Facebook Twitter

ბს-1551-1508(კს-08) 18 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი/მ «...»

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი(საგადასახადო ინსპექცია)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.10.08წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

26.12.06წ. ი/მ «...-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 06.12.06წ. ¹4677/2334 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.07.08წ. გადაწყვეტილებით ი/მ «...-ის» სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.07.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «...-მ».

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი არ იყო სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ოდენობა 2407.6 ლარი, თუმცა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აპელანტს წარმოდგენილი არ ჰქონდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ი/მ «...-ს» უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.08წ. განჩინებით ი/მ «...-ის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი უნდა შეევსო 2008 წლის 12 ოქტომბრამდე, მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტის მიერ ხარვეზი არ შევსებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ «...-მ». კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად, რადგან დავის მიმდინარეობისას ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ ყველა საბანკო ანგარიშებს დაედო ინკასო. სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად აუცილებელი იყო ანგარიშსწორება დარიცხვით განხორციელებულიყო. ი/მ «...» საქმიანობას ვერ ახორციელებდა, არ გააჩნდა შემოსავალი, საგამოძიებო ორგანოების მიერ საწარმოს უკანონოდ დალუქვის გამო გაუფუჭდა პროდუქცია, საწარმო გადახდისუუნარო გახდა, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი/მ «...-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში ი/მ «...-ის» სააპელაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.08წ. განჩინებით. აღნიშნული განჩინება ადრესატს ჩაბარებული აქვს 02.10.08წ. ამდენად, ხარვეზი აპელანტს 12.10.08წ. ჩათვლით უნდა გამოესწორებინა. მიუხედავად აღნიშნულისა, ი/მ «...-ს» სააპელაციო სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს. აპელანტს არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, გადავადება ან მისი ოდენობის შემცირება და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კანონიერად იქნა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებული. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს ი/მ «...» სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გაეთავისუფლებინა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან გათავისუფლებას სასამართლოს მიერ, ხოლო 48-ე მუხლი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას და მათი ოდენობის შემცირებას. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასამართლოს ხარჯებისგან გათავისუფლების, გადავადების ან შემცირების შესახებ, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს ბაჟის გადახდის შეუძლებლობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში ი/მ «...-ს» სასამართლოსათვის ასეთი შუამდგომლობით არ მიუმართავს. სააპელაციო საჩივარიც არ შეიცავდა სახელმწიფო ხარჯებთან დაკავშირებით შუამდგომლობას. მითითებული იყო მხოლოდ, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 2407 ლარსა და 60 თეთრს, თუმცა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოსათვის აპელანტ ი/მ «...-ს» არ წარუდგენია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ «...-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.08წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ «...-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.08წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.