Facebook Twitter

ბს-1495-1452(კს-08) 26 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ხ.-ი, წარმომადგენელი _ მ. მ.-ი

მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი _ მ. ბ.-ი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი _ გ. ბ.-ე

დავის საგანი _ უფლებამონაცვლის დადგენა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 3 ივნისს ა. ხ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1971-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში ,,ან-2”, ,,იაკ-40”, ,,ტუ-154” ტიპის თვითმფრინავებზე ხომალდის მეთაურად. ა. ხ.-ს ჰქონდა 31 წლის მუშაობის საერთო სტაჟი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აწარმოებდა საჰაერო გადაზიდვებს, რისთვისაც დაჯილდოებული იყო მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის”. 1996-2000 წლებში მუშაობდა ა/კ ,,...-ში”. 2000 წელს სმენის გაუარესების გამო ცნობილ იქნა სპეციალობით სამუშაოს შესრულების უვარგისად. თბილისის ისანი-სამგორის სარაიონთაშორისო საექსპერტო კომისიის 2002 წლის 11 თებერვლის ¹25 დასკვნით დაუდგინდა შრომის უნარიანობის დაკარგვა 60%-ით და ცნობილ იქნა შრომის III ჯგუფის ინვალიდად. 2002 წლის 19 თებერვალს ა. ხ.-მა განცხადებით მიმართა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას პროფესიულ დაავადებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო.

მოსარჩელის განმარტებით, მუშაობის ბოლო სამი თვის პერიოდში მისი სპეციალობის ,,ბ” ტიპის თვითმფრინავის მეთაურის საშუალო გამომუშავების თანხა შეადგენდა 1668 ლარს. ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების II თავის მე-11 მუხლის საფუძველზე მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, სამედიცინო დასკვნით დადგენილი ვადით _ მუდმივად. მოსარჩელის განმარტებით, მას უნდა ანაზღაურებოდა ბოლო 3 თვის ფაქტობრივად ნამუშევარი და მიღებული ხელფასის 60%, რაც 1008 ლარს შეადგენდა. ამასთან, ზემოხსენებული ბრძანებულების 52-ე მუხლის შესაბამისად, მას ასევე უნდა ანაზღაურებოდა ზიანი მიმართვის დღისათვის ორგანიზაციაში არსებული შესაბამისი ხელფასიდან ან გაანგარიშების დღისათვის საბაზრო ფასებზე დაყრდნობით.

2002 წლის 5 აგვისტოს ა. ხ.-მ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოპასუხეებად _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაცების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია და ,,...-ი” დაასახელა. ხსენებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა ბოლო 3 თვის ფაქტობრივად ნამუშევარი და მიღებული ხელფასის 60%-ის ოდენობით თანხის გადახდა, რაც 1008 ლარს შეადგენდა. ამასთან, სარჩელის შეტანიდან საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე ზიანის ანაზღაურება _ 11676 ლარის ოდენობით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიას და ,,...-ს” ა. ხ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად ყოველთვიური სარჩოს სახით _ 420 ლარისა და ზიანის სახით _ 5040 ლარის გადახდა დაეკისრათ; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია” მიჩნეულ იქნენ არასათანადო მოპასუხეებად და მათ მიმართ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ხ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს ,,...-ც” გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ხ.-მა უარი თქვა მოთხოვნაზე შპს ,,...-ის” მიმართ, ხოლო ამ უკანასკნელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,...-ის” განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და შეწყდა საქმის წარმოება შპს ,,...-ის” სააპელაციო საჩივრის ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიას დაეკისრა ა. ხ.-ის სასარგებლოდ 2002 წლის თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს სახით _ 688 ლარის გადახდა და მასვე დაეკისრა დამატებითი ხარჯის _ შრომისუუნარობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების _ 8256 ლარის გაცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 10 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

2008 წლის 3 ივნისს ა. ხ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 10 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ნაცვლად, მისი უფლებამონაცვლე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მითითება და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

