Facebook Twitter

ბს-147-142(კს-09) 26 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. თ.-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2001 წლის 5 იანვარს ლ. თ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის, გ. ა.-ის, ა. ჩ.-ს, თ. ფ.-ს, ნ. თ.-ის, გ. მ.-ის, ნ. ჩ.-ისა და მესამე პირების: ქ. თბილისის ¹1 და ¹21 სანოტარო კანტორების მიმართ, ქ. თბილისში, ცისკრის ქ. ¹11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების აღდგენის, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და პრივატიზაციის ხელშეკრულებების გაუქმების მოთხოვნით.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ლ თ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ.-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 16 ივნისის განჩინებით ლ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა 2003 წლის 16 ივლისამდე წარმოედგინა სააპელაციო საჩივარი და მისი დანართები სათანადო რაოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ლ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

2006 წლის 20 აპრილს ლ. თ.-მა კერძო საჩივრით მიმართა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 აგვისტოს განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით ლ. თ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 11 აგვისტოს განჩინება და საქმე განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. თ.-ის კერძო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეში დაცულ მასალებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ საქმე წარმოებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, რისი გათვალისწინებითა და მხარის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

საქმეში ტ. 2 ს.ფ. 237 დაცულია ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 16 ივნისის განჩინება, რომლითაც ლ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი, ასლების არასათანადო რაოდენობით წარმოუდგენლობის მოტივით, დატოვებულია ხარვეზზე.

საქმეში არ არის წარმოდგენილი გზავნილი, რომელიც დაადასტურებდა წინამდებარე განჩინების ლ. თ.-ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარების ფაქტს. აღნიშნულის მიუხედავად, იმავე სასამართლოს 2003 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად. ამასთან, საგულისხმოა, რომ სასამართლოსათვის, ხარვეზის თაობაზე განჩინების მიღებამდე, ცნობილი იყო ფაქტი იმის თაობაზე, რომ აპელანტი აპირებდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას.

საკასაციო სასამართლოს, საქმეში დაცული რიგი დოკუმენტები, არ აძლევს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მოტივაციის უპირობოდ გაზიარების შესაძლებლობას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს გაშვებული აქვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 აგვისტოს განჩინების გასაჩივრების ვადა.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ დასკვნას ავითარებს თავად კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან მითითებულ გარემოებაზე დაყრდნობით, კერძოდ, ლ. თ.-ი განმარტავს, რომ მან საოლქო სასამართლოს 2003 წლის 11 აგვისტოს განჩინება ჩაიბარა მეზობლის მეშვეობით 2005 წლის 4 დეკემბერს.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე დაყრდნობით, უდავოდ მიიჩნევს სასამართლოს შესაძლებლობას თავისი გადაწყვეტილება (განჩინება) დააფუძნოს მხარეთა აღიარებაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ტომი 5 ს.ფ, 2,6,7 დაცულია სხვადასხვა შინაარსის არაერთი განცხადება, რომელთა მეშვეობითაც მხარე ითხოვს ვადის აღდგენას, მოსამართლის აცილებას, საქმის წარმოების განახლებას და მიუთითებს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი ვერ იქნებოდა განუხილველად დატოვებული, ვინაიდან წარმოდგენილი იყო სათანადო ოდენობით და არცერთ მათგანზე სასამართლოს მხრიდან მიღებული არ არის შესაბამისი პროცესუალური დოკუმენტი, სასამართლოს მხარისათვის არ მიუთითებია განცხადებაში წარმოდგენილი მოთხოვნების დაზუსტების საჭიროების თაობაზე და რაც მთავარია, არ მოუძიებია გზავნილის ჩაბარების დასტური, საკასაციო სასამართლო, მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილებიდან გამომდინარე, შეუძლებლად მიიჩნევს თავად იმსჯელოს ლ. თ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე და თვლის, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. თ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 აგვისტოს განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივნისის განჩინება და ლ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ბს-40-40(კ-09) 26 მარტი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 16 მაისს რ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რიონულ სასამართლოს, მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹560 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. კ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. კ.-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება; რ. კ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹560 გადაწყვეტილება რ. კ.-ის ნაწილში; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას დაევალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი მხარისათვის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დავის საგნიდან გამომდინარე.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიას დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. კ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 6 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად რ. კ.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2009 წლის 2 მარტს რ. კ.-ის წარმომადგენელმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რ. კ.-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ რ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რ. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ რ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ბ.-ს უნდა დაუბრუნდეს რ. კ.-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).”

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. კ.-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. ე. ბ.-ს დაუბრუნდეს რ. კ.-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222”;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.