ბს-1603-1557(კს-08) 18 თებერვალი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. და დ. გ-ების განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 12 აგვისტოს ვ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის, ქ. თბილისის მერიის, თბილისის მთავარი საპატრულო პოლიციისა და მესამე პირების _ ნ. კ-ის, გ. შ-ის, მ. მ-ისა და სხვათა მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. ¹7 და ¹9 სახლებს შორის არსებული გზის დასაწყისსა და ბოლოში მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, სახლის დაზიანებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ვ. გ-ემ და მესამე პირებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებით, მოპასუხე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობა შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – ძველი თბილისის რაიონის გამგეობით.
2008 წლის 21 იანვარს ვ. გ-ის წარმომადგენელმა – ნ. გ-ემ განცხადებით მიმართაA სააპელაციო პალატას და მოითხოვა დედის – აპელანტ ვ. გ-ის გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეჩერება.
2008 წლის 1 აპრილს ვ. გ-ის შვილებმა – მ. და ნ. გ-ებმა სასამართლოს წარუდგინეს დედის – ვ. გ-ის გარდაცვალების მოწმობის ასლი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა 2008 წლის 19 სექტემბრამდე, ვ. გ-ის გარდაცვალების გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
2008 წლის 11 ნოემბერს დ. გ-ემ განცხადება-შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა დედის – ვ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობა, ხოლო თავისი დის – ნ. გ-ის მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმა. მან განცხადებას დაურთო 2008 წლის 27 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც დ. და ნ. გ-ები არიან აწ გარდაცვლილი ვ. გ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება ვ. გ-ის სარჩელზე მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება; დ. და ნ. გ-ები მოცემულ საქმეში დავის საგნის – ქ. თბილისში, ..... ქ. ¹7 და ¹9 სახლებს შორის არსებულ გზის დასაწყისსა და ბოლოში მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისა და სახლის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი ვ. გ-ის უფლებამონაცვლეებად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. და დ. გ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და აწ გარდაცვლილ ვ. გ-ის უფლებამონაცვლედ დ. გ-ის ცნობა, ხოლო მესამე პირად, დ. გ-ის მხარეს, საქმეში ნ. გ-ის ჩაბმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ნ. და დ. გ-ების კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე დაუსაბუთებულობის მოტივით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ წარმოედგინათ დასაბუთებული კერძო საჩივარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრათ ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ 2008 წლის 23 დეკემბერს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, ... ქ. ¹9, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა პირადად ნ. გ-ეს 2008 წლის 25 დეკემბერს, ხოლო ხარვეზი გამოსწორებულ იქნა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის დარღვევით _ 2009 წლის 9 იანვარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით ნ. და დ. გ-ების კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2009 წლის 13 თებერვალს ნ. და დ. გ-ებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის არსებითად განხილვა იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა არა პირადად ნ. გ-ეს, არამედ დ. გ-ის შვილს – ხ. გ-ეს, რომელმაც კერძო საჩივრის ავტორებს განჩინება გადასცა 2009 წლის 8 იანვარს და ვერ დააკონკრეტა, როდის ჩაიბარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გზავნილი. ამ შემთხვევაში, განმცხადებლების აზრით, სასამართლოს მიერ ვადის ათვლა უნდა მოხდეს განჩინების მათზე გადაცემის და არა ამ განჩინების მათი ოჯახის წევრზე ჩაბარების დღიდან, ვინაიდან ეს იყო სასამართლოს გზავნილი, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და ნ. და დ. გ-ების განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და დ. გ-ების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის არსებითად განხილვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
ზემოაღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელიც ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული 10-დღიანი ვადა უნდა აითვალოს განჩინების არა ოჯახის რომელიმე წევრზე ჩაბარებიდან, არამედ მათზე პირადად გადაცემიდან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინების ასლის ხ. გ-თვის ჩაბარების თაობაზე, აღნიშნული ვერ იქცევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, როგორც თავად განმცხადებლები მიუთითებენ, ხ. გ-ე არის კერძო საჩივრის ავტორის – დ. გ-ის სრულწლოვანი შვილი. შესაბამისად, უწყების მითითებული პირისათვის ჩაბარება, კი ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ითვლება უწყების მხარისათვის ჩაბარებად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. და დ. გ-ების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.