Facebook Twitter

ბს-158-153(კს-09) 25 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ს. ი.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – რ. გ.-ე, ჯ. მ.-ე, ზ. კ.-ე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 05.12.08წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

17.02.05წ. ს. ი.-მ რ. გ.-ის, ჯ. მ.-ის, ზ. კ.-ის, ა.-ის თემის საკრებულოსა და ა.-ის მიწის მართვის სამმართველოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 19.11.04წ. განაჩენით რ. გ.-ს და ჯ. მ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის ზომად შეეფარდათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა გამოსაცდელი ვადით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6798 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო შეთანხმება კონკრეტულ მოპასუხეებთან მიმართებაში არ ართმევდა მოსარჩელეს სამოქალაქო სარჩელის შეტანის უფლებას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული განაჩენით დადგენილი იყო რ. გ.-ისა და ჯ. მ.-ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, რაც 59859 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, რ. გ.-ისა და ჯ. მ.-ის უკანონო ქმედებამ მოსარჩელეს მიაყენა ფიზიკური და მორალური ზიანიც, რაც იმაში გამოიხატა, რომ ნერვიულობის შედეგად მას დაუზიანდა მხედველობა, რის გამოც ოპერაცია და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა, რაზეც 3500 ლარი დაეხარჯა. ამასთან, რ. გ.-მ და ჯ. მ.-მ წააქეზეს ზ. კ.-ე და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეატანინეს, რომლითაც იგი ბრალს სდებდა ს. ი.-ს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზ. კ.-მ ხსენებული განცხადებით მას ცილი დასწამა და მოითხოვა მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემა, რის შედეგადაც მოსარჩელეს მორალური ზიანი მიადგა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზემოთ დასახელებული მსჯავრდებულები დანაშაულის ჩადენის დროს მუშაობდნენ სახელმწიფო სამსახურში, მათ განზრახ დაარღვიეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობები, ჩაიდინეს დანაშაული, რითაც მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებშიც მოპასუხეები მუშაობდნენ, კერძოდ, ...-ის თემის საკრებულო და ახალციხის მიწის მართვის სამმართველო წარმოადგენდნენ სათანადო მოპასუხეებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურება მათაც უნდა დაკისრებოდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის 59 859 ლარის, მკურნალობის ხარჯების _ 3 500 ლარის, ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 5 000 ლარისა და მორალური ზიანის _ 25 000 ლარის, სულ _ 93 359 ლარის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 02.06.05წ. გადაწყვეტილებით ს. ი.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. მ.-ს და რ. გ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 59 859 ლარის მატერიალური ზიანისა და 300-300 ლარის ოდენობით მორალური ზიანის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 02.06.05წ. გადაწყვეტილება ჯ. მ.-მ და რ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. აპელანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.07წ. საოქმო განჩინებით ...-ის თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.07წ. განჩინებით ჯ. მ.-ისა და რ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. მ.-ისა და რ. გ.-თვის სოლიდარულად 59859 ლარის მატერიალური ზიანის, 300-300 ლარის მორალური ზიანისა და სახელმწიფო ბაჟის _ 1 436 ლარის დაკისრების ნაწილში და მოცემული საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.07წ. განჩინება ს. ი.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 59859 ლარის მატერიალური ზიანისა და 300-300 ლარის ოდენობით მორალური ზიანის დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.01.08წ. განჩინებით ს. ი.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 04.06.08წ. გადაწყვეტილებით ს. ი.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ჯ. მ.-სა და რ. გ.-ს დაეკისრათ 59 859 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ი.-მ, ჯ. მ.-მ და რ. გ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.08წ. განჩინებით ს. ი.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ ს. ი.-ს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 15.08.08წ., რაც დასტურდებოდა თ. ი.-ის ხელმოწერით. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი იქნა 04.09.08წ. გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ი.-მ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო აღედგინა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ იხელმძღვანელა სსკ-ის 369-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მხარისათვის ჩაბარებად მიიჩნია სადავო გადაწყვეტილების გადაცემა თ. ი.-თვის, რომელიც არ არის ს. ი.-ის ოჯახის წევრი. ს. ი.-ის სააპელაციო საჩივარში გასაჩივრების ვადის აღდგენის შუამდგომლობა იმის გამო იქნა მითითებული, რომ ს. ი.-ს არ ახსოვდა გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი. ამის გამო შეცდომით მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილება 10.08.08წ. ჩაიბარა. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, თ. ი.-მ ს. ი.-ს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მხოლოდ 30.08.08წ. გადასცა. ამასთანავე, სასამართლომ უნდა გაითავლისწინოს, რომ ს. ი.-ის წარმომადგენელი ცხოვრობს ქ. გორში, სადაც 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა და წარმომადგენელს არ შეეძლო ს. ი.-თან შეხვედრა. სსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობის და განცხადების წარუდგენლობა სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან შუამდგომლობის წარდგენას. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა გავლენას არ ახდენს ს. ი.-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან სსკ-ის 46-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლებულები არიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურების სარჩელზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ი.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ი.-მ ახალციხის რაიონული სასამართლოს 04.06.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით 04.09.08წ. გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გადაეცა 10.08.08წ. როდესაც საომარი მდგომარეობის გამო შეუძლებელი იყო ქ. გორში მცხოვრებ მისი ინტერესების დამცველ ადვოკატთან დაკავშირება. აღნიშნულის გამო სასამართლოს მიერ დადგენილ გასაჩივრების ვადაში ვერ მოხერხდა სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აპელანტმა ვადის გაცდენის საპატიოდ ჩათვლა მოითხოვა. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერენ აპელანტი ს. ი.-ე და მისი წარმომადგენელი (ტ. II, ს.ფ. 490). აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 04.06.08წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა ს. ი.-თვის უნდა დაიწყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2008 წლის 11 აგვისტოდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ი.-მ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 04.09.08წ., გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა(ს.ფ. 479).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა სპეციალურია და განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 65-ე მუხლით, ემსჯელა გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლასა და აღდგენაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ი.-ის წარმომადგენლის ყოფნა ქ. გორში, სადაც მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, გასაჩივრების ვადის დინების შეჩერების საფუძველს არ ქმნიდა. სსკ-ის 93.2 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმის წარმოებაში. ასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადებით დადგენილია, რომ წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. განსახილველ შემთხვევაში ს. ი.-ს უფლება ჰქონდა პირადად წარედგინა სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. განსახილველ შემთხვევაში ს. ი.-ის სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ს. ი.-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ი.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.08წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.