსაზღვრელი კრიტერიუმებით მიენიჭა უპირატესობა, არსებობდა კონკურსის შედეგად მისი აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონკურსო პროცედურა ითვალისწინებს რიგ, კანონმდებლობით მოწესრიგებულ, ადმინისტრაციული მოქმედების (მასობრივი ინფორმაციის საშუალებით კონკურსის გამოცხადება, განცხადებების რეგისტრაცია და სხვ.) შესრულებას და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (კონკურსის დანიშვნა, საკონკურსო კომისიის დასკვნა, რექტორის ბრძანება დანიშვნის შესახებ) გამოცემას. სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, თუ რომელი აქტი უნდა გაეხადა სადავო მოსარჩელეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება (შეფასება) არის დანიშვნის პროცედურის სავალდებულო კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს თითოეული კომისიის წევრთა გადაწყვეტილებების ერთობლიობას. კონკურსანტების შეფასების უფლებამოსილება წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დისკრეციის სფეროს. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნების ელემენტებს. “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის თანახმად უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პერსონალის ფორმირება, ვაკანსიის დაკავების წესი გულისხმობს ღია კონკურსის ჩატარებას. საკონკურსო კომისიის შექმნის მიზანია ვაკანსიის დაკავებისათვის დადგენილი მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენა, საკონკურსო კომისიის დასკვნა ადასტურებს ან უარყოფს კორკურსანტის მიერ ვაკანსიის დაკავების უფლებას, კომისიის დასკვენა წარმოშობს სამართლებრივ შედეგს კონკურსანტის მიმართ, საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე ხდება კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაცია შებოჭილია კონკურსის შედეგებით, გადაწყვეტილებას დანიშვნის შესახებ საფუძვლად უდევს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს იურიდიული შემადგენლობის გადამწყვეტ ელემენტს, იურიდიულ ფაქტს (ხდომილებას), რომელსაც ეყრდნობა სასწავლებლის ადმინისტრაცია ვაკანტური ადგილის დაკავების საკითხის გადაწყვეტისას, საკონკურსო კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში არც მოვალეობის ფაქტობრივი შესრულება და არც ბრძანება სამსახურში მიღების შესახებ ვერ იქნება მიჩნეული ვაკანსიის დაკავების საფუძვლად. ამასთანავე, საკონკურსო კომისია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულს, ადგილი აქვს უფლებამოსილების ერთგვარ გამიჯვნას – საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გამოიტანოს სავალდებულო გადაწყვეტილება, მაგრამ არ არის უფლებამოსილი აღასრულოს იგი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია აღასრულოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, მაგრამ არ არის უფლებამოსილი გამოიტანოს გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის შეფასების თაობაზე. უფლებამოსილების ამგვარი გაყოფა არის შიდასტრუქტურული, გარე სამართალურთიერთობებში სსიპ-ს წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ასევე “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თსუ-ს რექტორი უფლებამოსილია (ვალდებულია) წარმოადგინოს მის მიერ მართვადი დაწესებულება, დადოს ასეთი დაწესებულების სახელით გარიგებები მესამე პირებთან ურთიერთობებში. ამდენად, კონკურსში გამარჯვებულის დანიშვნის შესახებ ბრძანების გასაჩივრება იმავდროულად უკავშირდება კონკურსის შედეგების, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი აქტის გასაჩივრებას, კომისიის მიერ ნ. კ.-ის პროექტის უარყოფითი შეფასება, რექტორის ბრძანებისაგან დამოუკიდებლად ეხებოდა ნ. კ.-ის ინტერესებს (სზაკ-ის 177.4 მუხ.). კონკურსის კანონიერების დადგენა საჭიროებს ამ ორი აქტის კომპლექსურ განხილვას, მათი მართლზომიერების დადგენას. ნ. კ.-ის მოთხოვნა კონკურსის შედეგის გადასინჯვის შესახებ მოიცავს ნ. კ.-ის მიმართ მიღებულ უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც, რექტორის სადავო ბრძანება წარმოადგენს საკონკურსო პროცედურის დამაგვირგვინებელ აქტს, მისი გასაჩივრებით მოსარჩელე მოიცავს კონკურსის მომდევნო ეტაპებს, “მარკეტინგის მიმართულებით ასოცირებული პროფეორისა და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე სხვა პირების დანიშვნის შესახებ” ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. ¹01-02/410 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნა იმავდროულად მოიცავს მისი თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც, რადგან მოსარჩელის ინტერესი მდებარეობს მისი თანამდებობაზე დანიშვნაში და არა სხვა პირების თანამდებობიდან გათავისუფლებაში, რის გამო არსებობდა არა საქმის წარმოების შეწყვეტის, არამედ დავის საგნის დაზუსტების, აღნიშნულის შედეგად სადავო აქტთან ერთად საკონკურსო პროცედურის