Facebook Twitter

ბს-159-154(კს-09) 12 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ.-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 26 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. მ.-მ, მოპასუხეების_საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს, ქ.თბილისის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 12 თებერვლის ¹03.20.46 დადგენილებისა და ქ.თბილისის მერიის 1998 წლის 15 აპრილის ¹22_37 ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდის დაკისრებას, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზაურებასა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს_საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ გ. მ.-ს სასარგებლოდ, 831 დოლარის, ეკვივალენტი ლარებში გადახდა. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ...-ის ქ. ¹10-12 მდებარე ობიექტის საწყის ფასს, რომელიც გ. მ.-ს ჰქონდა გადახდილი აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ, 1998 წლის 10 თებერვალს განხორციელებული პრივატიზაციის ბათილობის შედეგად.

მოსარჩელე გ. მ.-ს უარი ეთქვა 1998 წლის 01.01_დან 2008 წლის 01.08_მდე, მის მიერ პრივატიზებული ქონების ღირებულების 831 აშშ დოლარის 3%-ის, სულ 18770 ლარის, ადვოკატების ხარჯების_5000 ლარისა და მორალური ზიანის_5000 ლარის, სულ 29379 ლარის ანაზღაურებაზე.

საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ.-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება, ამასთან აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გ. მ.-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. იმავე განჩინებით გ. მ.-ს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა, წარმოედგინა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების, 29379 ლარის 4%-ის, 1175.16 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2008 წლის 19 დეკემბერს.

2008 წლის 22 დეკემბერს გ. მ.-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო შემადგენლობის აცილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გ. მ.-ს განცხადება სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა 7 დღით და განემარტა, რომ ხარვეზის მითითებულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინება გ. მ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 24 დეკემბერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განჩინებით გ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება დააფუძნა შემდეგ მოტივაციას: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ პასუხობს ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს მხარეს ხარვეზის შევსებას, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, გ. მ.-ს განესაზღვრა საპროცესო ვადა და დაევალა წარმოედგინა სასამართლო-სათვის სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების_29379 ლარის 4%, 1175.16 ლარის გადახდის ქვითარი, დედნის სახით. ამავე განჩინებით განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად.

ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა მან სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. მ.-მ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას, იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენს აფხაზეთის ომის მონაწილეს და ორჯერ სიკვდილმისჯილს, მას უფლება წაერთვა, მოითხოვოს თუნდაც იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც სასამართლოს 2007 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით მიაკუთვნეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება- დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ.-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენს აფხაზეთის ომის ვეტერანს და მას კანონი ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან ვეტერანები, რომლებმაც ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში გ. მ.-მ სასამართლოს მიმართა არა ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად, არამედ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც არ ქმნის სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტის შემადგენლობას და შესაბამისად, ვერ იქცევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმების საფუძვლად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიოფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს მხარეს ხარვეზის შევსებას, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი დარჩება განუხილველად. გ. მ.-ს კანონის მოთხოვნათა დაცვით დაუდგინდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი, რის გამოსასწორებლადაც მას კანონმდებლობის შესაბამისად მიეცა 10 დღის ვადა, შემდგომ აღნიშნული ვადა გაუგრძელდა კიდევ 7 დღით, თუმცა გ. მ.-მ არ გამოასწორა ზემოხსენებული ხარვეზი, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განჩინება გამოტანილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.