ბს-1497-1428(კს-09) 16 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 29 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შ. მ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა შ. მ-ძეს საკონტრაქტო პირობების დარღვევის გამო დაკისრებოდა ჯარიმის სახით – 14000 ლარის, სანივთე ქონების – 391,42 ლარის, ზიანის – 10123,39 ლარისა და პირგასამტეხლოს 2006 წლის 25 დეკემბრიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე ყოველდღიურად – 14000 ლარის 0,2 %-ის ანაზღაურება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შ. მ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 24514,81 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 14000 ლარის 0,2%-ის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტს ჩაჰბარდა 2009 წლის 23 ოქტომბერს და არა 2008 წლის 18 სექტემბერს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში ს.ფ. 102-ზე დაცული გზავნილის ჩაბარების დასტურის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 18 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემოტანილია 2009 წლის 06 აგვისტოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავდა გასაჩივრების შესაძლებლობას, გასაჩივრების წესსა და ვადებს, რის გამოც არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის გამოყენების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა საქმეში დაცული გზავნილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის საფუძველზეც საეჭვოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას აპელანტის მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაშვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მისი მხრიდან მტკიცებულების სახით მოხმობილ დასტურზე, რომელიც განთავსებულია ს.ფ. 102-ზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში გზავნილის სახეობად მითითებულია განჩინება. იმავე საქმეში ს.ფ. 101-ზე წარმოდგენილია შპს ,,...” საშუალებით გაგზავნილი გზავნილების შესახებ ¹123 რეესტრის ამონაწერი, რომელშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გაგზავნილი დოკუმენტის სახეობად ასევე მითითებულია 3-75 განჩინებაზე. გაგზავნის თარიღია 16.09.08 წელი.
საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ შეფასება მისცეს საქმეში ს.ფ. 114-ზე წარმოდგენილ გზავნილს, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 3-75 გადაწყვეტილება სამ ფურცლად გაეგზავნა 2009 წლის 29 ივლისს, ხოლო ს.ფ. 117-ზე წარმოდგენილი ჩაბარების დასტურით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაბარდა 2009 წლის 30 ივლისს. საყურადღებოა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2009 წლის 06 აგვისტოს.
საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის, გასაჩივრების ვადის გაშვების მოტივით, განუხილველად დატოვების საფუძველს. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი თავის მხრივ მიუთითებს გადაწყვეტილების ჩაბარების განსხვავებულ თარიღებს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, წარმოებაში მიღების საკითხის დამატებითი გადაწყვეტის მიზნით, დაუბრუნოს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.