იმ აქტის მართლზომიერების შემოწმების საფუძველი, რომლითაც შეფასდა მოსარჩელის კანდიდატურა. ამდენად, სასამართლომ უნდა გაარკვიოს საკონკურსო კომისიის რომელ დოკუმენტში აისახა კონკუნსანტთა შეფასების შედეგები. მართალია, მოსარჩელე თავად არჩევს სარჩელის სახეს, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის მისაღწევად, მოსარჩელემ აგრეთვე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების თანახმად იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, პროცესის დაჩქარების მიზნით მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს სარჩელის სახეობის ზუსტ დადგენას. მოსარჩელე მოითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ცნობას. სარჩელის ამ სახის მიზანს შეადგენს აქტის გამოცემით გამოწვეული მდგომარეობის აღმოფხვრას, ანუ აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღმოფხვრას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მიზნად აქვს არა აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, არამედ ხსენებული მდგომარეობის შეცვლა და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა – კონკურსში გამარჯვებულად ცნობა, აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნა. აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის შემთხვევაშიც, სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. ამასთანავე, აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს დავალების შესახებ სარჩელი (სასკ-ის 23-ე მუხ.) მოიცავს აგრეთვე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნასაც (სასკ-ის 22-ე მუხ.), რადგან მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებამ აქტის გამოცემის დავალების შესახებ სათანადო შედეგს მიაღწიოს, თუ ბათილად არ გამოცხადდა ადმინისტრაციული ორგანოს ის აქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კონკურსანტის განცხადება. ამდენად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით (ასკ-ის 23-ე მუხ.), უკეთუ საქმის არსებითი განხილვისას დადგინდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა ან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე აქტის გამოცემა, სასამართლო ასკ-ის 33.1, 32.4 მუხლების საფუძველზე დაავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. შესაბამისად, დაუშვებლობით საქმის წარმოების შეწყვეტამდე საჭირო იყო, მოსარჩელის თანხმობის საფუძველზე, სარჩელის ტრანსფორმირების საკითხის გადაწყვეტა. ასკ-ის 281 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების დაუცველობის პირობებში დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა.
საქმის წარმოების შეწყვეტის მართლზომიერებას არ ადასტურებს აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითება აღმჭურველი აქტის გაუქმებით მასში მითითებული პირებისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობის, მოწვეულ სპეციალისტად ლექციების წაკითხვის წინადადების ნ. კ.-ის მიერ უარყოფის, კონკურსის პერიოდულობის, ახალ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის შესახებ, მით უფრო, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია ახალი კონკურსის ჩატარება, ამასთანავე, კონკურსის ჩატარების დროს არსებული ვითარების, კერძოდ კონკურსის ჩატარების მომენტში კანდიდატის მომზადების დონის აღდგენა შეუძლებელია, მნიშვნელობა აქვს კონკურსის პირობებთან კანდიდატის შესაბამისობას კონკურსის ჩატარების მომენტში, კონკრეტულ მონაწილეთა საშუალო დონეს, რაც საკონკურსო კომისიას უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი საქმის წარმოების შეწყვეტის მოტივაცია კონკურსის შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობის უარყოფის ტოლფასია და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ. რაც შეეხება სასამართლო დავის განხილვის პერიოდში კონკურსის წესით აკადემიურ თანამდებობაზე ვადის გასვლას, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული არ იწვევს ავტომატურად საქმის წარმოების შეწყვეტას, უკეთუ მოსარჩელე ინარჩუნებს სადავო აქტების უკანონობის დადგენის ინტერესს იმიჯის აღდგენის, რეაბილიტაციის, მომავალში იგივე დარღვევის თავიდან აცილების, ზიანის ანაზღაურების და სხვ. მოტივებით(სასკ-ის 32.3 მუხ.). ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის აგრეთვე სასამართლოს მიერ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის უარის უკანონობის აღიარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეზე საჭიროა დავის საგნის დაზუსტება, კერძო საჩივრით გასაჩივრებული სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სასკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუჟველს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08წ. განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.