Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1568-1523(კს-08) 23 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი/მ “გ. კ-ის” კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 4 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1568-1523(კს-08) ი/მ “გ. კ-ის” კერძო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ი/მ “გ. კ-ის” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416.1 მუხლის მოთხოვნას, რადგან საქმის მასალების თანახმად, გ. კ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინების ასლი გაგზავნილი ჰქონდა 2008 წლის 21 ოქტომბერს და მის მეუღლეს _ გ. გ-ეს ჩაბარებული ჰქონდა 2008 წლის 23 ოქტომბერს, რაც დასტურდებოდა გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (იხ. ს.ფ. 102). შესაბამისად, სსსკ-ის 416-ე მუხლით განსაზღვრული 12-დღიანი საპროცესო ვადა იწურებოდა 2008 წლის 4 ნოემბერს, კერძო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2008 წლის 7 ნოემბერს. თუმცა კერძო საჩივრის ავტორის უთითებდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების 2008 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარების შესახებ. შესაბამისად, ცდომილების თავიდან აცილების მიზნით, კერძო საჩივრის ავტორს დაევალა წარმოედგინა წერილობითი დადასტურება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების 2008 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ი/მ “გ. კ-ეს” მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 108-110).

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ი/მ “გ. კ-ის” კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კერძო საჩივრის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს – ი/მ “გ. კ-ეს” და მის წარმომადგენელს რ. მ-ეს გაეგზავნათ 2008 წლის 26 დეკემბერს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილი ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2008 წლის 27 დეკემბერს კერძო საჩივრის ავტორისათვის გადასაცემად მის მეუღლეს – გ-ეს (იხ. ს.ფ. 114) და მის წარმომადგენელს (იხ. ს.ფ. 115). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 6 იანვარს, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული.

კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის მოთხოვნათა დაცვით ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინების ასლი გაეგზავნა მხარეს და მის წარმომადგენელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, გაგზავნილი დოკუმენტი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, კონკრეტულ შემთხვევაში _ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

ამდენად, მითითებული ნორმების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2008 წლის 27 დეკემბერს, რადგან საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად განჩინება ი/მ “გ. კ-ის” გადასაცემად ჩაჰბარდა სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს _ მეუღლეს (იხ. ს.ფ. 114). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 6 იანვარს, მაგრამ ხარვეზის შესავსებად კერძო საჩივრის ავტორს არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ “გ. კ-ის” კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ “გ. კ-ის” კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.