ბს-1505-1436 (კს-09) 14 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «...»
წარმომადგენელი _ ლ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ საპროცესო ვადის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 27 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს «...», მოპასუხის _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 17 იანვრის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. 2006 წლის 14 თებერვალს მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 იანვრის ¹46 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 17 იანვრის შემოწმების აქტის, ამავე ინსპექციის 2006 წლის 23 იანვრის ¹46 საგადასახადო მოთხოვნის დღგ-ს სახით დარიცხული 256.202,48 ლარის (ძირითადი) და 129.101,24 ლარის (ჯარიმის), შესაბამისი საურავებით, ასევე საშემოსავლო გადასახადის სახით 175.555,68 ლარის (ძირითადი) და 87.777,84 ლარის (ჯარიმის), შესაბამისი საურავით დარიცხვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; დანარჩენ ნაწილში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და თბილისის რეგიონალურ ცენტრს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა ყოველმხრივი, ობექტური და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს «...» საგადასახადო ვალდებულებების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს «...» სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან წარდგენილი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღის ვადა, მასვე განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
2009 წლის 5 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სააპელაციო საჩივრის ავტორმა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ ვადაგადაცილებული დავალიანების გამო შპს «...» ქონება იყო დაყადაღებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა კიდევ 5 დღით.
2009 წლის 13 ოქტომბერს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის სახის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, განცხადების ავტორი ითხოვდა სააპელაციო საჩივრის განხილვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა კიდევ 7 დღით იმ მოსაზრებით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი ოდენობით არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დადგენილ სახელმწიფო ბაჟის ოდენობას დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე.
2009 წლის 29 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს «...» წარმომადგენელმა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ განცხადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი იყო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს «...» წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორა განჩინებით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 02 ნოემბრის განჩინებაზე შპს «...» მიერ წარმოდგენილ იქნა კერძო საჩივარი, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ბოლო განჩინება, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, ჩაბარდა 2009 წლის 21 ოქტომბერს, მაგრამ, ვინაიდან მძიმედ იყო ავად და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, აღნიშნულ განჩინებაზე პასუხის გაცემა მოახერხა მხოლოდ 2009 წლის 29 ოქტომბერს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით. კერძო საჩივრის ავტორი დამატებით განმარტავს, რომ მის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები ქმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შპს «...» კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს «...» კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარის ოდენობით, არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილ ოდენობას. შპს «...» გაურძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა კიდევ 7 დღით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან (ტ. 3, ს.ფ. 31-34). შპს «...» წარმომადგენელს _ ლ. კ-ძეს განჩინების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 20 ოქტომბერს და ჩამოერთვა სათანადო ხელწერილი (ტ. 3, ს.ფ. 35).
დადგენილია, რომ ლ. კ-ძემ 2009 წლის 29 ოქტომბერს სასამართლოს აცნობა, რომ შპს «...» ვერ ახერხებდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორებას და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება (ტ. 3, ს.ფ. 41). კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოთხოვნით წარადგინა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კერძო საჩივრის მიზანია, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საპროცესო ვადის აღდგენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
დადგენილია, რომ შპს «...» სასამართლოში საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით. კერძო საჩივარს თან ერთვის ფორმა ¹100 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ შპს «...» წარმომადგენელს _ ლ. კ-ძეს 2009 წლის 23 ოქტომბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ექიმთან მიმართვისას დაუდგინდა დიაგნოზი ნეიროცირკულატორული დისტონია, ჰიპერტონიული ტიპი II. ექიმის რეკომენდაციით, ავადმყოფს ესაჭიროებოდა მკურნალობის გაგრძელება და წოლითი რეჟიმი ორი კვირის განმავლობაში (ტ. 3, ს.ფ. 58). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ავადმყოფობა არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი საპატიო მიზეზი საპროცესო მოქმედების შეუსრულების შეუძლებლობის დასადასტურებლად.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ავადმყოფობა გახდა მიზეზი სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობისა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი დოკუმენტი წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. შპს «...» წარმომადგენლის _ ლ. კ-ძის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინების ჩაბარების შემდეგ, როგორც წარმომადგენელს, ასევე მის მარწმუნებელ მხარეს წარმოეშვა ვალდებულება, ერთობლივი შეთანხმებული მოქმედებით შეესრულებია სასამართლოს განჩინება დადგენილ ვადაში, ამასთან განჩინებით დავალებული საპროცესო მოქმედება შესაძლებელი იყო, შესრულებულიყო მხარის მიერ დამოუკიდებლად.
შპს «...» წარმომადგენელი ლ. კ-ძე 2009 წლის 29 ოქტომბერს წარდგენილი განცხადებით ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, რაზეც სააპელაციო პალატამ, მანამდე წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების რაიმე საფუძველი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის ავტორს გაურგძელა ხარვეზის შევსების ვადა. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარუდგენია, რის გამოც სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «...» წარმომადგენლის _ ლ. კ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...» წარმომადგენლის _ ლ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.