ბს-1485-1416(კს-09) 21 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს ,,...»
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი _ შპს ,,...»
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 20 თებერვალს შპს ,,...» სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიმართ და შპს ,,...» გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაუქმებისა და შპს ,,...» ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 27 იანვრის ¹1/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,...» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. შპს ,,...» სარჩელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და მესამე პირის შპს ,,...» მიმართ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2009 წლის 27 იანვრის ¹1/1 გადაწყვეტილების, შპს ,,...» გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაუქმებისა და შპს ,,...» ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემის ბათილად ცნობის თაობაზე, ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,...» სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...» საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...» კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...» კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების ასლი შპს ,,...» წარმომადგენელს _ გ. ლ-შვილსა და თავად შპს-ს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2009 წლის 10 სექტემბერს. შპს ,,...» წარმომადგენლის გ. ლ-შვილისათვის გაგზავნილი საფოსტო გზავნილი 2009 წლის 14 სექტემბერს ჩაბარდა ოფისმენეჯერს _ დ. კ-იანს მისამართზე, ქ. თბილისი, ... ქ. ¹4-ში (ს.ფ. 166). შპს ,,...» გაგზავნილი საფოსტო გზავნილი ჩაბარდა ნ. ქ-ძეს 2009 წლის 15 სექტემბერს. დადგენილია, რომ შპს ,,...» სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2009 წლის 29 სექტემბერს (ს.ფ. 181).
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ შპს ,,...» მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ვადა შპს ,,...» ამოიწურა 2009 წლის 28 სექტემბერს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ ჩაითვლება შპს-ს წარმომადგენლის ჩაბარებად, ვინაიდან შპს ,,...» წარმომადგენლის _ გ. ლ-შვილის სამუშაო ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარებოდა კანცელარიას ან უფლებამოსილ პირს. რაც შეეხება დ. კ-იანს, რომელმაც 2009 წლის 14 სექტემბერს ჩაიბარა გზავნილი, მართალია, იმყოფებოდა ოფისში, მაგრამ 2009 წლის 10 სექტემბრიდან 2009 წლის 21 სექტემბრამდე იყო ანაზღაურების გარეშე შვებულებაში და შრომითი კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მასთან შრომითი ურთიერთობა იმ ეტაპზე შეჩერებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ იყო უფლებამოსილი სასამართლო უწყების ან სხვა დოკუმენტის ჩაბარებაზე. კერძო საჩივარზე თანდართულია საადვოკატო ბიურო ,,...» 2009 წლის 8 სექტემბრის ¹გაპ-203 ბრძანება, საიდანაც დგინდება, რომ სპს ,,...» ოფისის მენეჯერი _ დ. ჯ-იანს ოჯახური მდგომარეობის გამო მიეცა ანაზღაურების გარეშე შვებულება 2009 წლის 10 სექტემბრიდან 2009 წლის 21 სექტემბრამდე.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალიწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება გზავნილის მეორე ეგზემპლარზე გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ეს მოსაზრება გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყების მეორე ეგზემპლარის გზავნილის ჩაბარების ნაწილი შევსებულია სრულად, მასზე მითითებულია ჩამბარებელი პირის სახელი, ხელმოწერა, თანამდებობა, პირადი ნომერი და ჩაბარების თარიღი. ის გარემოება, რომ ჩაბარების დღისათვის დ. კ-იანი იმყოფებოდა შვებულებაში, რის გამოც მასთან შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იყო და არ გააჩნდა არანაირი გზავნილის ჩაბარების უფლებამოსილება, საფუძველს მოკლებულია. ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით, სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი პირადი პასუხისმგებლობით ვალდებულია, სასამართლოს კურიერს ან ფოსტის მუშაკს განუმარტოს თავისი უფლებამოსილება და დაადასტუროს გზავნილის მიღება ხელმოწერით. განსახილველ შემთხვევაში, როგორც სასამართლო გზავნილის ჩაბარების დასტურით, ასევე კერძო საჩივარზე თანდართული ბრძანებით დგინდება, რომ დ. კ-იანი არის სპს ,,...» ოფისის მენეჯერი. ამდენად, დ. კ-იანს, თუ იგი შვებულების პერიოდში იმყოფებოდა სამსახურში, თავად გააჩნდა ვალდებულება უზრუნველეყო, საამისოდ უფლებამოსილი პირისათვის წარედგინა ფოსტის მუშაკი, ხოლო თუ მან ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, ასევე გააჩნდა ვალდებულება უზრუნველეყო მისი უფლებამოსილი პირისათვის დროულად გადაცემა.
საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა შპს ,,...» მიერ 2009 წლის 15 სექტემბერს გზავნილის ჩაბარების შემდეგ. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა მათ მიერ ათვლილ იქნა 2009 წლის 15 სექტემბერიდან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ამდენად, გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადის ათვლა იწყება მხარის ან წარმომადგენლისათვის ჩაბარების პირველივე თარიღიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ გ. ლ-შვილს, როგორც შპს ,,...» წარმომადგენელს სპს ,,...» საადვოკატო ბიუროს საქმეში მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, ... ქ. ¹4-ში 2009 წლის 14 სექტემბერს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შპს ,,...» აითვლება ამ დღიდან და სრულდება 2009 წლის 28 სექტემბერს. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მართებულად იქნა მიჩნეული, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...» კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.