განცხადების ავტორის განმარტებით, “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 2002 წლის 1 იანვარს ლიკვიდაცია განიცადა საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ, ხოლო “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, შეიქმნა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. ხსენებულ კანონში 2004 წლის 24 ივნისს განხორციელებული ცვლილების გამო, მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის შემდეგ მისი უფლებამონაცვლეობა გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ განცხადებას და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ დასახელებულ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიის უფლებამონაცვლეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ა. ხ.-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 10 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ნაცვლად უფლებამონაცვლის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მითითებისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2008 წლის 2 ივლისს სასამართლო დავალების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შექმნილი სპეციალური ჯგუფის 2008 წლის 24 ივნისის ¹01/34 წერილი (ინფორმაცია), რომლის თანახმადაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შექმნილი სპეციალური ჯგუფის წარმოებაში იმყოფებოდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 10 მაისს გაცემული ¹3ბ/641 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიას ა. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8256 ლარის და 2002 წლის 11 თებერვლიდან ყოველთვიურად _ 688 ლარის გადახდა. მოვალეს _ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 1 ივნისს ჩაჰბარდათ გაფრთხილება თანხის სამი თვის ვადაში ნებაყოფლობით გადახდის შესახებ, რაც არ შესრულებულა. კრედიტორმა ა. ხ.-მ მოითხოვა მისი კუთვნილი თანხის ეტაპობრივად შესრულება. მათ მიერ 28.12.05 წ. თანხით 8256 ლარზე, 20.11.06წ. 3400 ლარზე და 05.07.07წ. კრედიტორის განცხადების საფუძველზე _ 9024,91 ლარზე საქართველოს ეროვნულ ბანკში გაგზავნილი იქნა საინკასო დავალება კრედიტორის კუთვნილი თანხის უდავო წესით ჩამოწერის მიზნით. სპეციალური ჯგუფის ანგარიშზე თანხის ჩამორიცხვის შემდეგ გაიცა კრედიტორზე საბანკო ჩეკები. მათთვის ცნობილი გახდა, რომ ყოველთვიურ სარჩოს კრედიტორზე გასცემდა საქართველოს სპეციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენდა სოციალური სუბსიდიების სააგენტო, რომლის პასუხის თანახმად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის არსებული 2001 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ფონდს დაფარული ჰქონდა ა. ხ.-ის კუთვნილი ყოველთვიური თანხა 688 ლარი 2002 წლის თებერვლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე, ხოლო წინა პერიოდის დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნდა. იმავე მოთხოვნით მიმართეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლეს, საიდანაც პასუხი ხსენებული ინფორმაციის წარმოდგენის მომენტისათვის ჯერ არ ჰქონდათ.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდებოდა სათანადო უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორს ან მის უფლებამონაცვლე პირს სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეეტანა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსასრულებელი იყო. ამასთან არ იყო ნათელი, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიის უფლებამონაცვლეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ ნაწილში წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ასევე არ დასტურდებოდა, რომ უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი იყო სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ. საგულისხმო იყო, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეებს წარმოადგენდნენ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისია, სსიპ “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია”, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის შესულების ვალდებულება დაეკისრა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიას (და არა საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას).

