ბს-1484-1415(კს-09) 24 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. შ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 7 აპრილს ი. შ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა, აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებასა და 2008 წლის 21 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელში მითითებულ 2005 წლის 28 თებერვლის ¹14, 2005 წლის 2 მარტის ¹15, 2005 წლის 14 ივლისის ¹48, 2005 წლის 23 დეკემბრის ¹143, 2006 წლის 21 იანვრის ¹16, 2006 წლის 15 თებერვლის ¹29 და 2006 წლის 18 დეკემბრის ¹202 ბრძანებებში ცვლილების შეტანა, მისი აბაშის საფინანსო სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღამასრულებლისათვის 2007 წლის 31 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დავალდებულება.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 აპრილის განჩინებით მოსამართლემ, მოსარჩელე ი. შ-ძის სასარჩელო განცხადების განხილვასთან დაკავშირებით, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, განაცხადა თვითაცილება.
2009 წლის 15 აპრილს აღნიშნული საქმე გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ი. შ-ძის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 22 სექტემბერს ი. შ-ძემ განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, რაც საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენდა სააპელაციო საჩივარს, მაგრამ იმ მოტივით რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება ი. შ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 25 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 22 სექტემბერს და დაირღვა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადა, ამიტომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ი. შ-ძის საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. შ-ძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მას სააპელაციო საჩივარი არ დაუწერია, აქედან გამომდინარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა უკანონო განჩინება და მისი გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ი. შ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი. შ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო საჩივრით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ი. შ-ძის 2009 წლის 22 სექტემბრის განცხადება თავისი შინაარსით, მართლაც, წარმოადგენს სააპელაციო საჩივარს, რომლის დასაშვებობის შემოწმებაც უნდა მოხდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, 367-369-ე, 374-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისას ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება ი. შ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 25 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2009 წლის 22 სექტემბერს, ამდენად, დაირღვა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადა, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ი. შ-ძის საჩივარი დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. შ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. შ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.