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ხ.-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 10 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ნაცვლად უფლებამონაცვლის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მითითებისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე ა. ხ.-მა კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ლიკვიდირებულია და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულების საფუძველზე მას წარმოადგენდა შექმნილი სალიკვიდაციო კომისია, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სალიკვიდაციო კომისია არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში არ გამოდიოდა როგორც იურიდიული პირი, რომელზეც სასამართლოს შეეძლო სარჩოს თანხის დაკისრება, ვინაიდან იგი წარმოადგენდა მხოლოდ მოპასუხეს _ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ტრასპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას, რომლის ლიკვიდაციის თაობაზე იყო მიღებული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება და ლიკვიდაციის პროცედურის დასრულებამდე სასამართლოს სხდომაზე მას წარმოადგენდა სალიკვიდაციო კომისია.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული იყო, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისია და რომ მოთხოვნის შესრულების ვალდებულება დაეკისრა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიას და არა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისია საერთოდ არ იყო შექმნილი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამონაცვლეს, რის გამოც მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ა. ხ.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 29 იანვარს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ა. ხ.-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიას დაეკისრა ა. ხ.-ის სასარგებლოდ 2002 წლის თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს სახით _ 688 ლარის გადახდა და მასვე დაეკისრა დამატებითი ხარჯის _ შრომისუუნარობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო, ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების _ 8256 ლარის გაცემა. ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა, ხოლო 2004 წლის 10 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც მოვალედ მითითებული იყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შექმნილი სპეციალური ჯგუფის 2008 წლის 24 ივნისის ¹01/34 წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შექმნილი სპეციალური ჯგუფის წარმოებაში იმყოფებოდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 10 მაისს გაცემული ¹3ბ/641 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიას ა. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8256 ლარის და 2002 წლის 11 თებერვლიდან ყოველთვიურად _ 688 ლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მოვალეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 1 ივნისს ჩაჰბარდათ გაფრთხილება თანხის სამი თვის ვადაში ნებაყოფლობით გადახდის შესახებ, რაც არ შესრულებულა. კრედიტორმა ა. ხ.-მა მოითხოვა მისი კუთვნილი თანხის ეტაპობრივად შესრულება. მათ მიერ 28.12.05წ. თანხით 8256 ლარზე, 20.11.06წ. 3400 ლარზე და 05.07.07წ. კრედიტორის განცხადების საფუძველზე _ 9024,91 ლარზე საქართველოს ეროვნულ ბანკში გაგზავნილ იქნა საინკასო დავალება კრედიტორის კუთვნილი თანხის უდავო წესით ჩამოწერის მიზნით. სპეციალური ჯგუფის ანგარიშზე თანხის ჩამორიცხვის შემდეგ გაიცა კრედიტორზე საბანკო ჩეკები. მათთვის ცნობილი გახდა, რომ ყოველთვიურ სარჩოს კრედიტორზე გასცემდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენდა სოციალური სუბსიდიების სააგენტო, რომლის პასუხის თანახმად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის არსებული 2001 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ფონდს დაფარული ჰქონდა ა. ხ.-ის კუთვნილი ყოველთვიური თანხა 688 ლარი 2002 წლის თებერვლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე, ხოლო წინა პერიოდის დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნდა. იმავე მოთხოვნით მიმართეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლეს, საიდანაც პასუხი ხსენებული ინფორმაციის წარმოდგენის მომენტისათვის არ ჰქონდათ მიღებული.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულებულია, კერძოდ, ა. ხ.-ს აუნაზღაურდა შრომისუუნარობის ნაწილობრივ დაკარგვის გამო, ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების თანხა _ 8256 ლარი და ყოველთვიური თანხა _ 688 ლარი, 2002 წლის თებერვლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებულ დანარჩენ ასანაზღაურებელ თანხაზე უფლებამოსილ სუბიექტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია. აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. აღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. აღნიშნულ კანონში 2004 წლის 24 ივნისის ¹195-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების თანახმად კი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, მისი უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით 2007 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა “შრომითი მოვალების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება. ამასთან, საქართველოს მთავრობას დაევალა აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად ნორმატიული აქტის მიღების უზრუნველყოფა. აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ “შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდებოდა დანიშნული “ზიანის ანაზღაურების ყოვეთვიური სარჩოს” გაცემის ვალდებულება, ხოლო ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სსიპ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ძველი წესით დანიშნულ სარჩოზე არსებული დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით ა. ხ.-ს მინიჭებული ჰქონდა სარჩოს მიღების სამისდღეშიო უფლება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ “საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულება, რომლითაც შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა “საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია საბოლოოდ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით, შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დასრულებამდე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. ხ.-თვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

რაც შეეხება შემდეგი პერიოდის ასანაზღაურებელ თანხაზე უფლებამოსილ სუბიექტს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს, ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ, ა. ხ.-თვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დანიშნული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს გაცემის ფარგლებში, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის გათვალისწინებით, ვინ წარმოადგენს ხსენებული ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე უფლებამოსილ სუბიექტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ხ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ხ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.